ძველი აღთქმა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი მეოთხე

1. ჩაებღაუჭება შვიდი დედაკაცი ერთ მამაკაცს იმ დღეს და ეტყვის: ჩვენ ჩვენს პურს შევჭამთ და ჩვენი საკუთარი სამოსელით შევიმოსებით, ოღონდ შენი სახელი დაგვეწეროს, აგვხადე სირცხვილი.

2. იმ დღეს იქცევა უფლის მორჩი მშვენებად და პატივად, და მიწის ნაყოფი ღირსებად და დიდებად ისრაელის ნატამალისთვის.

3. სიონს შემონახული და იერუსალიმში დარჩენილი წმიდად იქნება წოდებული ყველა, ვინც განწესებულია იერუსალიმში სასიცოცხლოდ,

4. როცა ჩამორეცხავს მეუფე მწვირეს სიონის ასულებს და გაწმედს იერუსალიმის წიაღს სისხლისაგან განკითხვის სულით და ხანძრის სულით.

5. მაშინ შექმნის უფალი სიონის მთის ყოველ ადგილზე და ყოველ საკრებულოს თავზე ნისლსა და კვამლს დღისით და ცეცხლის ნათებას ღამით, რადგან ყოველ დიდებას საფარველი გადაეფარება.

6. კარავი ჩრდილად იქნება დღის პაპანებაში და თავშესაფრად და საყუდრად ავდარსა და წვიმაში.