ძველი აღთქმა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი მეოცე

1. მეშვიდე წელს, მეხუთე თვის ათში, მოვიდნენ კაცები ისრაელის უხუცესთაგან, რომ შეკითხოდნენ უფალს, და დასხდნენ ჩემს წინაშე.

2. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

3. ადამის ძევ! ელაპარაკე ისრაელის უხუცესებს და უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ჩემს შესაკითხად არ მოხვედით? ვფიცავ, თუ შეგეკითხვინოთ, ამბობს უფალი ღმერთი.

4. განსჯი მათ, განსჯი, ადამის ძევ? ჯერ გააგებინე მათი მამების სისაძაგლენი.

5. და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: იმ დღეს, როცა ავირჩიე ისრაელი და ხელი აღვმართე იაკობის სახლის მოდგმისთვის, გამოვუცხადე თავი ეგვიპტის ქვეყანაში და ხელი აღვმართე მათთვის და ვთქვი: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი-მეთქი,

6. იმ დღეს აღვმართე მათთვის ხელი, რომ წამეყვანა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან ქვეყანაში, რომელიც შევიგულე მათთვის, სადაც მოედინება რძე და თაფლი, და ყოველი ქვეყნის მშვენებაა.

7. ვუთხარი მათ: მოიშოროს თითოეულმა თქვენგანმა სიბილწენი, თვალწინ რომ აქვს, და ეგვიპტის კერპებით ნუ გაიუწმიდურებს თავს! მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი-მეთქი.

8. მაგრამ ამიჯანყდნენ და არ უნდოდათ ჩემი მოსმენა; არავის მოუშორებია სიბილწენი, თვალწინ რომ ჰქონდათ, და არ მიუტოვებიათ ეგვიპტის კერპები. ვთქვი, რისხვას გადმოვანთხევ მათზე, რომ ჩემი ბრაზი მოვიკლა-მეთქი ეგვიპტის ქვეყანაში.

9. მაგრამ ჩემი სახელის გულისთვის, რომ არ შელახულიყო იმ ხალხის თვალში, რომლის შორისაც იყვნენ ისინი და რომლის თვალწინაც გავუცხადე მათ ჩემი თავი, ისე მოვიქეცი, რომ ეგვიპტის ქვეყნიდან გამომეყვანა ისინი.

10. გამოვიყვანე ეგვიპტის ქვვყნიდან და უდაბნოში მივიყვანე;

11. მივეცი ჩემი წესები და გამოვუცხადე ჩემი სამართალი, რომელიც უნდა შეასრულოს ადამიანმა, რომ ცოცხალი დარჩეს.

12. მივეცი შაბათებიც, რომ ჰქონოდათ ნიშნად ჩემსა და თავიანთ შორის, რომ სცოდნოდათ, რომ უფალი ვარ, მათი განმწმედელი.

13. მაგრამ ამიჯანყდა ისრაელის სახლი უდაბნოში, არ მიჰყვებოდა ჩემს წესებს და შეიძულა ჩემი სამართალი, რომელიც უნდა შეესრულებინა, რომ ეცოცხლა; და შელახა მეტისმეტად ჩემი შაბათები. ვთქვი, გადმოვანთხევ-მეთქი მათზე რისხვას უდაბნოში მათ დასაღუპად.

14. მაგრამ ჩემი სახელის გულისათვის ვმოქმედებდი, რომ არ შელახულიყო იმ ხალხის თვალში, რომელთა თვალწინ გამოვიყვანე ისინი.

15. მაინც აღვმართე ხელი უდაბნოში მათ წინააღმდეგ, რომ არ მიმეყვანა იმ ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი, და ყოველი ქვეყნის მშვენებაა;

16. რაკი შეიძულეს ჩემი სამართალი და ჩემს წესებს არ მიჰყვებოდნენ, და შელახეს ჩემი შაბათები, რადგან მათი კერპებისკენ მიუწევდათ გული.

17. მაგრამ ვერ გაიმეტა ისინი ჩემმა თვალმა დასაღუპავად და ვერ გავწყვიტე ისინი უდაბნოში.

18. ვუთხარი მათ შვილებს უდაბნოში: თქვენი მამების წესებს ნუ მიჰყვებით, მათ სამართალს ნუ იცავთ, მათი კერპებით თავს ნუ იუწმიდურებთ-მეთქი.

19. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი; ჩემს წესებს მიჰყევით, ჩემი სამართალი დაიცავით და შეასრულეთ-მეთქი;

20. წმიდად შეინახეთ ჩემი შაბათები, რომ გქონდეთ ნიშნად ჩემსა და თქვენს შორის, და იცოდეთ, რომ მე უფალი ვარ, თქვენი ღმერთი.

21. მაგრამ ამიჯანყდნენ შვილები, ჩემს წესებს არ მიჰყვებოდნენ, არ იცავდნენ და არ ასრულებდნენ ჩემს სამართალს, რომელიც უნდა შეასრულოს ადამიანმა, რომ იცოცხლოს, და შელახეს ჩემი შაბათები. ვთქვი, გადმოვანთხევ მათზე ჩემს რისხვას და მათზე მოვიკლავ-მეთქი ჩემს ბრაზს უდაბნოში;

22. მაგრამ უკან შევაბრუნე ხელი და ვმოქმედებდი ჩემი სახელის გულისთვის, რომ არ შელახულიყო იმ ხალხის თვალში, რომელთა თვალწინ გამოვიყვანე ისინი.

