ძველი აღთქმა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი ორმოცდამეხუთე

1. როცა წილისყრით დაანაწილებთ ქვეყანას სამკვიდროდ, გამოუყავით უფალს წმიდა ადგილი ქვეყანაში სიგრძით ოცდახუთი ათასი წყრთა და სიგანით ათასი წყრთა; ეს წმიდა უნდა იყოს მთილს მის საზღვარში, ირგვლივ.

2. აქედან საწმიდარად იყოს ოთხკუთხი ნაკვეთი ხუთასი წყრთა ხუთასზე, ირგვლივ, და ორმოცდაათი წყრთა მის შემოგარედ, ირგვლივ.

3. ამ საზომით გადაზომავ სიგრძით ოცდახუთი ათას წყრთას და სიგანით ათი ათას წყრთას; აქ იქნება საწმიდარი, წმიდათა წმიდა.

4. წმიდა უნდა იყოს ეს ქვეყანაში; მღვდლებს, საწმიდარის მსახურებს, უნდა ეკუთვნოდეთ, რომლებიც მიახლებულნი არიან უფლის სამსახურად; თავიანთი სახლების ადგილად და საწმიდარის ნაკვეთად უნდა ჰქონდეთ.

5. ოცდახუთი ათასი წყრთა სიგრძით და ათი ათასი წყრთა სიგანით უნდა ჰქონდეთ ლევიანებს, ტაძრის მსახურებს, საკუთრებად ოც ოთახთან ერთად.

6. ქალაქის საკუთრებად მიეცით სიგანით ხუთი ათასი წყრთა და სიგრძით ოცდახუთი ათასი წყრთა შეწირული ნაკვეთის გასწვრივ; მთელი ისრაელის სახლს უნდა ეკუთვნოდეს.

7. მთავარს კი ეკუთვნის შეწირული ნაკვეთის და ქალაქის საკუთრების ორივე მხარე, შეწირული ნაკვეთისა და ქალაქის საკუთრების გვერდით დასავლეთის მხარეს, დასავლეთის მიმართულებით და აღმოსავლეთის მხარე, აღმოსავლეთის მიმართულებით, სიგრძით ერთ-ერთი წილის კვალობაზე დასავლეთის საზღვრიდან აღმოსავლეთის საზღვრამდე.

8. ეს იქნება მისი მიწა, მისი საკუთრება ისრაელში, რომ აღარ შეავიწროონ მთავრებმა ჩემი ერი და მისცენ დანარჩენი მიწა ისრაელის სახლს შტოებისდა მიხედვით.

9. ასე ამბობს უფალი ღმერთი: კმარა, ისრაელის მთავრებო! მოეშვით მძლავრობას და ძარცვას; ქმენით მართალი სამართალი და შეწყვიტეთ ჩემი ერის დევნა, ამბობს უფალი ღმერთი.

10. მართალი სასწორი, მართალი ეფა და მართალი ბათი უნდა გქონდეთ.

11. ეფა და ბათი ერთი საწყაო უნდა იყოს: ბათი ხომერის მეათედს უნდა შეიცავდეს და ეფაც ხომერის მეათედს. ხომერი უნდა იყოს წყვე.

12. შეკელი ოცი გერაა, ოცი შეკელი ოცდახუთი შეკელი და თხუთმეტი შეკელი ერთი მანე უნდა იყოს თქვენთვის.

13. აი, შესაწირავი, რომელსაც უნდა სწირავდეთ: ეფის მეექვსედი ერთი ხომერი ხორბლიდან და ეფის მეექვსედი ერთი ხომერი ქერიდან.

14. ზეთზე დადგენილია: ერთ ბათ ზეთში მეათედი ბათი ქორიდან; ათი ბათი ერთი ხომერია, რადგან ხომერში ათი ბათია.

15. ერთი ცხვარი ორასი სული ფარიდან, ისრაელის საძოვრიდან საძღვნოდ, აღსავლენად და სამადლობელ მსხვერპლად, რათა განიწმიდონ სამონანულოდ, ამბობს უფალი ღმერთი.

16. მთელმა ქვეყნის ერმა უნდა გაიღოს ეს შესაწირავი ისრაელის მთავრებისთვის.

17. მთავრებს კი ევალვბათ აღსავლვნები, ძღვენი და საღვრელი დღესასწაულებზე, ახალმთვარობებზე, შაბათებზე, ისრაელის სახლის ყოველ ზეიმზე; მან უნდა მოამზადოს ცოდვის გამოსასყიდი, ძღვენი, აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი ისრაელის სახლის განსაწმედად.

18. ასე ამბობს უფალი ღმერთი: პირველი თვის პირველში აიღე საღი ხბო და განწმიდე საწმიდარი.

19. აიღოს მღვდელმა ცოდვის მსხვერპლიდან სისხლი და სცხოს სახლის წყრთილებს, სამსხვერპლოს ოთხივე კუთხეს და შიდა ეზოს კარიბჭის წყრთილებს.

20. ასე მოიქეცი თვის შვიდშიც ყველასთვის, ვინც შესცოდა უნებლიეთ თუ უმეცრებით, და განწმედ სახლს.

21. პირველი თვის თოთხმეტში გექნებათ პასექი - შვიდდღიანი დღესასწაული; უფუარს უნდა ჭამდეთ.

22. გაამზადებს მთავარი ამ დღეს თავისთვის და მთელი ქვეყნის ერისთვის ხბოს ცოდვის გამოსასყიდლად.

23. დღესასწაულის შვიდი დღის განმავლობაში გაამზადებს უფლისთვის აღსავლენს: შვიდ საღ ხბოს და შვიდ საღ ცხვარს, ამ შვიდეულის თითო დღისთვის და თხას ცოდვის გამოსასყიდად, ყოველდღიურად;

24. გაამზადებს მარცვლეულის ძღვენს - ერთ ეფას ხბოზე და ერთ ეფას ცხვარზე, და ერთ ჰინ ზეთს ეფაზე.

25. მეშვიდე თვის თხუთმეტში, დღესასწაულზე, ამასვე გააკეთებს შვიდი დღის განმავლობაში: ისეთივე ცოდვის გამოსასყიდს, ისეთსავე აღსავლენს, იმდენსავე ძღვენს და იმდენსავე ზეთს.