ძველი აღთქმა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეცხრე

1. ეს არის სიტყვები წერილისა, რომელიც იერუსალიმიდან გაუგზავნა იერემია წინასწარმეტყველმა გადასახლებაში მყოფი უხუცესიაბის დანარჩომს, მღვდლებს, წინასწარმეტყველებს და ყველას, ვინც ნაბუქოდონოსორმა გადაასახლა იერუსალიმიდან ბაბილონში.

2. (ეს მას მერე მოხდა, რაც მეფე იექონია, დედოფალი, კარისკაცები, იუდასა და იერუსალიმის მთავრები, ხუროები და მჭედლები წავიდნენ იერუსალიმიდან);

3. გაუგზავნა ელყასა შაფანის ძის და გემარია ხილკიას ძის ხელით, რომლებიც მიავლინა იუდას მეფემ ციდკიამ ნაბუქოდონოსორთან, ბაბილონის მეფესთან, ბაბილონში.

4. ასე ეუბნება ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, ყველა გადასახლებულს, ვინც იერუსალიმიდან ბაბილონში გადავასახლე:

5. აშენეთ სახლები და დასახლდით, გააშენეთ ბაღები და ჭამეთ მათი ნაყოფები;

6. ითხოვეთ ცოლები და გააჩინეთ ვაჟები და ასულები; უთხოვეთ ცოლები ვაჟიშვილებს და გაათხოვეთ ასულები; გააჩინონ შვილები ვაჟებმაც და ასულებმაც. გამრავლდით მანდ და არ შემცირდეთ!

7. იზრუნეთ იმ ქალაქის კეთილდღეობისთვის, სადაც გადაგასახლეთ, უფალს შეავედრეთ იგი, რადგან მისი კეთილდღეობით თქვენც კეთილდღეობაში იქნებით.

8. რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: არ შეგაცდინონ თქვენს შორის მყოფმა წინასწარმეტყველებმა ან თქვენმა მისნებმა, არ დაუჯეროთ თქვენს სიზმრებს, რომლებიც გესიზმრებათ;

9. რადგან სიცრუეა, რასაც ისინი გიქადაგებენ ჩემი სახელით; მე არ მომივლენია ისინი, ამბობს უფალი.

10. რადგან ასე ამბობს უფალი: როგორც კი შეუსრულდება ბაბილონს სამოცდაათი წელი, მოგხედავთ და აგისრულებთ ჩემს სასიკეთო სიტყვას, ამ ადგილზე დაგაბრუნებთ-მეთქი.

11. რადგან მე ვიცი ჩემი განზრახვები, რაც თქვენთვის განმიზრახავს, ამბობს უფალი, საკეთილდღეო განზრახვები და არა საზიანო, რათა მოგცეთ მომავალი და იმედი.

12. მომიხმობთ, მოხვალთ, შემევედრებით და მე მოგისმენთ თქვენ.

13. დამიწყებთ ძებნას და მიპოვნით, თუ მთელი გულით მეძებეთ.

14. მოვიძებნები თქვენთვის, ამბობს უფალი. დაგიბრუნებთ წარტაცებულს, შემოგკრებთ ყველა ხალხისგან და ყველა ადგილიდან, სადაც კი გაგდებული მყავხართ, ამბობს უფალი; დაგაბრუნებთ იმ ადგილას, საიდანაც გადაგასახლეთ.

15. რომ ამბობთ, წინასწარმეტყველნი აღგვიდგინაო უფალმა ბაბილონში,

16. ასე ამბობს უფალი მეფეზე, დავითის მოსაყდრეზე, და მთელს ერზე, ამ ქალაქის მკვიდრზე, თქვენს ძმებზე, რომელნიც არ წამოსულან თქვენთან ერთად გადასახლებაში;

17. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, მოვუვლენ მათ მახვილს, შიმშილს და შავ ჭირს, გავხდი მათ დამპალი ლეღვივით, საჭმელად რომ არ ვარგა;

18. მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით დავუწყებ დევნას, გავხდი საფრთხობელად ყველა სამეფოსთვის დედამიწის ზურგზე, შესაჩვენებლად, შესაზარად, სამასხროდ და სასირცხოდ ყველა ხალხში, სადაც გაგდებული მეყოლებიან.

19. იმის სანაცვლოდ, რომ არ ესმოდათ ჩემი სიტყვა, ამბობს უფალი, გიგზავნიდით ჩემს მორჩილთ, წინასწარმეტყველებს, გამუდმებით გიგზავნიდით და არ უსმენდით, ამბობს უფალი.

20. თქვენ მაინც გაიგონეთ უფლის სიტყვა, გადასახლებულნო, რომლებიც იერუსალიმიდან ბაბილონში მყავხართ გაგზავნილი.

21. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ისრაელის ღმერთი, ახაბ კოლაიას ძეზე, და ციდკია მაყასიას ძეზე, რომლებიც სიცრუეს გიქადაგებენ ჩემი სახელით. აჰა, ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის, ხელში ჩავაგდებ მათ და ის დახოცავს მათ თქვენს თვალწინ.

22. წყევლის იგავად შეიქნებიან ისინი ბაბილონში გადასახლებული იუდაელებისთვის, რომლებიც იტყვიან: გაგხადოს უფალმა ციდკიასავით და ახაბივით, რომლებიც ცეცხლში შეწვა ბაბილონის მეფემ

23. იმის გულისთვის, რომ სისაძაგლე ჩაიდინეს ისრაელში, რყვნიდნენ მეზობლის ცოლებს და სიცრუეს ქადაგებდნენ ჩემი სახელით, რაც არ დამივალებია მათთვის. მე ვიცი და მოწმე ვარ, ამბობს უფალი.

24. შემახია ნეხელამელს უთხარი:

25. ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: რაკი შენი სახელით წერილები დაუგზავნე იერუსალიმში მყოფ ხალხს, და მღვდელ სოფონიას, მაყასიას ძეს, და ყველა მღვდელს, რომ

26. უფალმა დაგადგინა მღვდლად იეჰოიადაყ მღვდლის ნაცვლად, რათა ყური გეგდო უფლის სახლში ყოველ ბნედიანისთვის, წინასწარმეტყველად რომ მოაქვს თავი, ხუნდებში ჩაგესვა და დილეგში ჩაგეგდო,

27. ახლა რატომ არ ამხილებდი იერემია ყანათოთელს, წინასწარმეტყველად რიამ გაგიხდათ.

28. რადგან ჩვენც გვითვლიდა ბაბილონში, ხანგრძლივიაო ეს ამბავი! აშენეთ სახლები და დასახლდით, გააშენეთ ბაღები და ჭამეთ მათი ნაყოფიო.

29. ხმამაღლა წაუკითხა სოფონია მღვდელმა ეს წერილი იერემია წინასწარმეტყველს.

30. მაშინ იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი:

31. შეუთვალე გადასახლებულებს: ასე ამბობს-თქო უფალი შემაყია ნეხელამელზე: რაკი გიქადაგებთ შემაყია, რომელიც მე არ მომივლენია, და ტყუილად გაიმედებთ,

32. ამიტომ, ასე ამბობს უფალი: აჰა, დავსჯი შემაყია ნეხელამელს და მის მოდგმას; კაციშვილი არ დარჩება მისგან ამ ერში, ვერ იხილავს სიკეთეს, რასაც ჩემს ერს გაუკეთებ, ამბობს უფალი, რადგან უფლისაგან განდგომას ქადაგებდა.