ძველი აღთქმა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი მეთოთხმეტე

1. უფლის სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ, გვალვის გამო.

2. გლოვობს იუდა, ჩაკვდნენ მისი ჭიშკრები, თავი ჩაქინდრეს; იერუსალიმი ხმამაღლა კივის.

3. დიდებულნი წყალზე გზავნიან თავიანთ ყმებს, მიდიან ჭებთან და წყალს ვერ პოულობენ. ცარიელი ჭურჭლებით ბრუნდებიან უკან გაწბილებულნი, სირცხვილისაგან თავს იბურავენ.

4. დასკდა მიწა, რადგან წვიმა არ მოსულა ქვეყანაში; დაირცხვინეს მიწის მუშაკებმა, თავი დაიბურეს.

5. შველმაც კი მიაგდო ნუკრი, ველზე რომ დაბადა, რადგან ბალახი აღარ იზრდება.

6. გარეული ვირები შემდგარან ბორცვზე და ჰაერს ყლაპავენ ტურებივით; თვალები დაევსოთ, რადგან აღარ არის ბალახი.

7. თუმცა ჩვენი უკეთურებანი გვამხილებენ, უფალო, შენი სახელის გულისთვის მაინც ჰყავი წყალობა! უზომოა ჩვენი განდგომილება, შევცოდეთ შენს წინაშე.

8. ისრაელის სასოვ და მხსნელო გასაჭირში! რადა ხარ მდგმურივით ამ ქვეყანაში, მგზავრივით, ღამის გასათევად რომ გაჩერებულა?

9. რადა ხარ, როგორც კაცი გაოგნებული, როგორც გმირი, რომელსაც შველა არ შეუძლია. შენ ხომ ჩვენს შორისა ხარ, უფალო? ჩვენ ხომ შენი სახელით ვიწოდებით, ნუ მიგვატოვებ!

10. ასე ამბობს უფალი ამ ხალხზე: რაკი უყვარდათ ხეტიალი და ფეხებს არ ასვენებდნენ, უფალმაც არ შეიტკბო ისინი; ახლა იხსენებს მათ უკეთურებას და სჯის ცოდვებისათვის.

11. მითხრა უფალმა: ნუ ილოცებ ამ ხალხისთვის მის სასიკეთოდ.

12. შეუდგებიან მარხვას, მაგრამ მე არ მოვისმენ მათ ვედრებას. მომიტანენ აღსავლენს და შესაწირავს, მაინც არ შევიტკბობ მათ, რადგან მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით ვაპირებ მათ ამოწყვეტას.

13. ვთქვი: ეჰა, უფალო ღმერთო, წინასწარმეტყველნი ეუბნებიან მათ: არ იხილავთ მახვილს და არ მოესწრებითო შიმშილობას; მტკიცე მშვიდობას მოგანიჭებთო ამ ადგილზე.

14. მითხრა უფალმა: სიცრუეა, რასაც წინასწარმეტყველნი ჩემი სახელით ქადაგებენ. მე არ გამომიგზავნია, არ დამირიგებია ისინი, არ მილაპარაკნია მათთან. ცრუ ხილვებს, მისნობას, სიყალბეს და თავიანთი გულის გამონაგონს გიქადაგებენ ისინი.

15. ამიტომ ასე ამბობს უფალი წინასწარმეტყველებაზე: ქადაგებენ ჩემი სახელით, თუმცა მე არ გამომიგზავნია ისინი; ამბობენ, მახვილი და შიმშილობა არ იქნებაო ამ ქვეყანაში, მაგრამ თავად ეს წინასწარმეტყველნი გაწყდებიან მახვილითა და შიმშილით.

16. ის ხალხიც, რომელსაც ისინი უქადაგებენ, შიმშილისა და მახვილის მსხვერპლი გახდება და იერუსალიმის ქუჩებში დაიყრება. დამმარხველიც არ ეყოლებათ მათ, არც მათ ცოლებს, არც მათ ვაჟებს, არც მათ ასულებს. მათ ბოროტებას მათვე გადავანთხევ.

17. უთხარი მათ ეს სიტყვა: ღვარეთ ცრემლები, ჩემო თვალებო, დღითა და ღამით, განუწყვეტლივ! რადგან უბედურება დაატყდა თავზე ქალწულს, ასულს ჩემი ერისა, წყლული სჭირს ძალზე მძიმე!

18. გავდივარ ველად და, აჰა - მახვილით განგმირულნი! შევდივარ ქალაქში და, აჰა - შიმშილით დახოცილნი! წინასწარმეტყველიც და მღვდელიც კი უგონოდ მიმოდიან ქვეყნად.

19. ნუთუ საბოლოოდ შეიძულე იუდა? ნუთუ შეიზიზღა შენმა სულმა სიონი? რატომ დაგვლახვრე ისე, რომ ვეღარ ვიკურნებით? მშვიდობის იმედი გვაქვს და არ ჩანს სიკეთე; ველით განკურნების ჟამს და, აჰა - საშინელება!

20. ვაღიარებ, უფალო ჩვენს უგუნურებებს, ჩვენი მამა-პაპის დანაშაულს, რადგან ცოდვილნი ვართ შენს წინაშე.

21. ნუ შეგვიძულებ, შენი სახელის გულისთვის, ნუ დაამდაბლებ შენი დიდების ტახტს. გაიხსენე, ნუ დაარღვევ შენს აღთქმას ჩვენთან.

22. თუ არის ხალხთა კერპებს შორის ვინმე წვიმის მომყვანი? ან იქნებ თავისთავად იძლევა ცა წვიმას? ეს ხომ შენა ხარ, უფალო, ჩვენო ღმერთო? შენ გესავთ, რადგან შენი შექმნილია ეს ყოველივე.