ძველი აღთქმა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი მეთორმეტე

1. მართალი იქნები, უფალო, როცა დავას დაგიწყებ. მაინც მოგახსენებ სამდურავს; რატომ წყალობს ბედი ბოროტმოქმედს, რატომ არიან უზრუნველად მატყუარები?

2. შენ დანერგე ისინი და გაიდგეს კიდეც ფესვი, ნაყოფიც გამოიღეს; მათ ბაგეთაგან ახლოსა ხარ, მაგრამ შორსა ხარ მათი ზრახვებიდან.

3. მაგრამ მე მიცნობ, უფალო. მხედავ და გამოცდილი გყავს ჩემი გული. ცხვარივით გარეკე ისინი დასაკლავად და ნიშანი დაადე დახოცვის დღისთვის.

4. როდემდის უნდა გლოვობდეს მიწა და ხმებოდეს მინდვრის ბალახი? პირუტყვი და ფრინველი იღუპება მიწის მკვიდრთა უკეთურების გამო, რომ ამბობენ, ჩვენს ბოლოს ვერ ხედავსო.

5. თუ ფეხით სირბილი გქანცავს, როგორ გაეჯიბრები ცხენებს? თუ მშვიდობიან ქვეყანაში უიმედოდ ხარ, რა გეშველება, როცა იორდანე ადიდდება?

6. რადგან შენი ძმებიცა და მამაშენის სახლიც, გღალატობენ. ისინიც კი გისევენ ბრბოს. ნუ ერწმუნები მათ, თუნდაც სასიკეთოდ გელაპარაკებოდნენ.

7. მივატოვე ჩემი სახლი, დავაგდე ჩემი სამკვიდრო, ჩემი სულზე უტკბესი მის მტრებს ჩავუგდე ხელში.

8. ჩემი სამკვიდრო მაღნარის ლომივით გახდა; შემომღრიალებს, რადგან შევიძულე.

9. ჭრელი ონავარი ფრინველია ჩემი სამკვიდრო, ონავარი ფრინველები შემოადგენ ირგვლივ, წადით, შეყარეთ გარეული მხეცები, მოიყვანეთ და შეაჭმევინეთ იგი.

10. უამრავმა მწყემსმა გაანადგურა ჩემი ვენახი, გათელეს ჩემი ყანა, ჩემი ნანინანაგრი ყანა გატიალებულ უდაბნოდ აქციეს.

11. გაატიალეს და შემომტირის გატიალებული; მთელი ქვეყანა გატიალდა, მაგრამ არავინაა გულშემატკივარი.

12. უდაბნოს ყველა გორაკს შეესივნენ ავაზაკები, რადგან უფლის მახვილი ჭამს ყველაფერს ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე. არცერთ ხორციელს არ ექნება მშვიდობა.

13. დათესეს ხიარბალი და ეკალი მოიმკეს. დაშვრნენ და სარგებელი ვერ ნახეს. გრცხვენოდეთ ამ თქვენი მოსავლისა - უფლის რისხვისა.

14. ასე ამბობს უფალი: ყველა ჩემს ბოროტ მეზობელს, რომელთაც ხელჰყვეს სამკვიდრო, ჩემს ერს რომ დავუმკვიდრე, წარვხოცავ მათი ქვეყნიდან, და იუდას სახელსაც წარვხოცავ მათთან ერთად.

15. წარვხოცავ და მერე კვლავ შევიწყალებ, თავ-თავის სამკვიდროში და თავ-თავის ქვეყანაში დავაბრუნებ ყველას.

16. თუ ისწავლიან ჩემი ერის გზას, რომ დაიფიცონ ჩემი სახელი, ცოცხალ არს უფალი, როგორც მათ ასწავლეს ჩემს ერს ბაალის ფიცი, ისინიც აშენდებიან ჩემს ერთად ერთად.

17. მაგრამ თუ არაფერს გაიგონებენ, სრულიად ამოვძირკვავ ამ ხალხს და გავანადგურებ, ამბობს უფალი.