ძველი აღთქმა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი მესამოცე

1. აღდექ, განათდი, რადგან მოაწია შენმა ნათელმა და უფლის დიდება გაბრწყინდა შენზე.

2. რადგან, აჰა, წყვდიადი დაფარავს ქვეყანას და ბნელი - ხალხებს, შენზე კი უფალი ინათებს და მისი დიდება გამოგეცხადება.

3. ხალხები მოვლენ შენს ნათელზე და შენი სხივის ელვარებაზე.

4. ირგვლივ მოატარე თვალი და იხილე: ყველანი შეკრებილან და შენსკენ მოდიან; შენი ვაჟები შორიდან მოვლენ და შენს ასულებს მხრებით მოიყვანენ.

5. მაშინ დაინახავ და გაბრწყინდები, აგიძგერდება და გაგეხსნება გული, რადგან შენკენ მოიქცევა ზღვის სიუხვე და ხალხთა დოვლათი შენთან მოვა.

6. უამრავი აქლემები დაგფარავენ, მიდიანის და ყეფას კოზაკები; ყველანი შებადან მოვლენ, ოქროსა და გუნდრუკს მოგიტანენ და უფლის სადიდებლებს გააცხადებენ.

7. კედარის მთელი ცხვარი შენთან შეგროვდება, ნებაიოთის ვერძები შენს სამსახურში იქნებიან, ნებით ავლენ ჩემს სამსხვერპლოზე და ჩემი დიდების სახლს განვადიდებ.

8. ვინ არის, ღრუბელივით რომ მოფრინავს და მტრედივით თავისი სამტრედისკენ?

9. რადგან მე მელიან ზღვისპირელნი, თარშიშის ხომალდები სათავეში დგანან, რომ შორიდან მომიყვანონ შენი ვაჟები მათ ვერცხლთან და ოქროსთან ერთად უფლის, შენი ღვთის სახელისთვის და ისრაელის წმიდისათვის, რადგან მან განგადიდა შენ.

10. ააშენებენ უცხოთა ძენი შენს კედლებს და მათი მეფენი დაგიწყებენ სამსახურს; თუმცა რისხვით გგვემე, მაგრამ სიყვარულით შეგიბრალებ.

11. მუდამ ღია იქნება შენი კარიბჭენი, არ ჩაიკეტება დღითა და ღამით, რათა მოგიტანონ ხალხთა დოვლათი და მათი მეფეები მოგიყვანონ.

12. რადგან ხალხი და სამეფო, რომელიც არ დაგემორჩილება, დაიღუპება და ეს ხალხები განადგურდებიან.

13. ლიბანის დიდება შენთან შოვა, ალვა, ნეკერჩხალი და ბზა - ერთიანად, ჩემი საწმიდარის ადგილის გასამშვენებლად, რომ ჩემი კვარცხლბეკი განვადიდო.

14. ქედმოხრილნი მოვლენ შენს წინაშე შენი მჩაგვრელების შვილები და შენს ფეხთა ტერფებთან დაემხობა ყველა შენი მოძულე; გიწოდებენ საუფლო ქალაქს, სიონს ისრაელის წმიდისა.

15. ნაცვლად იმისა, რომ იყო მიტოვებული და მოძულებული, ვისაც არავინ ეკარება, საუკუნო მშვენებად გაგხდი, სიხარულად თაობიდან თაობაში.

16. ხალხთა ღალით გამოიკვებები და მეფეთა დოვლათით გამოიზრდები, და გეცოდინება, რომ მე ვარ უფალი, შენი მხსნელი და გამომსყიდველი, იაკობის ძლიერი.

17. სპილენძის ნაცვლად ოქროს მოგიტან და რკინის ნაცვლად მოგიტან ვერცხლს, ხეების ნაცვლად - სპილენძს და ქვების ნაცვლად - რკინას. შენს განმგებელად მშვიდობას გავხდი და ზედამხედველად - სიმართლეს.

18. აღარ გაისმება ძალადობა შენს ქვეყანაში, ძარცვა და გლეჯა - შენს საზღვრებში; ხსნას უწოდებ შენს კედლებს და სადიდებეღას - შენს კარიბჭეებს.

19. დღისით მზე აღარ გექნება მნათობად და არც მთვარის ბრწყინვალება გაგინათებს: უფალი გეყოლება საუკუნო მნათობად და შენი ღმერთი - შენს დიდებად.

20. აღარ ჩაესვენება შენი მზე და შენი მთვარე აღარ დაცხრება, რადგან უფალი გეყოლება საუკუნო მნათობად და შენი გლოვის დღეები დასრულდება.

21. შენი ერი ერთიანად მართალი იქნება და საუკუნოდ დაიმკვიდრებს ქვეყანას ჩემი დარგული მორჩი, ჩემ ხელთა ქმნილება, რათა იდიდოს.

22. მცირე ათასად გადაიქცევა და უმრწემესი - ძლიერ ხალხად. მე, უფალი, თავის დროზე დავაჩქარებ ამას.