ძველი აღთქმა

ეზეკიელ წინასწარმეტყველი

თავი მეხუთე

1. ადამის ძევ! აიღე გალესილი მახვილი და დალაქთა სამართებელივით მოიტარე თავზე და წვერზე. აიღე სასწორი და გაჰყავი თმა.

2. მესამედი ცეცხლში დაწვი ქალაქის შუაგულში, როცა ალყის დღეები შესრულდება. აიღე მესამედი და დააქუცმაცე მახვილით ქალაქის ირგვლივ. მესამედი ქარში გაფანტე და მე მახვილს ვიშიშვლებ მათ კვალზე.

3. აიღე აქედან მცირეოდენი და კალთაში გამოიკარი.

4. კიდევ აიღე მათგან, ჩაყარე ცეცხლში და დაწვი ცეცხლში. მისგან მოედება ცეცხლი ისრაელის მთელ სახლს.

5. ასე ამბობს უფალი ღმერთი: ეს არის იერუსალიმი; ხალხების შუაგულში დავსვი იგი და ქვეყნებია მის გარშემო.

6. ეურჩა ჩემს წესებს წარმართებზე უფრო ბოროტად და ჩემს მცნებებს გარეშემო ქვეყნებზე უარესად, რადგან შეიძულეს ჩემი წესები და არ გაჰყვნენ ჩემს მცნებებს.

7. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი თქვენს გარეშემო ხალხებზე უფრო ბობოქრობთ, არ მიჰყვებით ჩემს მცნებებს და ჩემს წესებს არ ასრულებთ, არ ასრულებთ თქვენს გარეშემო ხალხების წესებსაც კი,

8. ამიტომ, ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე თავად წამოვალ შენზე და აღვასრულებ შენს წიაღში სამართალს ხალხების თვალწინ.

9. ისეთ რამეს გაგიკეთებ შენს სისაძაგლეთა გამო, რაც არასოდეს გამიკეთებია და რის მსგავსსაც არასოდეს გავაკეთებ.

10. ამიტომ მამები შვილებს დაუწყებენ ჭამას თქვენ შორის და შვილები მამებს შეჭამენ. აღვასრულებ სამართალს თქვენზე და ყველა ქარის მიმართ გავფანტავ თქვენს ნატამალს.

11. ამიტომ, ცოცხალი ვარ! აცხადებს უფალი: იმის გამო, რომ გააუწმიდურეთ ჩემი საწმიდარი ყოველი თქვენი სისაძაგლით და ყოველი თქვენი სიბილწით, მეც გაგწყვეტ შენ. არ შეგიბრალებს ჩემი თვალი და მეც არ დაგინდობ.

12. შენი მესამედი ჭირისგან დაიხოცება და შიმშილით გაწყდება შენ შორის; მესამედი მახვილით დაეცემა შენს გარშემო; მესამედს ყველა ქარის მიმართ გავფანტავ და მახვილს ვიშიშვლებ მათ კვალზე.

13. ამოიწურება ჩემი რისხვა და დაცხრება ჩემი წყრომა მათდამი, და დავმშვიდდები; მაშინ მიხვდებიან, რომ მე, უფალი ვლაპარაკობდი შურით, როცა ამოვწურავ ჩემს წყრომას მათდამი.

14. მიგცემ გასაოხრებლად და შესარცხვენად ხალხებში, შენს გარშემო რომ არიან, და ყოველი გამვლელის თვალში.

15. იქნები შესარცხვენად და საკიცხველად, საარაკოდ და შესაზარად ხალხებისთვის, შენს გარშემო რომ არიან, როცა აღვასრულებ შენზე მსჯავრს რისხვით, წყრომით და სასტიკი სასჯელებით. მე, უფალი, ვლაპარაკობ ამას.

16. როცა მოვავლენ თქვენზე შიმშილის ბოროტ ისრებს, რომლებიც დამღუპველი იქნება, რადგან თქვენს დასაღუპად მოვავლენ მათ, გავასასტიკებ თქვენზე შიმშილს და პურის კვერთხს გადაგიმტვრევთ.

17. მოგივლენთ შიმშილს და სასტიკ მხეცებს და შვილმკვდარნი იქნებით; ჭირი და სისხლი ჩაივლის შენში და მახვილს მოვიღებ შენზე. მე, უფალი, ვლაპარაკობ ამას.