ძველი აღთქმა

იესო ნავეს ძე

თავი ოცდამეერთე

1. მივიდნენ ლევიანთა მამამთავრები ელეაზარ მღვდელთან, იესო ნავეს ძესთან და ისრაელიანთა შტოთა მამამთავრებთან.

2. ასე ელაპარაკნენ მათ სილოამში, ქანაანელთა ქვეყანაში: ნაბრძანები აქვს უფალს მოსეს პირით, რომ მოგვცეს ქალაქები საცხოვრებლად და მათი სანახები პირუტყვისათვის.

3. მისცეს ისრაელიანებმა ლევიანებს წილი თავიანთი სამკვიდროდან, უფლის ბრძანებისებრ, ეს ქალაქები მათი სანახებითურთ.

4. ხვდა წილი კაჰათის საგვარეულოებს. ერგოთ წილისყრით აარონ მღვდელის შთამომავლებს, ლევიანებს იუდას შტოდან, სიმონის შტოდან და ბენიამინის შტოდან - ცამეტი ქალაქი.

5. ხოლო კაჰათის დანარჩენ შთამომავალთ ეფრემის შტოს საგვარეულოებიდან, დანის შტოდან და მენაშეს შტოს ნახევრიდან - წილისყრით ათი ქალაქი.

6. გერშონის შთამომავლებს ისაქარის შტოს საგვარეულოებიდან, აშერის შტოდან, ნაფთალის შტოდან და მენაშეს შტოს ნახევრიდან ბაშანში - წილისყრით ცამეტი ქალაქი.

7. მერარის შთამომავლებს მათი საგვარეულოების მიხედვით რეუბენის შტოდან, გადის შტოდან და ზებულონის შტოდან - თორმეტი ქალაქი.

8. მისცეს ისრაელიანებმა ლევიანებს წილისყრით ეს ქალაქები მათი სანახებითურთ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

9. მისცეს იუდაელთა შტოდან და სიმონიანთა შტოდან ეს ქალაქები, რომელთაც უწოდა სახელები.

10. აარონის შთამომავლებს კაჰათის საგვარეულოებიდან, ლევიანებს, რადგან პირველად იყარეს წილი,

11. მისცეს ყანოკის მამისეული კირიათ-არბე, ანუ ხებრონი, იუდას მთაზე, თავისი სანახებითა და შემოგარენითურთ.

12. ქალაქის ყანები და სოფლები საკუთრად მისცეს ქალებ იეფუნეს ძეს.

13. აარონ მღვდლის შთამომავლებს მისცეს კაცისმკვლელთა თავშესაფარი ქალაქი - ხებრონი თავისი სანახებითურთ და ლიბნა თავისი სანახებითურთ,

14. იათირი თავისი სანახებითურთ და ეშთემრა თავისი სანახებითურთ,

15. ხოლონი თავისი სანახებითურთ და დაბირი თავისი სანახებითურთ,

16. ყაინი თავისი სანახებითურთ, იუტა თავისი სანახებითურთ და ბეთ-შემეში თავისი სანახებითურთ - ცხრა ქალაქი ამ ორი შტოდან.

17. ხოლო ბენიამინის შტოდან - გაბაონი თავისი სანახებითურთ და გებაყი თავისი სანახებითურთ,

18. ყანათოთი თავისი სანახებითურთ და ყალმონი თავისი სანახებითურთ - ოთხი ქალაქი.

19. აარონის შთამომავლებს, მღვდლებს, ერგოთ სულ ცამეტი ქალაქი მათი სანახებითურთ.

20. კაჰათის საგვარეულოებს, ლევიანებს - კაჰათის დანარჩენ შთამომავლობას ერგოთ წილისყრით ქალაქები ეფრემის შტოდან.

21. მისცეს მათ კაცისმკვლელთა თავშესაფარი ქალაქი შექემი, თავისი სანახებითურთ ეფრემის მთაზე, და გეზერი თავისი სანახებითურთ;

22. კიბცაიმი თავისი სანახებითურთ და ბეთ-ხორონი თავისი სანახებითურთ - ოთხი ქალაქი.

