ძველი აღთქმა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეთორმეტე

1. მეთორმეტე წელს, მეთორმეტე თვის პირველში იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

2. ადამის ძევ! გამართე გოდება ფარაონზე, ეგვიპტის მეფეზე, და უთხარი: ჭაბუკ ლომს ჰგავდი ხალხთა შორის და გველეშაპივით იყავი-თქო ზღვებში! ირქინებოდი შენს მდინარეებში და ფეხებით ამღვრევდი წყლებს, თელავდი-თქო მათ მდინარეებს.

3. ასე ამბობს უფალი ღმერთი: მოვისვრი შენზე ჩემ სათხეველს ხალხთა სიმრავლეში და ამოგათრევენ ჩემი ბადით.

4. მოგისვრი მიწაზე და ტრიალ მინდორზედ დაგაგდებ, დავასახლებ შენზე ცის ყოველ ფრინველს და მიწის ყოველ მხეცს შენით გამოვკვებავ.

5. მიმოვფანტავ შენს ხორცს მთებზე და ხევებს ავავსებ შენი მძორით.

6. შენი სისხლით მოვრწყავ შენს საზრუნველ მიწას მთებამდე და შენით აივსება კალაპოტები.

7. დავხურავ, როცა ჩაგაქრობ, ცას და დავაბნელებ მის ვარსკვლავებს; მზეს ღრუბლით შევბურავ და მთვარე აღარ გაანათებს თავისი ნათელით.

8. ყოველ მანათობელ მნათობს დაგიბნელებ ცაზე და შენს დანგრევას გამოვაცხადებ ქვეყანათა ხალხებში, რომელთაც არ იცნობდი.

10. შევაძრწუნებ შენს გამო უამრავ ხალხს და შიშის ზარი დაეცემათ მათ მეფეებს შენს გამო, როცა მოვიქნევ მათ ზემოთ ჩემს მახვილს და ყოველ წამს სიკვდილის შიში ექნებათ შენი დაცემის დღეს.

11. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ბაბილონის მეფის მახვილი მოვა შენზე.

12. ძლიერთა მახვილებით დავცემ შენს სიმრავლეს; ხალხთა შორის უსასტიკესნი არიან ყველანი და გააცამტვერებენ ეგვიპტის სიამაყეს; განადგურდება მთელი მისი სიმრავლე.

13. ამოვწყვეტ მთელს მის პირუტყვს დიდ წყლებთან და აღარ აამღვრევს მათ კაცის ფეხი, პირუტყვის ჩლიქები აღარ აამღვრევს მათ.

14. მაშინ დავამდოვრებ მათ წყლებს და მათ მდინარეებს ზეთივით ვადინებ, ამბობს უფალი ღმერთი.

15. როცა უდაბნოდ ვაქცევ ეგვიპტის ქვეყანას და გატიალდება მთელი სისავსე მისი, როცა მოვწყლავ მის ყოველმცხოვრებს, მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.

16. საგოდებელია ეს და იგოდებენ ამ საგოდებელს; ხალხთა ასულნი იგოდებენ მას, ეგვიპტეზე და მთელს მის სიმრავლეზე იგოდებენ, ამბობს უფალი ღმერთი.

17. მეთორმეტე წელს, იმავე თვის თხუთმეტში იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

18. ადამის ძევ! დაიტირე ეგვიპტელთა სიმრავლე, ჩაიყვანე ის და ძლიერ ხალხთა ასულნი ქვეშეთის ქვეყანაში საფლავად ჩამავლებთან ერთად!

19. ვისზე ლამაზი ხარ? ჩადი და იწექი წინდაუცვეთლებთან!

20. მახვილით განგმირულთა შორის დაცემიან; მახვილს არის მიცემული იგი, წაათრევენ მას და მთელს მის სიმრავლეს.

21. ძლიერნი გაეხმიანებიან მას და მის შემწეთ ქვესკნელის გულში; ჩავიდნენ, წვანან წინდაუცვეთელნი, მახვილით განგმირულნი.

22. იქ არის აშური და მთელი მისი კრებული, მის გარშემო მისი საფლავებია; ყველანი განგმირულნი არიან, მახვილით დაცემულნი,

23. რომელთა საფლავები ქვეშეთის უკანასკნელშია დადგმული და მისი კრებული მის საფლავების ირგვლივაა; ყველანი განგმირულნი არიან, მახვილით დაცემულნი, შიშის ზარს რომ სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას.

24. იქ არის ელამი და მთელი მისი სიმრავლე, მისი საფლავების ირგვლივ; ყველანი განგმირულნი არიან, მახვილით დაცემულნი, რომლებიც წინდაუცვეთელად ჩავიდნენ ქვეშეთის ქვეყნად, შიშის ზარს რომ სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას და წაიღეს თავიანთი სირცხვილი საფლავად ჩამავლებთან ერთად.

25. განგმირულთა შორის მიეცა საწოლი მთელს თავის სიმრავლესთან ერთად; მის გარშემო მათი საფლავებია; ყველანი წინდაუცვეთელნი არიან, მახვილით განგმარულნი; რადგან შიშის ზარს სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას, წაიღეს თავიანთი სირცხვილი საფლავად ჩამავლებთან ერთად; განგმირულთა შორის მიეცათ სამყოფელი.

26. იქ არიან მეშექი და თუბალი და მთელი მისი სიმრავლე; მათ გარშემო მათი საფლავებია; ყველანი წინდაუცვეთელნი არიან, მახვილით განგმირულნი, რადგან შიშის ზარს სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას.

27. არ უნდა იწვნენ ძლიერებთან, წინდაუცვეთელად დაცემულებთან ერთად, რომლებიც ჩასულნი არიან შავეთში თავიანთი საომარი საჭურველით, მახვილები თავქვეშ რომ აქვთ ამოდებული, მათი ცოდვები კი მათ ძვლებზევეა, რადგან ძლიერთა შიშისზარი ჰქონდა ცოცხალთა ქვეყანას?

28. შენც წინდაუცვეთელთა შორის შეიმუსრები და მახვილით განგმირულებთან დაწვები.

29. აქ არის ედომი, მისი მეფენი და მთავარნი, რომლებიც მიეცნენ თავიანთი სიძლიერით მახვილით განგმირულებთან ერთად; წინდაუცვეთელებთან წვანან ისინი და საფლავად ჩასულებთან.

30. იქ არიან ჩრდილოეთის ხელმწიფენი, ყველანი და ყოველი ციდონელი, რომლებიც ჩავიდნენ განგმირულებთან ერთად მათი ძლიერების შიშისზარით სირცხვილნაჭამნი და წვანან წინდაუცვეთელნი მახვილით განგმირულებთან ერთად და წაღებული აქვთ თავიანთი სირცხვილი საფლავად ჩამავლებთან ერთად.

31. მათ იხილავს ფარაონი და ნუგეშს იცემს მთელი თვისი სიმრავლის გამო, მახვილით განგმირულთა გამო, ფარაონი და მთელი მისი ლაშქარი, ამბობს უფალი ღმერთი.

32. რადგან შიშისზარს დავცემ ცოცხალთა ქვეყანას და დაწვებიან წინდაუცვეთელთა შორის მახვილით განგმირულებთან ერთად ფარაონი და მთელი მისი სიმრავლე, ამბობს უფალი ღმერთი.