ძველი აღთქმა

იობი

თავი პირველი

1. იყო ერთი კაცი ყუცის ქვეყანაში, სახელად იობი. ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული იყო ეს კაცი.

2. ჰყავდა მას შვიდი ვაჟი და სამი ასული.

3. ჰყავდა საქონელი - შვიდიათასი სული ცხვარი, სამიათასი აქლემი, ხუთასი უღელი ხარი, ხუთასი დედალი ვირი, უამრავი მსახური. აღმოსავლელთა შორის ყველაზე სახელოვანი იყო ეს კაცი.

4. სტუმრობდნენ ერთმანეთთან მისი ვაჟები და მორიგეობით მართავდნენ ლხინს, იწვევდნენ თავიანთ სამ დას, რომ ერთად ეჭამათ და ესვათ.

5. როცა ჩამოთავდებოდა ლხინის დღეები, გაგზავნიდა იობი და განწმედდა მათ; ადგებოდა დილაადრიანად, აღავლენდა აღსავლენ მსხვერპლს მათი რიცხვისდა მიხედვით, რადგან ფიქრობდა იობი, ვაითუ რამე შესცოდესო ჩემმა ვაჟებმა და დაჰგმესო ღმერთი თავიანთ გულში. მუდამ ასე იქცეოდა იობი.

6. ერთ დღეს მივიდნენ ღვთისშვილები უფლის წინაშე წარსადგომად. სატანაც მივიდა მათ შორის.

7. უთხრა უფალმა სატანას: საიდან მოდიხარ? მიუგო სატანამ უფალს და უთხრა: ქვეყნად წანწალიდან და ხეტიალიდან.

8. უთხრა უფალმა სატანას: თუ შეგინიშნავს ჩემი მორჩილი იობი? ხომ არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე? ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული.

9. მიუგო სატანამ უფალს და უთხრა: მერედა ტყუილუბრალოდ არის იობი ღვთისმოშიში?

10. განა შენ არ გყავს დაცული მთელი მისი სახლ-კარითა და საბადებლითურთ? მისი ხელით ნაქმნარი შენგან არის კურთხეული, მისი საქონელი გამრავლებულია ქვეყნად.

11. აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე მთელს მის საბადებელს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა.

12. უთხრა უფალმა სატანას: აჰა, შენს ხელთ იყოს მთელი მისი საბადებელი! ოღონდ თავად მას ნუ შეეხები. და გავიდა სატანა უფლისგან.

13. ერთ დღეს, როცა მისი ვაჟები და ასულები ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ უფროსი ძმის სახლში,

14. მოვიდა მაცნე იობთან და უთხრა: ხარები ხნავდნენ, სახედრები კი ძოვდნენ მის გვერდით;

15. დაეცნენ შებაელები და გაირეკეს, მსახური ბიჭები კი მახვილით ამოხოცეს. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი.

16. ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა სხვა და ამბობს: ღვთის ცეცხლი ჩამოვარდა ციდან, გადაწვა ცხვარი და მსახური ბიჭები; შთანთქა ისინი. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი.

17. ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა სხვა და ამბობს: ქალდეველები დაეწყვნენ სამ რაზმად, დაეცნენ აქლემებს და წაასხეს, და მახვილით ამოხოცეს. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი.

18. ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა სხვა და ამბობს: შენი ვაჟები და ასულები ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ უფროსი ძმის სახლში.

19. ამ დროს დაბერა უდაბნოდან დიდმა ქარმა, ეძგება სახლის ოთხსავე კუთხეს, ჭერი თავზე დაემხო ყმაწვილებს და დაიხოცნენ. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი.

20. ადგა იობი, შემოიხია მოსასხამი, გადაიპარსა თავი, დაეცა მიწაზე და თაყვანი სცა.

21. თქვა: შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი.

22. მაინც არ შეუცოდავს იობს და ღვთის აუგი არ დასცდენია.