ძველი აღთქმა

იესო ნავეს ძე

თავი მეოთხე

1. როცა მთელმა ერმა გადალახა იორდანე, ასე უთხრა უფალმა იესოს:

2. ამოირჩიე ხალხიდან თორმეტი კაცი, თითო კაცი თითო შტოდან.

3. ასე უბრძანე ხალხს: აკრიბეთ აქედან იორდანეს შუაგულიდან, სადაც მტკიცედ ედგათ ფეხი მღვდლებს, თორმეტი ქვა, თან წაიღეთ და დააწყვეთ სათევში, სადაც ღამის გათევას დააპირებთ.

4. დაიბარა იესომ თორმეტი კაცი, ისრაელიანთაგან რომ განაწესა, თითო კაცი თითო შტოდან.

5. უთხრა მათ იესომ: იარეთ უფლის, თქვენი ღმერთის კიდობნის წინ, იორდანეს შუაგულამდე, და თითო ქვა აიკიდეთ ზურგზე, ისრაელის შტოთა რიცხვის მიხედვით,

6. რათა ეს იყოს ნიშანი თქვენს შორის. როცა შეგეკითხებიან ოდესმე თქვენი შვილები: ეს რა ქვები გაქვთო?

7. მიუგეთ: იორდანეს წყლები რომ გაიპო-თქო უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე; როცა იორდანეს გაღმა გადადიოდა ერი, გაიპო-თქო იორდანეს წყლები. სამახსოვროდ ჰქონდეთ ეს ქვები ისრაელიანებს უკუნისამდე.

8. ასე მოიქცნენ ისრაელიანები, როგორც უბრძანა მაი იესომ: აკრიბეს თორმეტი ქვა იორდანეს შუაგულიდან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს იესოსთვის, ისრაელის შტოთა რიცხვის მიხედვით, და გავიდნენ ამ ქვებიანად, გაღმა, სათევში, და იქ დააწყვეს.

9. ასევე თორმეტი ქვა დააწყობინა იესომ იორდანეს შუაგულში იმ ადგილას, სადაც ფეხი ედგათ უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველ მღვდლებს. დღემდე იქ აწყვია ის ქვები.

10. უფლის კიდობნის მტვირთველი მღვდლები იორდანეს შუაგულში იდგნენ, ვიდრე ყველაფერი არ შესრულდა, რაც უფალმა უბრძანა იესოს ხალხისათვის სათქმელად, როგორც უანდერძა მოსემ იესოს. ხალხი აჩქარებით გადიოდა გაღმა.

11. როცა გადავიდა მთელი ხალხი, გადავიდნენ უფლის კიდობანი და მღვდლები ხალხის თვალწინ.

12. გადავიდნენ რეუბენიანები, გადიანები და მენაშეს შტოს ნახევარი ისრაელიანთა თვალწინ საომარი წყობით, როგორც ნათქვამი ჰქონდა მათთვის მოსეს.

13. ორმოციათასამდე იარაღასხმული კაცი გავიდა გაღმა უფლის წინაშე იერიხონის ველზე საბრძოლველად.

14. იმ დღეს განადიდა უფალმა იესო მთელი ისრაელის თვალში და სიკვდილამდე ეშინოდათ მისი, როგორც მოსესი ეშინოდათ.

15. ასე უთხრა უფალმა იესოს:

16. უბრძანე მღვდლებს, რომელთაც მოწმობის კიდობანი მოაქვთ, იორდანედან ამოვიდნენ.

17. უბრძანა იესომ მღვდლებს: ამოდით იორდანედან!

18. როგორც კი იორდანედან ამოვიდნენ მღვდლები, რომელთაც უფლის აღთქმის კიდობანი მოჰქონდათ და ხმელეთზე დაიდგა მღვდლების ტერფები, ისევ თავის ადგილას მოიქცა იორდანეს წყლები; როგორც გუშინ და გუშინწინ, იწყეს დინება თავის კალაპოტში.

19. ამოვიდა ხალხი იორდანედან პირველი თვის მეათე დღეს და დაბანაკდა გილგალში, იერიხონის აღმოსავლეთით.

20. ის თორმეტი ქვა, იორდანედან რომ წამოიღეს, გილგალში დააწყობინა იესომ.

21. ასე უთხრა ისრაელიანებს: როცა შეეკითხებიან ოდესმე თქვენი შთამომავლები თავიანთ მამებს: ეს რა ქვებიაო?

22. ასწავლეთ თქვენს შვილებს: მშრალზე გადმოლახათქო ისრაელმა ეს იორდანე.

23. რადგან ამოშრობილი ჰქონდა უფალს, თქვენს ღმერთს, იორდანეს წყლები თქვენს წინაშე, ვიდრე გაღმა არ გამოხვედით, როგორც უყო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მეწამულ ზღვას, რომელიც ამოაშრო ჩვენს წინაშე, ვიდრე გაღმა არ გამოვედით,

24. რათა ყველა ხალხმა გაიგოს ამ ქვეყანაზე უფლის მარჯვენის ამბავი, რომ მაგარია იგი, რათა მუდამ გეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთისა.