ძველი აღთქმა

იერემია წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეთხუთმეტე

1. სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან იუდას მეფის იეჰოაკიმ იოშიას ძის დროს:

2. წადი რექაბიანთა თემში, ელაპარაკე და მოიყვანე ისინი უფლის სახლში, ერთ-ერთ სენაკში და ღვინო შეასვი.

3. წამოვიყვანე იაზანია, ძე იერემიასი, ძისა ხაბაცინიასი, მისი ძმები, მისი შვილები და რექაბიანთა მთელი თემი,

4. და მივიყვანე ისინი უფლის სახლში ღვთისკაცის, ხანან იგდალიას, სენაკში, რომელიც მთავართა სენაკის გვერდით იყო, მაყასეია შალუმის ძის, ზღურბლის მცველის, სენაკის ზემოთ.

5. წინ დავუდგი რექაბიანთა თემის შვილებს ღვინით სავსე თასები და ფიალები და ვუთხარი მათ: შესვით ღვინო.

6. თქვესა ღვინოს არა ვსვამთ, რადგან იონადაბ რექაბის ძემ, ჩვენმა წინაპარმა გვიანდერძა, ღვინოს ნუ დალევთ ნურასოდეს, ნურც თქვენ და ნურც თქვენი შვილებიო.

7. სახლებს ნუ ააშენებთ, თესლს ნუ დათესავთ, ვენახს ნუ გააშენებთ, ნურაფერს იქონიებთ; მხოლოდ კარვებში იცხოვრეთ მთელი სიცოცხლე, რათა დიდხანს იცოცხლოთ დედამიწის ზურგზე, სადაც მდგმურებად ხართო.

8. ჩვენც ვემორჩილებით იონადაბ რექაბის ძეს, ჩვენს წინაპარს, ყველაფერში, რაც გვიანდერძა: არ დავლიოთ ღვინო მთელი ჩვენი სიცოცხლე, არც ჩვენ, არც ჩვენმა ცოლებმა, არც ჩვენმა ვაჟებმა და არც ჩვენმა ასულებმა,

9. არ ვაშენოთ სახლები საცხოვრებლად. არა გვაქვს არც ვენახი, არც ყანა, არც ნათესები;

10. ვცხოვრობთ კარვებში და ვემორჩილებით იონადაბს, ჩვენს წინაპარს, და ყველაუერს ისე ვაკეთებთ, როგორც გვიანდერძა.

11. როცა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, მოადგა ქვეყანას, ჩვენ ვთქვით: წამო, წავიდეთ იერუსალიმში, გავეცალოთ ქალდეველთა და არამელთა ლაშქარს. და ვცხოვრობთ იერუსალიმში.

12. იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი.

13. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: წადი, უთხარი იუდას ხალხს და იერუსალიმის მცხოვრებლებს, ნუთუ აღარ ისწავლით ჭკუას და არ გაიგონებთ ჩემს ნათქვამს? ამბობს უფალი.

14. სრულდება იონადაბ რექაბის ძის ნაანდერძევი სიტყვები თავისი შთამომავლებისადმი, რომ არ დალიონ ღვინო, და დღემდე არ სვამენ, რადგან ემორჩილებიან თავიანთი წინაპრის ანდერძს. მე კი გამუდმებით გელაპარაკებოდით, მაგრამ ჩემი გაგონებაც არ გინდოდათ.

15. გამუდმებით ვაბარებდი თქვენთან ჩემს მორჩილთ - წინასწარმეტყველებს: მოიქეცით ბოროტი გზიდან, გამოისწორეთ საქციელი, ნუ მისდევთ სხვა ღმერთებს თაყვანსაცემად და დარჩებით ამ მიწაზე, რომელიც თქვენთვის და თქვენი მამა-პაპისთვის მომიცია-მეთქი, მაგრამ თქვენ ყური არ მათხოვეთ და არ გამიგონეთ.

16. ასეა, ასრულებენ იონადაბ რექაბის შთამომავლები თავიანთი წინაპრის ნაანდერძევს. ამ ხალხს კი ჩემი გაგონება არ უნდა.

17. ამიტომ ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მოვუვლენ იუდას და იერუსალიმის მცხოვრებლებს ყველა ბოროტებას, რითაც დავემუქრე მათ, იმის გამო, რომ ველაპარაკებოდი და არ მიგონებდნენ, ვუხმობდი და ხმას არ მცემდნენ.

18. რექაბიანთა თემს უთხრა იერემიამ: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, რაკი დაემორჩილეთ თქვენი წინაპრის, იონადაბის ნაანდერძევს, იცავთ მის ყოველ ნაანდერძევს და ყველაფერს ისე აკეთებთ, როგორც მან გიანდერძათ,

19. ამიტომაც, ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: არასოდეს მოაკლდეს იონადაბ რექაბის ძეს ჩემს წინაშე მდგომელი კაცი.