ძველი აღთქმა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი მეჩვიდმეტე

1. დამასკოს განაჩენი. აჰა, წაერთმევა დამასკოს ქალაქობა და ნანგრევების გროვად იქცევა!

2. გაუდაბურდება ყაროყერის ქალაქები, ცხვრის ფარათა საძოვრებად იქცევა, დაწვებიან და ვერავინ დააფრთხობს მათ.

3. არაფერი დარჩება ეფრემის ციხე-სიმაგრისგან, დამასკოს სამეფოსგან და არამის ნატამალისგან, ისრაელიანთა დიდებას გაჰყვებიან, ამბობს ცაბაოთ უფალი.

4. იმ დღეს დაილევა იაკობის დიდება და მისი მსუქანი ხორცი დამჭლევდება.

5. იქნება ისე, თითქოს მომკელს აეღოს ყანა და მისი მკლავს მოემკას თავთავები; იქნება ისე, როგორც რეფაიმის ველზე თავთავები იკრიფება.

6. დარჩება ნამცვრევი, რამდენიც რჩება ზეთისხილის ჩამობერტყვის შემდეგ: ორი, სამი მარცვალი წვერში, ოთხი, ხუთი მსხმოიარე ტოტებზე! ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა.

7. იმ დღეს მიიხედავს ადამიანი თავისი შემოქმედისკენ და თვალებს მიაპყრობს ისრაელის წმიდას.

8. აღარ მიხედავს თავისი ნახელავი სამსხვერპლოებისკენ და თავისი თითებით ნაკეთებ აშერებს და მზეებს აღარ მოიკითხავს.

9. იმ დღეს უღრან და გაუვალ ტყეს დაემსგავსება მისი გამაგრებული ქალაქები, ისრაელიანთაგან მიტოვებული, და გაუდაბურდება.

10. რადგან დავიწყებული გყავს შენი ხსნის ღმერთი და კლდე შენი სიმტკიცისა აღარ გახსოვს; რადგან გაგიშენებია ნეტარების ბაღები და უცხო ვაზი ჩაგიყრია.

11. იმ დღეს ააღორძინებს შენს დარგულს და იმ დილას ააყვავებ შენს დათესილს, მაგრამ ალოობისას უკურნებელ მწუხარებას მოიმკი.

12. ვაი, ხმაურს დიდძალი ხალხისა! ხმაურობენ ზღვის ხმაურით. ვაი, ხალხების ღრიალს! ღრიალებენ ადიდებული წყლის ღრიალით.

13. ხალხები ღრიალებენ ადიდებული წყლის ღრიალით; დააფრთხობს მათ და შორს გაიქცევიან, გაიხვეტებიან, ქარისაგან, როგორც მთაზე თივის ბულული და ბზის მტვერი ქარბორბალასგან.

14. დადგება მწუხრი და, აჰა, დაეცემა შიშისზარი და განთიადამდე ვეღარ გაძლებს. ასეთია ჩვენი მტარვალების ხვედრი და ჩვენი მძარცველების წერა.