ძველი აღთქმა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი მესამე

1. მითხრა: ადამის ძევ! შეჭამე, რასაც ხედავ, შეჭამე ეს გრაგნილი და წადი და ელაპარაკე ისრაელის სახლს.

2. გავაღე პირი და შევჭამე ეს გრაგნილი.

3. მითხრა: ადამის ძევ! აჭამე შენს მუცელს და აივსე ნაწლავები ამ გრაგნილით, რომელსაც მე გაძლევ. მეც შევჭამე და თაფლივით მეტკბილა პირში.

4. მითხრა: ადამის ძევ! მიდი ისრაელის სახლთან და უთხარი ჩემი სიტყვები;

5. რადგან ბნელმეტყველ და გაუგებარი ენის ხალხთან როდი იგზავნები, არამედ ისრაელის სახლთან;

6. არა ჭრელ ხალხთან, ბაგემძიმესთან და ენაბრგვილთან, რომელთა სიტყვებს შენ ვერ გაიგებდი: მათთან რომ მიმევლინებინე, ისინიც კი მოგისმენდნენ.

7. ისრაელის სახლი კი არ ისურვებს შენს მოსმენას, რადგან ჩემი მოსმენა არ სურთ მათ, რადგან შუბლმაგარი და ჯიუტი ხალხია ისრაელის მთელი სახლი.

8. აჰა, გავასასტიკე შენი სახე მათ სახესავით და გავამაგრე შენი შუბლი მათი შუბლივით:

9. კაჟზე მაგარი ალმასივით გავხადე შენი შუბლი; ნე გეშინია მათი და ნუ შეგაშინებს მათი სახე, რადგან მოჯანყე სახლია ისინი.

10. მითხრა: ადამის ძევ! ყველა სიტყვა, რასაც გეტყვი, გულში ჩაიდე და ყურით მოისმინე.

11. წადი და მიდი ტყვეებთან, შენი ერის შვილებთან, და ელაპარაკე მათ; უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი; გინდ მოისმინონ, გინდ ნუ მოისმენენ.

12. ამიტაცა სულმა და მომესმა ჩემს უკან დიდი ზანზარის ხმა, - კურთხეულია უფლის დიდება თავისი ადგილიდან!

13. ცხოველთა ფრთების ერთმანეთზე ცემის ხმა, ბორბლების ტრიალი მათ გვერდით და დიდი ზანზარის ხმა.

14. სულმა ამიტაცა და წამიღო; მივდიოდი გამწარებული, რისხვით ანთებული, და უფლის მაგარი ხელი იყო ჩემზე.

15. მივედი თელ-აბიბში გადასახლებულებთან, რომლებიც მდინარე ქებარის პირას ცხოვრობენ, და დავდექი იქ, სადაც ისინი ცხოვრობენ; და ვიჯექი იქ მათ შორის შვიდ დღეს, გაოგნებული.

16. შვიდი დღის ბოლოს უფლის სიტყვა იყო ჩემს მომართ:

17. ადამის ძევ! ისრაელის სახლის დარაჯად დამიდგენიხარ. გაიგონებ სიტყვას ჩემი პირიდან და ჩემი სახელით გააფრთხილებ მათ.

18. როცა ბოროტეულს ვეტყვი: სიკვდილით მოკვდები-მეთქი, შენ კი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი ბოროტეულს ბოროტი გზიდან ჩამოსაშორებლად, რომ გადარჩეს, მოკვდება ბოროტეული თავის უკეთურებაში და მის სისხლს შენ მოგკითხავ.

19. თუ შენ გააფრთხილებ ბოროტეულს, მაგრამ არ მოიქცევა თავისი ბოროტებიდან და ბოროტი გზიდან, ის თავის უკეთურებაში მოკვდება, შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი.

20. როცა მართალი თავისი სიმართლისგან მიიქცევა და უკეთურებას ჩაიდენს, საბრხეს დავუდებ წინ და მოკვდება; თე შენ არ გააფრთხილებ მას, თავის ცოდვაში მოკვდება, არავინ გაიხსენებს მის სიკეთეს, რომელიც გაკეთებული აქვს, და მის სისხლს შენ მოგკითხავ.

21. თუ შენ გააფრთხილებ მართალს, რომ არ სცოდოს მართალმა და ისიც არ შესცოდავს, გადარჩება, რადგან გააფრთხილებ. შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი.

22. იყო ჩემზე იქ უფლის ხელი და მითხრა: ადექი, გადი ველზე და იქ დაგელაპარაკები.

23. ავდექი და გავედი ველზე, და, აჰა, დგას იქ უფლის დიდება იმ დიდების მსგავსი, რომელიც მდინარე ქებარის პირას ვიხილე. და პირქვე დავემხე.

24. შემოვიდა ჩემში სული და ფეხზე დამაყენა, მელაპარაკა და მითხრა: შედი, ჩაიკეტე შენს სახლში.

25. ადამის ძევ, აჰა, დაგადებენ ბორკილებს და შეგკრავენ, რომ ვეღარ იარო მათ შორის.

26. სასას მივაწებებ შენს ენას, რომ დამუნჯდე და ვეღარ ამხილებდე მათ, რადგან ურჩი მოდგმაა ისინი.

27. მაგრამ, როცა დაგელაპარაკები, გაგიხსნი ბაგეს და ეტყვი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი. გამგონემ გაიგოს, გაუგონარი ნუ გაიგებს; რადგან ურჩი მიდგმაა ისინი.