ძველი აღთქმა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეცხრამეტე

1. ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე გოგზე და თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ როშის, მეშექის და თუბალის მთავარო!

2. მოგატრიალებ, გამოგათრევ და წამოგიყვან ჩრდილოეთის კიდეებიდან და მოგიყვან ისრაელის მთებზე.

3. გაგაგდებინებ შვილდს მარცხენა ხელიდან და ისრებს მარჯვენა ხელიდან დაგაყრევინებ.

4. ისრაელის მთებზე დაეცემი მთელი შენი ურდოიანად და ხალხთან ერთად, თან რომ გახლავს; ყოველგვარ ონავარ ფრინველს და ველის მხეცებს მიგცემ შესაჭმელად;

5. ტრიალ მინდორზე დაეცემი, რადგან მე ვთქვი, ამბობს უფალი ღმერთი.

6. გავგზავნი ცეცხლს მაგოგში და უზრუნველ ზღვისპირელებში და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.

7. გავაცხადებ ჩემს წმიდა. სახელს ჩემს ერში, ისრაელში, და აღარ შევალახვინებ ჩემს წმიდა სახელს; და მიხვდებიან ხალხები, რომ მე უფალი ვარ, რომ წმიდა ვარ ისრაელში.

8. აჰა, მოვა და ახდება, ამბობს უფალი ღმერთი, იმ დღეს, რომელზეც ვთქვი.

9. გამოვლენ ისრაელის ქალაქთა მცხოვრებნი, ცეცხლს წაუკიდებენ და დასწვავენ იარაღს, ფარსა და აბჯარს, მშვილდსა და ისრებს, ლახტსა და შუბს; შვიდ წელიწადს ეყოფათ ცეცხლის დასანთებად.

10. მინდვრიდან არ დაიწყებენ შეშის ზიდვას და ტყეშიც არ მოჭრიან, რადგან იარაღით დაანთებენ ცეცხლს; გაძარცვავენ თავიანთ გამძარცველთ და დაარბევენ თავიანთ დამარბეველთ, ამბობს უფალი ღმერთი.

11. იმ დღეს იქნება, რომ მივცემ გოგს დასამარხავ ადგილს ისრაელში, დასავლეთიდან მომავალთა ხეობაში და გზას გადაუღობავს მომავალთ; იქ დამარხავენ გოგს და მთელს მის ურდოს, და დაერქმევა მას გოგის ურდოსხევი.

12. შვიდ თვეში დამარხავს მათ ისრაელის სახლი ქვეყნის განსაწმედად;

13. დამარხავს ქვეყნის მთელი ხალხი და სასახელო იქნება ის დღე, როცა დიდებით გამოვჩნდები, ამბობს უფალი ღმერთი.

14. საგანგებო ხალხს გამოარჩევენ ქვეყნად მავალთაგან, რომ მათთან ერთად დამარხონ ქვეყანაში დარჩენილნი მის განსაწმედად; შვიდი თვის ბოლოს ძებნას დაუწყებენ.

15. ჩაივლიან ქვეყნად მავალნი და ნახავენ ადამიანის ძვალს; და ააგებს მის გვერდით ძეგლს, ვიდრე დამმარხველნი დამარხავენ მას გოგის ურდოსხევში.

16. ქალაქის სახელიც ურდო იქნება და განწმედენ ქვეყანას.

17. შენ -კი, ადამის ძევ! ასე ამბობს უფალი ღმერთი: უთხარი ფრინველს, ყოველგვარ ფრთოსანს და მინდვრის ყოველ მხეცს: თავი მოიყარეთ და მოდით; შემოკრბით ჩემი მსხვერპლის გარშემო, რომელსაც დავკლავ თქვენთვის, დიდი მსხვერპლის გარშემო ისრაელის მთებზე; და შეჭამთ ხორცს და შესვამთ სისხლს.

18. გმირთა ხორცს შეჭამთ და ქვეყნის მთავართა სისხლს შესვამთ, როგორც ბაშანში გამოკვებილ ვერძების და თიკნების, თხებისა და ხარების სისხლს.

19. გაძღომამდე შეჭამთ ქონს და თრობამდე შესვამთ სისხლს ჩემი მსხვერპლიდან, რომელსაც დავკლავ თქვენთვის.

20. გაძღებით ჩემს სუფრაზე ცხენებთან და მხედრებთან ერთად, ძლიერებთან და მეომარ ხალხთან ერთად, ამბობს უფალი ღმერთი.

21. მოვავლენ ჩემს დიდებას ხალხებში და დაინახავს ყოველი ხალხი ჩემს მსჯავრს, რომელსაც აღვასრულებ, და ჩემს ხელს, რომელსაც დავდებ მათზე;

22. და ეცოდინება ისრაელის სახლს ამ დღეს და მერმისაც, რომ მე უფალი ვარ, მათი ღმერთი.

23. ეცოდინებათ ხალხებს, რომ მისი დანაშაულის გამო წარიტყვევნა ისრაელის სახლი; რომ შემცოდეს და მეც პირი ვირიდე მათგან, მტრის ხელში ჩავყარე ისინი და ყველანი მახვილით დაეცნენ.

24. მათ უწმიდურობათა და შეცოდებათა გამო მოვიქეცი ასე და პირი ვირიდე მათგან.

25. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ამიერიდან დავაბრუნებ დატყვევებულ იაკობს და შევიწყალებ მთელს ისრაელის სახლს, შურს გამოვიჩენ ჩემი წმიდა სახელის გულისათვის.

26. დაივიწყებენ თავიანთ სირცხვილს და ყოველ დანაშაულს, რაც ჩემს წინააღმდეგ ჩაიდინეს, როცა დასახლდებიან თავიანთ მიწაზე უზრუნველად და არავინ იქნება დამაფრთხობელი.

27. როცა გამოვაბრუნებ ხალხებიდან მათ და გამოვკრებ მათი მტრების ქვეყნებიდან, მაშინ გამოვაჩენ ჩემს დიდებას მათში უამრავი ხალხის თვალწინ.

28. მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ, მათი ღმერთი, როცა ხალხებში გაბნეულებს შევკრებ მათ მიწაზე და იქ აღარავის დავტოვებ.

29. აღარ მოვარიდებ მათ ჩემს სახეს, რათა გადმოვღვარო ისრაელის სახლზე ჩემი სული, ამბობს უფალი ღმერთი.