23. დანის შტოდან: ელთეკე თავისი სანახებითურთ და გიბეთონი თავისი სანახებითურთ,

24. აიალონი თავისი სანახებითურთ და გათ-რიმონი თავისი სანახებითურთ - ოთხი ქალაქი.

25. მენაშეს შტოს ნახევრიდან: თაყანაქი თავისი სანახებითურთ და გათ-რიმონი თავისი სანახებითურთ - ორი ქალაქი.

26. სულ ათი ქალაქი თავისი სანახებითურთ კაჰათის დანარჩენ შთამომავლთა საგვარეულოებს.

27. გერშონის შთამომავლებს, ლევიანთა საგვარეულოს ხალხს, მისცეს მენაშეს შტოს ნახევრიდან კაცისმკვლელთა თავშესაფარი ქალაქი გოლანი ბაშანში თავისი სანახებითურთ და ბეეშთერა თავისი სანახებითურთ - ორი ქალაქი.

28. ისაქარის შტოდან: კიშიონი თავისი სანახებითურთ და დაბრათი თავისი სანახებითურთ,

29. იარმუთი თავისი სანახებითურთ და ყენ-განიმი თავისი სანახებითურთ - ოთხი ქალაქი.

30. აშერის შტოდან: მიშალი თავისი სანახებითურთ და ყაბდონი თავისი სანახებითურთ,

31. ხელკათი თავისი სანახებითურთ და რეხობი თავისი სანახებითურთ - ოთხი ქალაქი.

32. ნაფთალის შტოდან კაცისმკვლელთა თავშესაფარი ქალაქი კედეში გალილეაში თავისი სანახებითურთ, ხამოთ-დორი თავისი სანახებითურთ და კართანი თავისი სანახებითურთ.

33. სულ ცამეტი ქალაქი თავის სანახებითურთ გერშონელებს მათი საგვარეულოების მიხედვით.

34. მერარიანთა საგვარეულოებს, დანარჩენ ლევიანებს ზებულონის შტოდან იოკნეყამი თავისი სანახებითურთ და კართა თავისი სანახებითურთ.

35. დიმნა თავისი სანახებითურთ და ნაჰალალი თავისი სანახებითურთ - ოთხი ქალაქი.

36. გადის შტოდან: კაცისმკვლელთა თავშესაფარი ქალაქი ნაბოთი გალაადში თავისი სანახებითურთ და მახანაიმი თავისი სანახებითურთ,

37. ხეშბონი თავისი სანახებითურთ და იაყზერი თავისი სანახებითურთ - სულ ოთხი ქალაქი.

38. მერარის შთამომავლობას საგვარეულოების მიხედვით, ლევიანთა დანარჩენ საგვარეულოებებს, წალისყრით შეხვდათ სულ თორმეტი ქალაქი.

39. ისრაელიანთა სამკვიდრებელში ლევიანებს ეკუთვნოდათ სულ ორმოცდარვა ქალაქი თავისი სანახებითურთ.

40. მათ ეკუთვნოდათ ეს ქალაქები, თითოეული ქალაქი თავისი გარეშემო სანახითურთ. ასე იყო ყოველი ქალაქისთვის.

41. მისცა უფალმა ისრაელს მთელი ქვეყანა, რომლის მიცემასაც დაჰპირდა მათ მამა-პაპას. მათაც დაისაკუთრეს იგი და დამკვიდრდნენ იქ.

42. მოასვენა ისინი უფალმა ყოველის მხრიდან, როგორც დაჰპირდა მათ მამა-პაპას. ვერა მტერი ვერ უმკლავდებოდა მათ, ყველანი ხელში ჩაუგდო მათ უფალმა.

43. არ გაცუდებულა არცერთი სასიკეთო სიტყვა, რომელიც კი ისრაელის სახლისთვის უთქვამს უფალს, ყველაფერი ახდა.