ძველი აღთქმა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი ორმოცდამეთვრამეტე

1. ხმამაღლა იყვირე, თავს ნუ დაიზოგავ; ბუკივით აღიმაღლე ხმა და გამოუცხადე ჩემს ხალხს მისი დანაშაული და იაკობის სახლს მისი ცოდვები.

2. ყოველდღე მეძებენ მე და ჩემი გზების გაგება სურთ იმ ხალხის მსგავსად, სიმართლით რომ იქცევიან და თავიანთი ღმერთის სამართალს არ ივიწყებენ; მართალს სამართალს მეკითხებიან და ღმერთთან სიახლოვე სურთ.

3. რისთვის ვმარხულობთ, თუკი არ გვხედავ? რისთვის ვიტანჯავთ თავს, თუკი არ გვამჩნევ? აჰა, მარხვის დროს სიამეს ეძებთ და ყოველგვარ ჟინს იკლავთ.

4. აჰა, მარხულობთ, რომ იდავოთ და იშუღლოთ, და ბოროტად ურტყათ მუშტები, არ მარხულობთ როგორც დღეს, რათა ცას მისწვდეს თქვენი ხმა.

5. განა ასეთი მარხვაა სასურველი ჩემთვის, როცა კაცი თავს იტანჯავს და ლერწამივით ხრის თავს და ქვეშ ჯვალო და ნაცარი აქვს დაგებული? განა ამას ჰქვია მარხვა და უფლის სათნო დღე?

6. განა ეს არ არის მარხვა, მე რომ ავირჩიე: რომ დახსნა ბოროტების საკვრელნი, დაწყვიტო უღლის აპეურები, თავისუფლად გაუშვა დათრგუნვილნი და დალეწო ყველა უღელი?

7. რომ მშიერს გაუყო შენი პური და უსახლკარო ღარიბ-ღატაკნი სახლში შეიყვანო, რომ შემოსო შიშველი, როცა დაინახავ, და შენს სისხლსა და ხორცს არ დაემალო?

8. მაშინ განთიადივით გამობრწყინდება შენი ნათელი და დაჩქარდება შენი განკურნება, შენი სიმართლე წაგიძღვება წინ და უფლის დიდება უკან გამოგყვება.

9. მაშინ მოუხმობ და ხმას გაგცემს უფალი; შეჰღაღადებ და იტყვის: აქ ვარ! თუ შეწყვეტ ჩაგვრას, ცილისწამებას და ავსიტყვაობას;

10. თუ სულს არ დაიშურებ მშიერისთვის და ტანჯულ კაცს გულს მოუფონებ, წყვდიადში ამოგიბრწყინდება ნათელი და შენი ბნელი შუადღესავით იქნება.

11. უფლის მიერ იქნები მუდამ ნატარები და გვალვებში სულს დაგიამებს; ძვლებს გაგიმაგრებს და იქნები მორწყული ბაღივით და წყაროსავით, რომლის წყლები არასოდეს დაშრება.

12. აგიშენდება ძველი ნაოხარნი, აღადგენ ძველისძველ საძირკვლებს და დაგერქმევა დანგრეულის ამშენებელი, გზათა განმაახლებელი მკვიდრი ხალხისათვის.

13. თუ შეაბრუნებ შენს ფეხს შაბათისგან, რომ დათრგუნო სურვილი ჩემს წმიდა დღეს, შერაცხავ შაბათს სანეტაროდ და უფლის წმიდად მის განსადიდებლად, და პატივს მიაგებ მას, არ მოიქცევი შენი ჩვეულებით, სურვილს არ აისრულებ და ფუჭსიტყვაობას არ მოჰყვები,

14. მაშინ ინეტარებ უფალში, დედამიწის მაღლობებზე დაგსვამ და იაკობის, მამაშენის, მემკვიდრეობით გამოგკვებავ, რადგან უფლის ბაგეებმა ბრძანა.