ძველი აღთქმა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეთოთხმეტე

1. ახლოს მოდით, ერებო, რომ გაიგონოთ! ყურადღებით იყავით, ხალხებო! გაიგონოს მიწამ და მისმა სავსებამ, ქვეყანამ და ყოველმა მისმა აღმონაცენმა!

2. რადგან უფლის რისხვაა ყველა ერზე და გაცეცხლება მთელს მათ მხედრობაზე; შერისხა ისინი, დასახოცად გასწირა.

3. მათი დახოცილები გადაიყრებიან, მათი გვამები სიმყრალეს აუშვებენ და მთები დალბებიან მათი სისხლისგან.

4. დალბება ცის მთელი მხედრობა და ცა ეტრატივით დაიგრაგნება, ჩამოცვივა მთელი მხედრობა, როგორც ფურცელი ცვივა ვაზს და მჭკნარი ფოთოლი - ლეღვის ხეს.

5. რადგან დაითრო ცაში ჩემი მახვილი; აჰა, დაეშვება ის ედომზე და ჩემგან შერისხულ ხალხზე დასასჯელად.

6. უფლის მახვილი სავსეა სისხლით, გაპოხილია ქონით, კრავთა და თიკანთა სისხლით, კერძების თირკმელთა ქონით; რადგან მსხვერპლშეწირვა აქვს უფალს ბოცრაში და დიდი ხოცვა ედომის მიწაზე.

7. კამეჩები დაეცემიან მასთან ერთად და ხბორები ხარებთან ერთად, დაითრობა სისხლით მიწა და ქონით გაიპოხება მისი მტვერი.

8. რადგან შურისგების დღე აქვს უფალს, ნაცვალგების წელი სიონის სარჩელისთვის.

9. მისი ხევები კუპრად გადიქცევა და მისი მტვერი - გოგირდად, მისი მიწა მოგიზგიზე კუპრი გახდება.

10. არ ჩაქრება არც დღე, არც ღამე; უკუნისამდე იდინებს კვამლი, თაობიდან თაობამდე უკაცრიელი იქნება და არავინ იქნება იქ გამვლელი სამარადისოდ.

11. ჭოტი და ზღარბი დაიმკვიდრებენ მას, ბუკიოტი და ყორანი დაიბუდებენ მასში; გასჭიმავს მასზე უსახურობის ლარს და უდაბურობის შვეულს.

12. მისი აზნაურნი სამეფოს ვერ გამოაცხადებენ იქ; მისი მთავარნი გადაშენდებიან.

13. მის დარბაზებში ეკალი ამოვა, ქაცვი და ძეძვი - მის ციხე-სიმაგრეებში, ტურების სადგომად იქცევა და სირაქლემათა საცხოვრებლად.

14. ყოველი ჯურის მხეცი შეეყრება ერთმანეთს, ოჩოკოჩი ოჩოკოჩს დაუწყებს ხმობას; აქ დაიბუდებს ალი და იპოვის სადგურს.

15. აქ მოიკალათებს გველი, დაყრის კვერცხეხს, გამოჩეკავს და თავის ჩრდილში მოუყრის თავს; აქ მოიყრიან თავს ძერები სათითაოდ.

16. მოძებნეთ უფლის წიგნში და წაიკითხეთ: არცერთი მათგანი არ დააკლდება, სათითაოდ საძებარნი არ იქნებიან, რადგან თავად მისმა ბაგემ ბრძანა და მისმა სულმა თავი მოუყარა.

17. მან უყარა მათ წილი და მისმა ხელმა დაუდგინა საზღვარი; საუკუნოდ დაიმკკიდრებენ მას, თაობიდან თაობამდე იქ იცხოვრებენ.