ძველი აღთქმა

იობი

თავი მეჩვიდმეტე

1. შემემუსრა სული, ჩამიქრა დღეები, საფლავი მზადაა ჩემთვის.

2. მხოლოდ მქირდავნი მარტყიან გარს და მათგან სიმწრით აღამებენ ჩემი თვალები.

3. მომხედე, გამიწიე თავდებობა შენს წინაშე! ხელს ხელზე სხვა ვინ დამკრავს?

4. რადგან დახურე მათი გული გონიერებისთვის, ამიტომაც არ აღაზევებ მათ.

5. ვინც მეგობრებს გასცემს ანგარებით, მათ შვილებს თვალის ჩინი აკლდება.

6. ხალხის საარაკოდ გამხადა და პირში საფურთხებლად ვიქეცი.

7. დარდისაგან თვალი დამევსო და დამიჭლევდა სხეულის ასოები.

8. გაოგნდებიან ამის გამო წრფელნი და უბრალონი უღვთოებს აუმხედრდებიან.

9. მართალი თავის გზას დაიჭერს და ხელწმიდა კაცი ძალას მოიცემს.

10. თქვენ კი, მობრუნდით, მოდით ყველანი; ბრძენს მაინც ეერ ვპოვებ თქვენს შორის.

11. ჩაიარეს ჩემმა დღეებმა, გამიქარწყლდა ზრახვები - ჩემი გულის მონაგარი.

12. ისინი ღამეს დღედ აქცევენ, მიადგა ნათელი წყვდიადის პირს.

13. თუ მოველი რასმე - ქვესკნელს, ჩემს სახლს; წყვდიადში გავშალე ჩემი სარეცელი.

14. საფლავს ჩავძახე: მამა ხარ ჩემი! ჭიაღუებს - ჩემი დედა და ჩემი და ხართ-მეთქი!

15. სადღაა ახლა ჩემი იმედი? ვინღა დაინახავს ჩემს იმედს?

16. ჩავა ქვესკნელის კარიბჭეებისკენ, სადაც ერთად გვექნება სავანე მტვერში.