ძველი აღთქმა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი მეთერთმეტე

1. ამიტაცა სულმა და მიმიყვანა უფლის სახლის აღმოსავლეთ კარიბჭესთან, რომელიც აღმოსავლეთისკენ იყურება. და, აჰა, კარიბჭის შესასვლელთან ოცდახუთი კაცია და დავინახე მათ შორის იაზანია ყაზურის ძე და ფელატიაჰუ ბენაიაჰუს ძე - ხალხის მთავრები.

2. მითხრა: ადამის ძევ! ეს კაცები ავის მზრახველები არიან და ბოროტ რჩევას იძლევიან ამ ქალაქში.

3. ამბობენ: არ დამდგარა დრო სახლების შენებისა; ქვაბია ეს ქალაქი, ჩვენ კი ხორცი ვართო.

4. ამიტომ უწინასწარმეტყველე მათ, უწინასწარმეტყველე, ადამის ძევ!

5. დამეცა უფლის სული და მითხრა: თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი: ასე და ასე ლაპარაკობთ, ისრაელის სახლო, და რაც ფიქრად მოგდით, ვიცი მე.

6. ბევრი გყავთ დახოცილი ამ ქალაქში და ქუჩები ავსებული გაქვთ დახოცილებით.

7. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: თქვენი დახოცილები, რომლებიც იქ დაგიყრიათ, ხორცია, ქალაქი კი - ქვაბი; თქვენ კი გაგიყვანთ იქიდან.

8. მახვილის გეშინიათ და მახვილს მოგივლენთ! ამბობს ღმერთი.

9. გაგიყვანთ იქიდან და უცხოთესლის ხელში ჩაგაგდებთ; და განვსჯი თქვენს სამართალს.

10. მახვილით დაეცემით, ისრაელის საზღვარზე განგსჯით თქვენ და მიხვდებით, რომ უფალი ვარ.

11. ქალაქი არ იქნება თქვენთვის ქვაბი და თქვენც არ იქნებით მასში ხორცად; ისრაელის საზღვარზე განგსჯით თქვენ,

12. და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, ვის წესებზეც არ გივლიათ და ვის რჯულზეც არ მოქცეულხართ; იმ ხალხების რჯულზე იქცეოდით, თქვენს გარშემო რომ არიან!

13. როცა ეს ვიწინასწარმეტყველე, მოკვდა ფელატიაჰუ ბენაიას ძე და მე პირქვე დავემხე, შევღაღადე მაღალი ხმით და ვთქვი: ვაგლახ, უფალო ღმერთო! ნუთუ ბოლო უნდა მოუღო ისრაელის ნატამალს?

14. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

15. ადამის ძევ! თქვენი ძმები, ძმები არიან ისინი, თქვენი სისხლით ნათესავნი და მთელი ისრაელის სახლი მთლიანად, რომელთაც ეუბნებიან იერუსალიმის მკვიდრნი: უფლისგან არიან განმდგარნი ეს ქვეყანა ჩვენ მოგვეცა სამკვიდროდო!

16. ამიტომ უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: თუმცა გადავკარგე ისინი ხალხთა შორის და თუმცა მიმოვფანტე ქვეყნებში, მაინც ვიქნები მათთვის საწმიდარი, თუნდაც მცირე, იმ ქვეყნებში, სადაც წავიდნენ.

17. ამიტომ უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: შეგკრებთ ყველას ხალხებიდან და შეგაგროვებთ ქვეყნებიდან, სადაც მიმოფანტული მყავხართ, და თქვენ მოგცემთ ისრაელის მიწას.

18. მივლენ იქ და წარხოცავენ მისგან ყოველგვარ სიბილწეს და ყოველგვარ სისაძაგლეს.

19. მივცემ მათ ერთ გულს და ახალ სულს ჩაგიდგამთ თქვენ; ამოვართმევ მათ ქვის გულს სხეულიდან და ხორცის გულს მივცემ,

20. რათა ჩემს წესებზე იარონ, ჩემი რჯული დაიცვან და შეასრულონ. მაშინ ჩემი ხალხი იქნება ისინი და მე მათი ღმერთი ვიქნები.

21. ხოლო ვისაც თავის სიბილწეებისკენ და სისაძაგლეებისკენ მიუდის გული, მათსავე საქმეებს დავატეხ თავზე, ამბობს უფალი ღმერთი.

22. გაშალეს ქერუბიმებმა ფრთები და ბორბლებიც მათ გაუსწორდა, და ისრაელის ღმერთის დიდება იყო მაღლა, მათ ზემოთ.

23. აიმართა უფლის დიდება ქალაქიდან და დაადგა მთას ქალაქის აღმოსავლეთით რომ არის.

24. სულმა ამიტაცა და ხილვაში, ღვთის სულით, მიმიყვანა ქალდეაში გადასახლებულებთან. და გამშორდა ხილვა, რომელიც ვიხილე.

25. მერე ვუამბე გადასახლებულებს ყველაფერი, რაც უფალმა მახილვინა მე.