23. მაინც აღვმართე ხელი მათ წინააღმდეგ უდაბნოში, რომ გამეფანტა ისინი ხალხებში და სხვადასხვა ქვეყნებში გამებნია;

24. რაკი ჩემს სამართალს არ ასრულებდნენ და ჩემი წესები შეიძულეს, ჩემი შაბათები შელახეს და თავიანთი მამების კერპებისკენ ეჭირათ თვალი,

25. მეც მივეცი მათ უვარგისი წესები და სამართალი, რომლითაც ვერ იცოცხლებდნენ;

26. გავაუწმიდურე ისინი შესაწირავებით, ყოველი პირველშობილის გატარებით ცეცხლში, რომ გამეჩანაგებინა ისინი, რომ მიმხვდარიყვნენ, რომ უფალი ვარ.

27. ამიტომ ელაპარაკე ისრაელის სახლს, ადამის ძევ, და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: კიდევ ამით შემბღალეს თქვენმა მამებმა, ვერაგულად რომ იქცეოდნენ ჩემს მომართ.

28. მივიყვანე იმ ქვეყანაში, რომლის მიცემას ხელის აღმართვით დავპირდი მათ; მათ კი მონახეს ყველა მაღალი გორაკი და ყველა ხემხვივანი და სწირავდნენ იქ თავიანთ მსხვერპლს, მიჰქონდათ იქ თავიანთი შესაწირავი ჩემს გასაჯავრებლად, აკმევდნენ იქ ამოდსაყნოსელს და ღვრიდნენ იქ თავიანთ საღვრელს.

29. ვუთხარი, ეს რა გორაკია, სადაც დადიხართ-მეთქი? და დღევანდლამდე გორაკი ეწოდება სახელად.

30. ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ხომ იუწმიდურებთ თავს თქვენი მამა-პაპის გზით? ხომ ირყვნებით მათი სიბლწეების კვალზე?

31. როცა მიგაქვთ თქვენი შესაწირავი, როცა ცეცხლში ატარებთ თქვენს შვილებს, თავს იუწმიდურებთ ყველა თქვენი კერპით დღევანდლამდე, და კიდევ გინდათ, რომ შეგეკითხვინოთ, ისრაელის სახლო? ვფიცავ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ შეგეკითხვინოთ.

32. არ ახდება, რაც ფიქრში მოგდით, რომ ამბობთ: ვიქნებით, როგორც სხვა ხალხები არიან, როგორც სხვა ქვეყნების ტომები არიან, რომ ხესა და ქვას ვემსახუროთო.

33. ვფიცავ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ მაგარი ხელით და გაშლილი მკლავით, რისხვის გადმონთხევით არ ვიმეფო თქვენზე!

34. გამოგიყვანთ ხალხებიდან და შეგკრებთ ქვეყნებიდან, სადაც გაფანტული ხართ, მაგარი ხელით და გაშლილი მკლავით, რისხვის გადმონთხევით,

35. და მიგიყვანთ ხალხთა უდაბნოში და იქ პირისპირ მოგიწყობთ განკითხვას.

36. როგორც თქვენს მამა-პაპას განვიკითხავდი ეგვიპტის ქვეყნის უდაბნოში, ისევე განგიკითხავთ თქვენც, ამბობს უფალი ღმერთი.

37. კვერთხის ქვეშ გაგატარებთ და აღთქმის ბორკილში შეგიყვანთ.

38. გამოვყოფ თქვენგან მოჯანყეებს და ჩემს ურჩებს, და მათი მდგმურობის ქვეყნიდან გამოვიყვან მათ, მაგრამ ისრაელის მიწაზე ვერ მივლენ და მიხვდებით, რომ უფალი ვარ.

39. თქვენ კი, ისრაელის სახლო, ასე ამბობს უფალი ღმერთი: წადით, ემსახურეთ თქვენ-თქვენ კერპებს; და ამიერიდან თუ არ მომისმენთ, მეტად მაინც ნუღა შელახავთ ჩემს წმიდა სახელს თქვენი შესაწირავებით და თქვენი კერპებით.

40. რადგან ჩემს წმიდა მთაზე, ისრაელის მაღალ მთაზე, ამბობს უფალი ღმერთი, უნდა მემსახუროს მთელი ისრაელის სახლი, ყველა ერთობლივ, ვინც კი არის ქვეყანაზე; იქ შევიტკბობ მათ, იქ მოვიკითხავ თქვენს შესაწირავებს და თქვენი ძღვენის ნათავარებს თქვენს სიწმიდეებთან ერთად.

41. კეთილსურნელებად შეგიტკბობთ, როცა გამოგიყვანთ ხალხებიდან და შეგკრებთ ქვეყნებიდან, სადაც ხართ გაფანტული, და ჩემს სიწმიდეს გამოვაჩენ თქვენში ხალხების თვალწინ.

42. მიხვდებით, რომ უფალი ვარ, როცა მიგიყვანთ ისრაელის მიწაზე, ქვეყანაში, რომლის მიცემასაც შევპირდი ხელის აღმართივით თქვენს მამა-პაპას.

43. იქ გაიხსენებთ თქვენს საქციელს და ნამოქმედარს, რითაც უწმიდურდებოდით, და შეგზარავთ თქვენი თავი იმ სიავეთა გამო, რასაც სჩადიოდით.

44. მიხვდებით, რომ უფალი ვარ, როცა ჩემი სახელის გულისთვის მოგექცევით, არა თქვენი ბოროტი გზებისა და უზნეო საქციელის მიხედვით, ისრაელის სახლო, ამბობს უფალი ღმერთი.