ძველი აღთქმა

გამოსვლა

თავი მეცხრე

1. უთხრა უფალმა მოსეს: წადი ფარაონთან და ელაპარაკე. ასე ამბობს-თქო უფალი, ებრაელთა ღმერთი: გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახურონ.

2. თუ უარს იტყვი მათ გაშვებაზე და კიდევ დააკავებ,

3. დაჰკრავს უფლის ხელი შენს საქონელს, მინდვრად რომ გყავს - ცხენებს, სახედრებს, აქლემებს, ცხვარ-ძროხას. გაჩნდება საშინელი ჭირი.

4. გამოარჩევს უფალი ისრაელიანთა საქონელს ეგვიპტელთა საქონელისაგან და არაფერი დაეხოცებათ ისრაელიანებს.

5. დანიშნა დრო უფალმა და თქვა: ხვალ აღასრულებს ამ საქმეს უფალი ქვეყანაში.

6. აღასრულა უფალმა ეს საქმე მეორე დღეს და გაწყდა ეგვიპტელთა საქონელი, ხოლო ისრაელიანთა საქონელში არც ერთი სული არ დაღუპულა.

7. გაგზავნა ამბის გასაგებად ფარაონმა და, აჰა, არც ერთი სული არ იყო დაღუპული ისრაელის საქონელში. გაისასტიკა გული ფარაონმა და არ გაუშვა ხალხი.

8. უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: აიღეთ სავსე პეშვი ქურის ნაცარი და ცისკენ ააფრქვიოს მოსემ ფარაონის თვალწინ.

9. მტვრად მოეფინება იგი მთელს ეგვიპტის ქვეყანას და ყვავილის მუწუკებად გამოეყრება კაცსა და პირუტყვს მთელს ეგვიპტის ქვეყანაში.

10. აიღეს ქურის ნაცარი და წარუდგნენ ფარაონს. ააფრქვია მოსემ ნაცარი ცისკენ და გამოეყარა კაცსა და პირუტყვს ყვავილის მუწუკები.

11. ვერაფერს გახდნენ გრძნეულები მოსესთან, რადგან გამონაყარი ჰქონდათ გრძნეულებსაც და მთელს ეგვიპტეს.

12. გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს და არ უსმინა მათ ფარაონმა, როგორც ნათქვამი ჰქონდა მოსესთვის უფალს.

13. უთხრა უფალმა მოსეს: ადექი დილაადრიანად, წარუდექი ფარაონს და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი, ებრაელთა ღმერთი: გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახუროს.

14. თორემ ამჯერად ყოველგვარ სენს შევყრი შენს გულს, შენს მორჩილთ და შენს ხალხს, რათა გეცოდინოთ, რომ არავინ არის ჩემი სწორი მთელს ქვეყანაზე.

15. აი, ახლავე მოვიღერებდი ხელს და მოგსპობდით შავი ჭირით შენ და შენს ხალხს, და წარიხოცებოდით ამ ქვეყნიდან.

16. მაგრამ მხოლოდ იმისთვის დაგარჩენ, რომ გიჩვენო ჩემი ძალა და ემცნოს ჩემი სახელი მთელს ქვეყანას.

17. აქამდე აბუჩად იგდებ ჩემს ერს და არ უშვებ.

18. აჰა, ჩამოვყრი ხვალ ამ დროს მაგარ სეტყვას, რომლის მსგავსი არ უნახავს ეგვიპტის ქვეყანას მისი დაფუძნებიდან დღემდე.

19. ახლა მიხედე შენს საქონელს და ყველაფერს, რაც მინდვრადა გყავს; ყოველი კაცი და პირუტყვი, რაც კი გარეთ დარჩება და ჭერს არ შეეფარება, დაისეტყვება და მოისპობა.

20. ვინც შეუშინდა ფარაონის მორჩილთაგან უფლის სიტყვას, ჭერქვეშ შეაფარა თავისი ყმები და საქონელი.

21. ხოლო ვინც არად ჩააგდო უფლის სიტყვა, მინდორში დატოვა თავისი ყმები და საქონელი.

22. უთხრა უფალმა მოსეს: ცისკენ მოიღერე ხელი და დაისეტყვება მთელი ეგვიპტე, კაცი, პირუტყვი და მინდვრის ბალახი ეგვიპტის ქვეყანაში.

23. ცისკენ მოიღერა მოსემ თავისი კვერთხი და გამოსცა უფალმა გრგვინვა და სეტყვა. ცეცხლმა დაუარა დედამიწას და დასეტყვა უფალმა ეგვიპტის ქვეყანა.

24. მოდიოდა სეტყვა და ცეცხლი გიზგიზებდა სეტყვაში, ძალზე მაგარი იყო სეტყვა, მისი მსგავსი არ მოსულა ეგვიპტის ქვეყანაში, რაც იქ ხალხი სახლობს.

25. ყველაფერი გაანადგურა სეტყვამ ეგვიპტის ქვეყნად, რაც კი გარეთ დარჩა, კაციდან პირუტყვამდე; მინდვრის მთელი ბალახი გაანადგურა სეტყვამ და მინდორში მდგარი ყველა ხე დალეწა.

26. მხოლოდ გოშენის მხარე არ დასეტყვილა, სადაც ისრაელიანები ცხოვრობდნენ.

27. დაიბარა ფარაონმა მოსე და აარონი და უთხრა: ახლა კი ვხედავ, რომ შემიცოდავს; მართალია უფალი - დავაშავეთ მე და ჩემმა ხალხმა.

28. შეევედრეთ უფალს, შეწყდეს ღვთის გრგვინვა და სეტყვა, და გაგიშვებთ; მეტს აღარ დაყოვნდებით.

29. უთხრა მოსემ: როგორც კი გავალთ ქალაქიდან, ხელს გავიწვდი უფლისკენ და შეწყდება გრგვინვა და გადიღებს სეტყვაც, ვინძლო მიხვდე, რომ უფლისაა ეს ქვეყანა.

30. მაგრამ ვიცი, რომ ჯერ კიდევ არ შეუშინდებით უფალ ღმერთს შენ და შენი მორჩილნი.

31. განადგურდა სელი და ქერი, რადგან ქერი ათავთავებული იყო და სელი ყვაოდა.

32. ხორბალი და ასლი არ განადგურებულა, რადგან საგვიანო იყო.

33. გავიდა მოსე ფარაონისგან ქალაქის გარეთ და გაიწოდა ხელი უფლისაკენ. შეწყდა გრგვინვა და სეტყვა და წვიმის წვეთიც აღარ დაცემულა მიწაზე.

34. დაინახა ფარაონმა, რომ შეწყდა წვიმა, გრგვინვაც და სეტყვაც, და კვლავ შესცოდა. გაიქვავეს გული მან და მისმა მორჩილებმა.

35. გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ გაუშვა ისრაელიანები, როგორც ნათქვამი ჰქონდა მოსესთვის უფალს.