ძველი აღთქმა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეცხრე

1. ვაი არიელს, არიელს, ქალაქს, დავითი სადაც დაბანაკდა! მიუმატე წელიწადს წელიწადი, ერთმანეთს მიჰყვეს დღესასწაულები.

2. შევაჭირვებ არიელს, ატყდება ვაი და ვიში და არიელად შეიქნება ჩემთვის.

3. ბანაკად შემოგადგები ირგვლივ და კოშკებს შემოგავლებ, გოდოლებს აღვმართავ შენს წინააღმდეგ.

4. ჩაიფლობი, მიწიდან დაიწყებ ლაპარაკს და ჩაიხშობა შენი ნათქვამი, ლანდივით ამოვა შენი ხმა მიწიდან და მტვერიდან აჩურჩულდება შენი ნათქვამი.

5. მტვრის კორიანტელივით იქნება შენი ურიცხვი მტერი და განიავებულ ბზესავით - ურიცხვი მტარვალი. მოხდება უცბად ანაზდეულად.

6. ცაბაოთ უფალი გამოგეცხადება გრგვინვით და მიწისძვრით და მაღალი ხმით, ქარიშხლით და გრიგალით და შემჭმელი ცეცხლის ალით.

7. სიზმარივით, ღამეულ ჩვენებასავით იქნება არიელზე გალაშქრებული დიდძალი ხალხი და ყველა, ვინც თავს ესხმის მას და მის ციხე-სიმაგრეებს, ვინც მას აჭირვებს.

8. როგორც მშიერს ესიზმრება, თითქოს ჭამდეს, გაეღვიძება და, აჰა, ცარიელი აქვს მუცელი; როგორც მწყურვალს ესიზმრება, თითქოს სვამდეს, გაეღვიძება და, აჰა, ღონემიხდილია და სწყურია მის სულს. ასე იქნება დიდძალი ხალხი, რომელიც თავს ესხმის სიონის მთას.

9. თავი გაიშტერეთ და გაშტერდით! თავი დაიბრმავეთ და დაბრმავდით! მთვრალები არიან, მაგრამ არა ღვინით, ბარბაცებენ, მაგრამ არა თაფლუჭით.

10. რადგან გადმოღვარა თქვენზე უფალმა ძილქუშის სული და დაგიხუჭათ თვალები, წინასწარმეტყველნო, და დაგიფარათ თავები, მისნებო.

11. იქნება თქვენთვის მთელი ეს ხილვა როგორც დაბეჭდილი წიგნის სიტყვები, რომელსაც აძლევენ წიგნის მცოდნეს და ეუბნებიან: წაიკითხე, ის კი ამბობს: არ შემიძლია, რადგან დაბეჭდილია წიგნი.

12. ეძლევა წიგნი წიგნის უცოდინარს და ეუბნებიან: წაიკითხე, ის კი ამბობს; არ ვიგი წიგნი.

13. თქვა უფალმა: რაკი პირით მომიახლოვდა ეს ხალხი და ბაგით მადიდებს მხოლოდ, გულით კი შორს არის ჩემგან და გაზეპირებულ ანდერძად ექცათ ჩემდამი მოწიწება,

14. ამიტომ, აჰა, საკვირველს რასმე მოვახდენ ამ ხალხზე, გასაოცარს და საკვირველს; დაიკარგება მათ ბრძენთა სიბრძნე და მათ გონიერთა გონიერება უჩინო იქნება.

15. ვაი მათ, ვინც ღრმად მალავენ უფლისაგან თავიანთ ზრახვებს და ბნელში აქვთ თავიანთი საქმეები, და ამბობენ: ვინ არის ჩვენი დამნახველი, ვინ არის ჩვენი მცნობელი?

16. თქვე უკუღმართებო! თუ შერაცხილა თიხა მექოთნის სწორად? თუ უთქვამს შექმნილს შემქმნელისთვის, ან შეგიქმნივარო? თუ უთქვამს ნასახს დამსახველისთვის, გაგება არ გაქვსო?

17. ცოტაც, სულ ცოტაც და გადაიქცევა ლიბანი ხოდაბუნად და ხოდაბუნი მაღნარად შეირაცხება.

18. გაიგონებენ იმ დღეს ყრუები წიგნის სიტყვებს და ბრმათა თვალები ბნელიდან და უკუნიდან გამოიხედავენ.

19. ბედშავს მოემატება სიხარული უფალში და ღარიბი-ღატაკნი ისრაელის წმიდაში გაიხარებენ.

20. რადგან აღარ იქნება მტარვალი და ბოლო მოეღება მაგინებელს, ამოწყდებიან ერთიანად ბოროტ საქმეზე მღვიძარენი;

21. რომლებიც სიტყვით აცთუნებენ ადამიანს, მახეს უგებენ კარიბჭესთან მომჩივანს და არაფრის გულისთვის აძევებენ მართალს.

22. ამიტომ ასე ეუბნება უფალი იაკობის სახლს, აბრაამის გამომსყიდველი: ამიერიდან არ იქნება შერცხვენილი იაკობი, ამიერიდან არ გაუფითრდება სახე.

23. რადგან როცა დაინახავს თავის მონაგარს, ჩემს ხელთა ქმნილებას, თავის წიაღში, წმიდაყოფენ ჩემს სახელს, წმიდაყოფენ იაკობის წმიდას და ისრაელის ღვთის შიში ექნებათ.

24. ჭკუადაბნეულნი გონს მოეგებიან და ჭირვეულნი დაიმოძღვრებიან.