ძველი აღთქმა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი სამოცდამეორე

1. სიონის გამო არ დავდუმდები და იერუსალიმის გამო არ დავმშვიდდები, ვიდრე ნათელივით არ გამოჩნდება მისი სიმართლე და ანთებული ლამპარივით მისი ხსნა.

2. დაინახავენ ხალხები შენს სიმართლეს - და ყოველი მეფე შენს დიდებას; გიწოდებენ ახალ სახელს, რომელსაც უფლის ბაგეები გამოკვეთენ.

3. იქნები მშვენების შარავანდად უფლის ხელში და სამეფო გვირგვინად შენი ღვთის მარჯვენაში.

4. აღარ დაგიძახებენ მიტოვებულს და შენს ქვეყანას აღარ დაერქმევა უკაცრიელი, რადგან გეწოდება ჩემი სასურველი და შენს ქვეყანას - დაპატრონებული, რადგან შენ ჰსურხარ უფალს და ქვეყანას პატრონი ეყოლება.

5. როგორც ყმაწვილი ეპატრონება ქალწულს, ასე დაგეპატრონებიან შენი შვილები; როგორც ხარობს სიძე დედოფლით, ასე გაიხარებს შენით შენი ღმერთი.

6. შენს გალავანზე, იერუსალიმო, დავაყენე ყარაულები; არასოდეს დადუმდებიან, არც დღისით, არც ღამით. უფლის გამახსენებელნო, ნუ დაიდუმებთ!

7. ნუ მოასვენებთ მას, ვიდრე არ დაამყარებს იერუსალიმს და არ გახდის მას სადიდებლად ქვეყანაზე.

8. დაიფიცა უფალმა თავისი მარჯვენა და მკლავი თავის ძლიერების. თუ მივცე კვლავ ხორბალი საზრდოდ შენს მტრებს და თუ შესვან უცხოთა შვილებმა შენი ღვინო, შენი ჭირნახული!

9. რადგან მისი მომკალნი თავად შეჭამენ მას და იტყვიან უფლის ქებას; მისი მკრეფელნი თავად შესვამენ ჩემი საწმიდარის ეზოებში.

10. შედით, შედით, კარიბჭეებში, გაუმზადეთ სავალი ხალხს! მოასწორეთ, მოასწორეთ გზა, გაწმიდეთ ქვებისგან! დროშა აღუმართეთ ხალხებს.

11. აჰა, გამოუცხადა უფალმა ქვეყნის კიდეებს: უთხარით სიონის ასულს: აჰა, მოდის შენი ხსნა. აჰა, მასთანვეა მისი საზღაური და მის წანაა მისი გასამრჯელო!

12. დაარქმევენ მას: წმიდა ერი, უფლის გამოსყიდული. შენ კი დაგერქმევა: მოძებნილი ქალაქი, მიუტოვებელი.