ძველი აღთქმა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეორე

1. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

2. ადამის ძევ! შენ განსჯი, განსჯი სისხლიან ქალაქს? გამოუცხადე ყოველი მისი სისაძაგლე.

3. და თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ქალაქო, სისხლის მღვრელო შენს შუაგულში (მოვა მისი დროც!) და, კერპთა მკეთებელო, საკუთარი თავის წასაბილწად!

4. შენი დაღვრილი სისხლით დადანაშაულდი და შენი გაკეთებული კერპებით გაუწმიდურდი; მოიახლოვე შენი ჟამი და მიეწურე შენს წელიწადებს. ამიტომაც ხალხების საგინებლად გაგხდი და ყოველი ქვეყნის სამასხარაოდ.

5. მახლობელნი და შორებელნი გაგამასხრებენ სახელგატეხილს და მრავალღელვილს.

6. აჰა, ისრაელის მთავარნი - თითოეული თავის ძალას იკრებდა, რომ სისხლი დაეღვარა შენს შორის!

7. მამას და დედას ამცირებენ თქვენში, ხიზანს უპატიოდ ექცევიან თქვენს შორის, ქვრივ-ობლებს ჩაგრავენ თქვენში.

8. ჩემი სიწმიდენი მოძულებული გაქვს და ჩემი შაბათები შელახული.

9. ცილისმწამებელნი არიან თქვენში, რომ სისხლი ღვარონ, ნამსხვერპლავს ჭამენ მთებზე თქვენში და გარყვნილებას ეწევიან თქვენს შორის.

10. მამის სიშიშვლეს ააშკარავებენ თქვენში, მირეულ ქალთან ძალადობენ თქვენში;

11. ზოგი თავის მოყვასის ცოლთან სისაძაგლეს სჩადის და ზოგი თავის რძალს აუპატიურებს გარყვნილებით, ზოგიც თავის დასთან, თავისი მამის ასულთან, ძალადობს თქვენში.

12. ქრთამებს იღებენ თქვენში, რომ სისხლი დაღვარონ; ვახშს და სარგებელს იღებ და ძალმომრეობით ყვლეფ შენს მოყვასს, მე კი დამივიწყე, ამბობს უფალი ღმერთი.

13. აჰა, ხელი ხელს შემოვკარი შენი სიხარბის გამო, რასაც სჩადიხარ, და სისხლის გამო, რომელიც იღვრება თქვენს შორის.

14. თუ გაგიძლებს გული ან თუ შერჩება ძალა შენს ხელებს იმ დღეებში, როცა აღვიძრები შენს წინააღმდეგ? მე, უფალმა, ვთქვი და გავაკეთებ.

15. გაგფანტავ ხალხთა შორის და გაგაბნევ ქვეყნებში, რომ უწმიდურება წაგიშალო.

16. შეილახები ხალხების თვალში და მიხვდები, რომ უფალი ვარ.

17. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

18. ადამის ძევ! წიდასავით გამიხდა ისრაელის სახლი; ქურაში ყრიან ყველანი, როგორც სპილენძი, კალა, რკინა და ტყვია; ვერცხლის წიდა და ხენჯი არიან.

19. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი წიდა და ხენჯი გახდით ყველანი, ამიტომაც, აჰა, შეგკრებთ ყველას იერუსალიმში.

20. როგორც აგროვებენ ვერცხლს, სპილენძს, რკინას, ტყვიას და კალას ქურაში, რომ ცეცხლი მიუბერონ გადასადნობად, ასე შევაგროვებთ ჩემი რისხვითა და წყრომით, ჩაგდებთ და გადაგადნობთ.

21. შეგყრით და მოგბერავთ ჩემი რისხვის ცეცხლს და გადადნებით იერუსალიმში.

22. როგორც ვერცხლი დნება ქურაში, ასე გადადნებით იერუსალიმში და მისვდებით, რომ მე, უფალმა, დაგანთხიეთ ჩემი რისხვა.

23. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

24. ადამის ძევ! უთხარი მას: შენ მიწა ხარ, გაუწმედელი, უწვიმარი, რისხვის დღეს.

25. შეთქმულან იქ მისი წინასწარმეტყველნი, ლომებივით ბრდღვინავენ, ნადავლს გლეჯენ და ცოცხლად ჭამენ; საუნჯესა და განძეულს იტაცებენ, ქვრივებს ამრავლებენ იქ.

26. მისი მღვდლები აუკუღმართებენ ჩემს რჯულს და ბღალავენ ჩემს სიწმიდეებს; წმიდას ნალახისგან არ განარჩევენ, უწმიდურს გაწმედილისგან არ ასხვავებენ; უგულებელყვეს ჩემი შაბათები და მე შევილახე მათ გარემოში.

27. მათი მთავრები მგლებივით გლეჯენ ნადავლს, სისხლს ღვრიან, სიცოცხლეს უსწრაფებენ ანგარებისთვის.

28. მისი წინასწარმეტყველნი ეპირფერებიან მათ, ფუჭად მხილველნი და ცრუმისანნი, ეუბნებიან: ასე ამბობსო უფალი ღმერთი, უფალს კი არ უთქვამს.

29. მდაბიორნი ძალადობენ და მტაცებლობენ, ღარიბ-ღატაკს ჩაგრავენ, ხიზანს უსამართლოდ ავიწროებენ.

30. ვეძებდი კაცს, ზღუდის მშენებელს, რომ დამდგარიყო ნანგრევთან ჩემს წინაშე და ეხსნა ქვეყანა დაღუპვისგან, მაგრამ ვერ მოვნახე.

31. გადმოვანთხევ მათზე ჩემს სიბრაზეს, და ჩემი რისხვის ცეცხლით მოვსპობ; მათ თავზე მივაქცევ მათსავე ნამოქმედარს, ამბობს უფალი ღმერთი.