ძველი აღთქმა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეერთე

1. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

2. ადამის ძევ! თემანის გზისკენ მიაქციე პირი და უქადაგე სამხრეთს, ნეგების ველის ტყეს უწინასწარმეტყველე.

3. უთხარი ნეგების ტყეს: ისმინე უფლის სიტყვა, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, ცეცხლს წაგიკიდებ და შეგიჭამს ცეცხლი ყველა ნედლ ხეს და ყველა ხმელ ხეს; არ ჩაქრება აბრიალებული ალი და გადაიბუგება ყოველი სახე სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე.

4. დაინახავს ყოველი ხორციელი, რომ მე, უფალმა, დავანთე ცეცხლი და არ ჩაქრება.

5. ვთქვი: ეჰა, უფალო ღმერთო! ჩემზე ამბობენ, იგავების მთხზველი არ არისო?

6. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

7. ადამის ძევ! მიაქციე პირი იერუსალიმისკენ და იქადაგე საწმიდარებზე, უწინასწარმეტყველე ისრაელის მიწას.

8. უთხარი ისრაელის მიწას, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, მოვდივარ შენზე, ამოვიწვდი მახვილს ქარქაშიდან და მოვკვეთავ შენგან მართალს და ბოროტეულს.

9. რადგან უნდა მოვკვეთო შენგან მართალი და ბოროტეული, ამიტომაც ამოიწვდება ჩემი მახვილი ქარქაშიდან ყოველი ხორციელის წინააღმდეგ სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე.

10. მიხვდება ყოველი ხორციელი, რომ მე, უფალმა, ამოვიწვადე ჩემი მახვილი ქარქაშიდან და აღარ ჩაეგება.

11. შენ კი, ადამის ძევ, იკვნესე წელმოტეხილმა და გამწარებულმა, იკვნესე მათ თვალწინ!

12. თუ გეტყვიან, რაზე კვნესიო, უთხარი, ავ ამბავზე, რომელიც მოდის-თქო, და დადნება ყოველი გული, დაუძლურდება ყოველი ხელი, შეღონდება ყოველი სული, წყლად წავა ყოველი მუხლი. აჰა, მოვიდა და ახდა, ამბობს უფალი ღმერთი.

13. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

14. ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე და თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი. თქვი: მახვილი, მახვილი გალესილია და გაფერილიც!

15. გალესილია დასაკლავის დასაკლავად; გაფერილია, რომ ელავდეს ელვასავით! ანთუ გვიხაროდეს, ჩემი ძის კვერთხს რომ სძულს ყოველი ხე?

16. მიცემულია გასაფერად, რომ ხელმა ჩაბღუჯოს; გალესილია ეს მახვილი და გაფერილი, რომ მკვლელს ჩაბარდეს ხელში.

17. იყვირე და ივალალე, ადამის ძევ! რადგან ის მოღერებულია ჩემს ხალხზე, ისრაელის ყველა მთავარზე; მახვილს არიან მიცემულნი ჩემს ხალხთან ერთად. ამიტომ ირტყი თეძოებზე.

18. რადგან განსაცდელი გამოვლილია და რა იქნება, თუ მოძულე კვერთხიც აღარ იარსებებს, ამბობს უფალი ღმერთი.

19. შენ კი, ადამის ძევ, იწინასწარმეტყველე და ხელი ხელს შემოჰკარი და სამგზის გაორკეცდება მახვილი. მუსვრის მახვილია ეს, დიდი შემუსვრის მახვილი, მათი მდევარი.

20. რომ შედრკეს გულები და მათ ჭიშკრებთან დაცემულნი გამრავლდნენ, მივუშვებ სასტიკ მახვილს, ვაგლახ, გასაელვებლად შექმნილს, საკლავად წამახულს!

21. უკან შეტრიალდი, მარჯვნივ გადი, წინ წადი, მარცხნივ გადი! ყოველი მხრისკენ არის მიმართული შენი პირისახე.

22. მეც შემოვკრავ ხელს ხელზე და რისხვას დავიცხრობ. მე, უფალი ვლაპარაკობ.

23. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

24. შენ კი, ადამის ძევ! დაისახე ორი გზა ბაბილონის მეფის მახვილის მოსასვლელად; ერთი ქვეყნიდან გამოვა ორივე. ქმენი ნიშანი, ქალაქის მთავარ გზაზე ქმენი.

25. დასახე გზა მახვილის მოსასვლელად რაბათში, ყამონიანთა ქალაქში, და იუდაში, გამაგრებულ იერუსალიმში;

26. რადგან შეჩერდა ბაბილონის მეფე გზაჯვარედინზე, ორი გზის თავში, სამკითხაოდ ისვრის ისრებს, ეკითხება თერაფიმებს, ღვიძლს ათვალიერებს.

27. მის ხელმარჯვნივ იერუსალიმზე იყო წილი, რომ განელაგებინათ ტარანები, ხოცვა-ჟლეტისთვის გაეხსნათ პირი, აეტეხათ საომარი ყიჟინა, ტარანები კარიბჭეებისკენ მიეშვირათ, აღემართათ მიწაყრილები და აეგოთ გოდლები.

28. ეს ყალბ მისნობასავით იქნება მათ თვალში; ფიცით კი შეჰფიცეს, მაგრამ ეს ახსენებს მათ დანაშაულს, რომ შეპყრობილ იქნან.

29. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი თავად იხსენებთ თქვენს დანაშაულს თქვენი შეცოდებების გამოაშკარავებით და თქვენი ცოდვების ჩვენებით ყველა თქვენს საქმეში, რაკი თავად იხსენებთ, ხელით იქნებით შეპყრობილნი.

30. შენ კი, ურჯულო, ბოროტეულო მთავარო ისრაელისა, რომელსაც დაუდგა ჟამი, როცა უნდა მოეღოს ბოლო დანაშაულს,

31. ასე ამბობს უფალი ღმერთი: მოიშორე ჯიღა და მოიხადე გვირგვინი; ყოველთვის ასე არ იქნება: მდაბალი აღზევდება, აღზევებული დამდაბლდება.

32. დამხობას, დამხობას, დამხობას ვუწილხვედრებ და ესეც აღარ იქნება, სანამ ის არ მოვა, ვის ხელშიც არის სამართალი, რომ მას ჩავაბარო.

33. შენ კი, ადამის ძევ, იწინასწარმეტყველე და თქვი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი ყამონიანებზე და მათ სირცხვილზე. თქვი: მახვილი, მახვილია გაშიშვლებული დასახოცავად, გაფერილია შესამუსრად, რომ ელვარებდეს.

34. ყალბი ხილვებით, ცრუ მისნობით მიგაგდებენ გვამებთან დახოცილ ბოროტეულთა, რომელთაც დაუდგათ ჟამი, როცა ბოლო უნდა მოეღოს დანაშაულს.

35. ჩააგე თავის ქარქაშში; შენი გაჩენის ადგილას, შენი შობის ქვეყანაში განგსჯი შენ.

36. გადმოვანთხევ შენზე ჩემს რისხვას, ჩემი ბრაზის ცეცხლს მოგასუნთქავ და ხელთ მიგცემ ხალხს, გამძვინვარებულს, განადგურებაში გაწაფულს.

37. ცეცხლს მიეცემი შესაჭმელად, შენი სისხლი ქვეყნის შუაგულში იდგება და არავინ გაგიხსენებს, რადგან მე, უფალმა ვთქვი.