ძველი აღთქმა

გამოსვლა

თავი ოცდამეორე

1. თუ ქურდს ხვრელის თხრისას წაასწრეს და ისე სცემეს, რომ მოკვდა, სისხლი არ მოიკითხება.

2. თუ ეს ამბავი მზისით მოხდა, სისხლი მოეკითხება მას. მპარავმა უნდა ზღოს. თუ არაფერი აქვს, ქურდობის გამო უნდა გაყიდონ იგი.

3. თუ ხელზე ცოცხლად უპოვნიან ნაქურდალს, ხარი იქნება, ვირი თუ ცხვარი, ორმაგად უნდა ზღოს.

4. თუ ვინმე მიუშვებს თავის პირუტყვს და სხვის ყანას ან ვენახს გადააძოვინებს, საკუთარი ყანიდან და საკუთარი ვენახიდან საუკეთესო ნაყოფით უნდა ზღოს.

5. თუ ცეცხლი გაჩნდება, ძეძვს მოედება, ზვინს ან პურის ყანას ან მინდორს გადაწვავს, ხანძრის გამჩენელმა უნდა ზღოს.

6. თუ ვინმე თვისტომს ვერცხლს ან რაიმე ნივთს შესანახად მიაბარებს და ამ კაცის სახლიდან მოიპარავენ, ქურდმა, თუ იპოვეს, ორმაგად უნდა ზღოს.

7. თუ ქურდი ვერ იპოვეს, სახლის პატრონი ღვთის სამსჯავროზე უნდა წარდგეს და დაიფიცოს რომ ხელი არ უხლია თავისი თვისტომის ქონებისთვის.

8. ყოველგვარ დანაშაულზე, ხარის საქმე იქნება ეს, სახედრის, ცხვრის თუ ტანისამოსის, ყოველ დაკარგულ ნივთზე, რომელზეც ითქმის ვინმეს მიერ, ჩემი არისო, ამ ორის საქმე ღვთის სამსჯავრომდე უნდა მივიდეს და ვისაც ღვთის სამსჯავრო გაამტყუნებს, მან ორმაგად უნდა უზღოს თვისტომს.

9. თუ ვინმე თვისტომს შესანახად მიაბარებს ვირს, ხარს, ცხვარს ან სხვა პირუტყვს, სიკვდილის ან დამტვრევის შემთხვევაში, თუ მოწმე არ არის,

10. უფლის წინაშე უნდა დაიფიცოს, რომ ხელი არ უხლია თვისტომის საქონელისთვის. პატრონი ფიცს მიიღებს და არაფერს ზღავს.

11. თუ მოჰპარეს, უნდა უზღოს მის პატრონს.

12. თუ მხეცმა დაგლიჯა, უნდა დაამტკიცოს და ნამხეცავ პირუტყვს არ ზღავს.

13. თუ ვინმე თვისტომისგან პირუტყვს ინათხოვრებს და დაუსახიჩრდება ან მოუკვდება, თუ პატრონი იქ არ იყო, უნდა ზღოს.

14. თუ პატრონი იქ იყო, არ უნდა ზღოს; თუ ქირის კაცია, ქირიდან გამოექვითება.

15. თუ ვინმე დაუნიშნავ ქალწულს შეაცდენს და დაწვება მასთან, ურვადი უნდა გადაიხადოს მისთვის, რომ ცოლად ჰყავდეს.

16. თუ ქალის მამა წინააღმდეგი შეიქნა და არ მიათხოვა, საქალწულო ურვადის საფასური ვერცხლი უნდა გადაიხადოს.

17. ჯადოქარი ცოცხალი არ დატოვო.

18. პირუტყვთან კავშირის დამჭერი სიკვდილით უნდა დაისაჯოს.

19. ვინც უფლის გარდა სხვა ღმერთებს სწირავს მსხვერპლს, უნდა მოიკვეთოს.

20. მდგმურს ნუ შეავიწროვებ, ნუ დაჩაგრავ, რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტელთა ქვეყანაში.

21. ქვრივსა და ობოლს ნუ დაჩაგრავ.

22. თუ დაჩაგრავ, მე შემომჩივლებენ და შევისმენ მათ ჩივილს.

23. რისხვით ავინთები და მახვილით მოგსრავთ; ცოლები დაგიქვრივდებათ და შვილები დაგიობლდებათ.

24. თუ ვინმეს, ჩემ ერისაგანს, ღარიბ-ღატაკს, ვერცხლს ასესხებ, მევახშესავით ნუ მოექცევი, სარგებელს ნუ დაუწესებ.

25. თუ შენი თვისტომისგან ტანსაცმელს დაიგირავებ, მზის ჩასვლამდე დაუბრუნე.

26. რადგან იგი მისი ერთადერთი საფარველია, მისი ხორცის შესამოსელია; რაში გამოეხვიოს ძილის დროს? როცა შემომჩივლებს, შევისმენ, რადგან გულმოწყალე ვარ.

27. ღვთის მსაჯულებს ნუ შეურაცხყოფ და თავკაცს შენს ხალხში ნუ დასწყევლი.

28. პირველი თაველი და პირველდაწურული არ დამიგვიანო; შენს შვილებში პირმშო მე უნდა მომცე.

29. ასევე ძროხისა და ცხვრის პირველმოგებულიც; შვიდ დღეს დედასთან იყოს, მერვე დღეს მე უნდა მომცე.

30. წმიდა ერი უნდა იყოთ ჩემთვის; ველზე დაგდებული ნამხეცავი არ ჭამოთ, ძაღლებს გადაუგდეთ.