ძველი აღთქმა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეოთხე

1. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ მეათე წელს, მეათე თვის ათში ნათქვამი:

2. ადამის ძევ! ჩაიწერე დღის სახელი, ამ დღისა; ბაბილონის მეფე სწორედ ამ დღეს მოადგა იერუსალიმს.

3. გამოუთქვი ურჩ სახლს იგავი და უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: შემოდგი ქვაბი, შემოდგი და წყალიც ჩაასხი შიგ.

4. ჩაყარე შიგ ნაჭრები, საუკეთესო ნაჭრები - ბარკალი და ბეჭი, ნარჩევი ძვლებით აავსე.

5. გამოარჩიე საუკეთესო ცხვარი, შეუკეთე შეშა ქვაბს და ადუღე, რომ ძვლებიც კი მოიხარშოს.

6. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ვაი სისხლიან ქალაქს, ქვაბს, რომლის ქაფი მასშივეა და ქაფი არ გადმოდის მისგან! ნაჭრები ნაჭრებზე გადმოყარე, რჩევას ნუ დაუწყებ.

7. რადგან მასშივეა მისი სისხლი; სალ კლდეზე ჰქონდა დასხმული, მიწაზე არ დაუღვრია, რომ მტვერით დაეფარა.

8. რომ განვრისხებულიყავი, რომ შური მეძია, სალ კლდეზე დავასხი სისხლი, არ დამიფარავს.

9. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ვაი სისხლიან ქალაქს! მეც დავანთებ დიდ ხანძარს.

10. შეშას მოუმატე, ცეცხლი ააგიზგიზე, ბოლომდე მოხარშე ხორცი, შეკაზმე საკაზმით და ძვალიც ჩაიხარშოს.

11. მერე ცარიელი დადგი ნაკვერცხლებზე, რომ გახურდეს და გავარვარდეს სპილენძი, რომ გადნეს მასში მისი უწმიდურობა და გაქრეს მისი ქაფი.

12. ძნელია მოცილება, არ გამოდის მისგან. ბევრია ქაფი, ცეცხლშიც მისი ქაფია.

13. გარყვნილებაა შენს უწმიდურებაში; რადგან გწმენდდი, მაგრამ არა ხარ გაწმედილი შენი უწმიდურობისგან აღარ განიწმიდები, ვიდრე არ დაგიცხრობ შენზე რისხვას.

14. მე, უფალმა, ვთქვი და ახდება, აღვასრულებ; არ ვაპატიებ, არ დავინდობ, არ შევიბრალებ; შენი საქციელისამებრ და შენი ნამოქმედარისამებრ განგსჯიან, ამბობს უფალი ღმერთი.

15. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

16. ადამის ძევ! აჰა, წაგართმევ შენს თვალთა ნეტარებას მოულოდნელი სიკვდილით; ნურც იგლოვ, ნურც იტირებ, ცრემლები ნუ დაგედინება;

17. იკვნესე ჩუმად, მიცვალებულზე გლოვას ნუ გამართავ; ოღონდ თავი წაიკარი, ფეხზე ხამლები ჩაიცვი, წვერებს ნუ დაიფარავ და კაცების პურს ნუ შეჭამ.

18. დილით ხალხს ველაპარაკებოდი და საღამოხანს მოკვდა ჩემი ცოლი; მეორე დილით ისე მოვიქეცი, როგორც მებრძანა.

19. მითხრა მე ხალხმა: არ გვეტყეი, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის. შენ რომ აკეთებო?

20. ვუთხარი ხალხს: იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

21. უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შევლახავ ჩემს საწმიდარს - თქვენი ძლიერების სიამაყეს, თქვენს თვალთა ნეტარებას და თქვენი სულის სანუკვარს; თქვენი ვაჟები და ასულები კი, რომლებიც მიატოვეთ, მახვილით დაეცემიან-თქო.

22. თქვენც ისე მოიქცევით, როგორც მე ვიქცევი: წვერ-ულვაშს არ დაიფარავთ და კაცების პურს არ შეჭამთ.

23. თავი წაკრული გექნებათ და ხამლები შემოსილი; არ იგლოვებთ და არ იტირებთ. დადნებით თქვენს დანაშაულებში და მიაკვნესებთ ერთმანეთს.

24. იქნება ეზეკიელი თქვენთვის ნიშად: როგორც მან გააკეთა, ყველაფერს ისე გააკეთებთ. ეს ახდება და მაშინ მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი ღმერთი.

25. შენ კი, ადამის ძევ! იმ დღეს, როცა წავიღებ მათგან მათ ძლიერებას, მათი მშვენების სიხარულს, მათ თვალთა ნეტარებას, მათი სულის სანუკვარს, მათ ვაჟებს და მათ ასულებს,

26. იმ დღეს მოვა შენთან გადარჩენილი, რომ ყურში გასმინოს;

27. იმ დღეს გაიღება შენი ბაგე გადარჩენილის მიმართ და ალაპარაკდები; აღარ იდუმებ და ნიშანი იქნები მათთვის, და მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ.