ძველი აღთქმა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი ოცდამესამე

1. ტვიროსის განაჩენი. ივალალეთ, თარშიშის ხომალდებო, რადგან დაქცეულია ტვიროსი, აღარც სახლებია, აღარც მისასვლელი! ქითიმის ქვეყნიდან გამოეცხადა მას.

2. დადუმდით, ზღვისპირეთის მცხოვრებნო, და შენ, ვინც ივსებოდი ზღვათა დამლახველი ციდონელი ვაჭრებით!

3. დიდი წყლებით მისდიოდა შიხორის მარცვალი ნილოსის ნამკალი - მისი ჭირნახული, და იყო ხალხების ბაზარი.

4. გრცხვენოდეს, ციდონო! რადგან ზღვამ თქვა, ზღვის ძალა ამბობს: სალმობაში არ ვყოფილვარ და არც მიშვია, ვაჟკაცები არ გამომიკვებავს და ქალწულები არ გამიზრდია.

5. როგორც კი მიაწევს ხმა ეგვიპტემდე, შეძრწუნდებიან ტიროსის გამო.

6. თარშიშში წადით, ივალალეთ, ზღვისპირეთის მცხოვრებნო!

7. ეს არის თქვენი მოზეიმე ქალაქი, რომელსაც ძველ დღეებში აქვს დასაბამი? საკუთარი ფეხით გადაიხვეწება შორეთში!

8. ვინ გადაუწყვიტა ეს ტვიროსს, გვირგვინთა მიმნიჭებელს, რომლის ვაჭრები მთავრები არიან და მისი სოვდაგრები - ქვეყნის დიდებულნი?

9. ცაბაოთ უფალმა გადაუწყვიტა ეს, რომ გაეცუდებინა ყოველი მშვენების სიამაყე და დაემცირებინა ქვეყნის დიდებულნი.

10. გადაიარე ნილოსივით შენი მიწა, თარშიშის ასული, სხვა გასასვლელი აღარ არის!

11. ხელი მოუღერა ზღვას და შეძრა სამეფოები; უფალმა ბრძანა ქანაანზე, დაექციათ მისი ციხე-სიმაგრენი.

12. თქვა: ვეღარ იზეიმებ, ციდონის ქალწულო, დათრგუნულო, ადექი, ქითიმში გადადი, მაგრამ იქაც არ გექნება საშველი.

13. აჰა, ქალდეველთა ქვეყანა! ადრე არ იყო ეს ხალხი. აშურმა დააფუძნა ის ველურთაგან. მიადგეს კოშკები და დაამხეს მისი სასახლეები, ნანგრევებად აქციეს.

14. ივალალეთ, თარშიშის ხომალდებო, რადგან იავარქმნილა თქვენი სიმტკიცე!

15. იმ დღიდან იქნება, რომ არავის ემახსოვრება ტვიროსი სამოცდაათ წელიწადს ერთი მეფის ზეობის კვალობაზე. სამოცდაათი წლის ბოლოს აუხდება ტიროსს მეძავის სიმღერა.

16. აიღე ქნარი, მოიარე ქალაქი, დავიწყებულო მეძავო; დაუკარ ტკბილად, ბევრი იმღერე, რომ გაგიხსენონ!

17. სამოცდაათი წლის თავზე მოხედავს უფალი ტვიროსს და ისიც დაიბრუნებს თავის გასამრჯელოს; დაიწყებს ბოზობას ქვეყნიერების ყველა სამეფოსთან დედამიწის ზურგზე.

18. მისი ნავაჭრი და გასამრჯელო უფლისათვის იქნება შეწირული. არც დაუნჯდება, არც დაიბეჭდება, რადგან უფლის წინაშე მცხოვრებთათვის იქნება მისი ნავაჭრი, რომ მაძღრისად ჭამონ და დიდებულად შეიმოსონ.