ძველი აღთქმა

იესო ნავეს ძე

თავი მეხუთე

1. როცა გაიგეს იორდანეს დასავლეთი ნაპირის მეფეებმა და ზღვისპირეთის ქანაანელმა მეფეებმა, რომ ამოაშრო უფალმა იორდანეს წყალი ისრაელიანთა წინაშე, ვიდრე გაღმა გამოვიდოდნენ, შეუდრკათ გული და მხნეობა წაუხდათ ისრაელიანთა გამო.

2. იმ დროს უთხრა უფალმა იესოს: გააკეთე კაჟის დანები და ერთხელ კიდევ წინდაცვითე ისრაელიანები.

3. გააკეთა იესომ კაჟის დანები და წინდაცვითა ისრაელიანები გიბყათ-ჰაყარალოთის (წინდაცვეთის გორა) მახლობლად.

4. აი, რის გამო წინდაცვითა ისინი იესომ: ეგვიპტიდან გამოსული მთელი მამროვანი ერი, ყველა, ვისაც ბრძოლა შეეძლო, დაიხოცნენ უდაბნოს გზაზე ეგვიპტიდან გამოსვლისას.

5. წინდაცვეთილი იყო მთელი ხალხი, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდა; მაგრამ ხალხი, რომელიც უდაბნოში, გზაში დაიბადა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, არ იყო წინდაცვეთილი.

6. რადგან ორმოცი წელი დადიოდნენ უდაბნოში ისრაელიანები, ვიდრე არ გაწყდა ეგვიპტიდან გამოსული მთელი ხალხი, ბრძოლის შემძლებელი, რომელთაც არ გაიგონეს უფლის სიტყვა და რომელთაც დაემუქრა უფალი, რომ თვალით არ ანახვებდა იმ ქვეყანას. მათი მამა-პაპისთვის რომ ჰქონდა აღთქმული, ქვეყანას, სადაც რძისა და თაფლის ღვარი დის.

7. მათ ნაცვლად კი მათი შვილები დაადგინა. სწორედ ესენი წინდაცვითა იესომ, რადგან წინდაუცვეთელნი იყვნენ, არ მიუღიათ წინდაცვეთა გზაში.

8. როცა წინდაიცვითა მთელმა ხალხმა, იქვე დარჩნენ ბანაკში ჭრილობის მოშუშებამდე.

9. უთხრა უფალმა იესოს: დღეს მოგწმინდეთ ეგვიპტის სირცხვილი. და უწოდა იმ ადგილს სახელად გილგალი და ასე ეწოდება დღემდე.

10. იდგნენ ბანაკად ისრაელიანები გილგალს და დაამზადეს პასექი თვის მეთოთხმეტე დღეს საღამოხანს, იერიხონის დაბლობზე.

11. ჭამეს იმ ქვეყნის ნაყოფები პასექის მეორე დღეს - ხმიადები და ქუმელი - სწორედ ამ დღეს.

12. შეწყდა მანანა მას შემდეგ, რაც ჭამეს ქვეყნის ნაყოფი. აღარ ჰქონდათ ისრაელიანებს მანანა და ჭამდნენ ქანაანის ქვეყნის მოსავალს იმ წელს. და იკვებებოდნენ ქანაანის ქვეყნის მოსავლით იმ წელიწადს.

13. ერთხელაც, როცა იერიხონთან იყო იესო, გაიხედა და დაინახა მის წინ მდგარი კაცი, რომელსაც ხელში გაშიშვლებული მახვილი ეჭირა. მივიდა მასთან იესო და ჰკითხა: მტერი ხარ თუ მოყვარე?

14. მიუგო: არა, უფლის მხედრობის თავი ვარ. ახლა მოვედი. პირქვე დაემხო იესო და თაყვანისცა. უთხრა: რას ეტყვის ჩემი ბატონი თავის მორჩილს?

15. უთხრა უფლის მხედრობის თავმა იესოს: ფეხსამოსი გაიძვრე ფეხზე, რადგან წმიდაა ეს ადგილი, სადაც დგახარ. ასეც მოიქცა იესო.