ძველი აღთქმა

ლევიანნი

თავი ოცდამეშვიდე

1. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:

2. ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: თუ ვინმე უფლისადმი აღთქმული სულიერის სანაცვლოდ რამეს შესწირავს,

3. ოციდან სამოც წლამდე მამრის საფასური უნდა იყოს ორმოცდაათი შეკელი ვერცხლი საწმიდარის შეკელით;

4. თუ მდედრია, მისი საფასური ოცდაათი შეკელი უნდა იყოს.

5. თუ ხუთიდან ოც წლამდეა - მამრის საფასური ოცი შეკელი, მდედრისა კი ათი შეკელი უნდა იყოს.

6. თუ ერთი თვიდან ხუთ წლამდეა, მამრის საფასური ხუთი შეკელი ვერცხლი, მდედრისა კი სამი შეკელი ვერცხლი უნდა იყოს.

7. თუ სამოც წელზე მეტისაა, მამრის საფასური თხუთმეტი შეკელი, მდედრისა კი ათი შეკელი უნდა იყოს.

8. თუ სიღარიბის გამო საფასურის გადახდა არ შეუძლია, წარუდგინოს მღვდელს და მღვდელი შეაფასებს; როგორადაც ხელი მიუწვდება აღმთქმელს, ისე შეაფასოს მღვდელმა.

9. თუ ისეთი პირუტყვია, მსხვერპლად რომ შეიწივის უფლისათვის, უფლისადმი მიცემული ყველაფერი წმიდა უნდა იყოს.

10. არ უნდა შეცვალოს, არ იქნება მისი შენაცვლება - კარგისა ცუდით ან ცუდისა კარგით; თუ ვინმე შეცვლის პირუტყვს პირუტყვით, ესეც და მისი სანაცვლოც წმიდა უნდა იყოს.

11. თუ პირუტყვი უსურმაგია, რომელიც მსხვერპლად არ შეიწირვის უფლისათვის, წარუდგინონ პირუტყვი მღვდელს,

12. შეაფასოს მღვდელმა მისი ავ-კარგი; როგორც მღვდელი შეაფასებს, ისე იყოს.

13. თუ მის გამოსყიდვას მოინდომებს, საფასურს მეხუთედი დაუმატოს.

14. თუ ვისმე სახლის შეწირვა უნდა უფლის საწმიდარად, მღვდელმა შეაფასოს მისი ავ-კარგი; როგორც მღვდელი შეაფასებს მას, ისე ეღირება.

15. თუ სახლის შემწირველი თავისი სახლის გამოსყიდვას მოინდომებს, საფასურის მეხუთედი დაუმატოს და მისი იქნება.

16. თუ თავის საკუთარ ყანას სწირავს უფალს, საფასური ნათესის კვალობაზე უნდა განისაზღვროს; ერთ ხომერ ნათეს ქერზე ორმოცდაათი შეკელი ვერცხლი.

17. თუ ზეიმის წლიდან სწირავს თავის ყანას, საფასურისდა მიხედვით შესწიროს.

18. თუ ზეიმის შემდეგ სწირავს თავის ყანას, მღვდელმა ზეიმის წლამდე დარჩენილი წლების მიხედვით უნდა იანგარიშოს ვერცხლი და საფასურიდან გამოიქვითოს.

19. თუ ყანის გამოსყიდვას მოინდომებს მისი შემწირველი, საფასურის მეხუთედი ვერცხლი დაუმატოს და დაუბრუნდება.

20. თუ არ გამოისყიდის ყანას და სხვა კაცს მიეყიდება, ვეღარ გამოისყიდის.

21. როცა ყანა გასულია ზეიმის წელს, ის უფლის წმიდაა, როგორც დარისხებული ყანა; მღვდლის საკუთრება უნდა იყოს.

22. თუ სწირავს უფალს თავის ნაყიდ ყანას, რომელიც მისი წილი ყანებიდან არ არის,

23. უანგარიშოს მღვდელმა საფასურის რაოდენობა ზეიმის წლამდე და ეს კაცი იმდღესვე გადაიხდის საფასურს, როგორც საწმიდარს უფლისთვის.

24. ზეიმის წელს ყანა დაუბრუნდება მას, ვისგანაც ნაყიდი იყო, ვისაც მიწის ნაკვეთი ეკუთვნის.

25. ყოველი საფასური საწმიდარის შეკელის მიხედვით იყოს: ოცი გერა ერთი შეკელი უნდა იყოს.

26. ოღონდ პირუტყვის პირველმოგებულს, რომელიც პირმშოობით უფლისაა, ვერვინ შეწირავს; ხარი იქნება თუ ცხვარი, უფლისაა.

27. თუ პირუტყვი უსურმაგია, საფასურით უნდა იქნას გამოსყიდული და მისი მეხუთედიც დაემატოს; თუ არ იქნება გამოსყიდული, მის საფასურად უნდა გაიყიდოს.

28. ოღონდ ყოველი დარისხებული, რომელიც უფლისთვის დაარისხა კაცმა, თავისი საბადებლიდან - ადამიანი, თუ პირუტყვი, თუ თავისი წილხვედრილი ყანა, ვერც გაიყიდება და ვერც გამოისყიდება. ყოველი დარისხებული წმიდათა წმიდაა, უფლისაა.

29. ყოველი დარისხებული, რაც ადამიანმა დაარისხა, არ გამოისყიდება; უნდა მოკვდეს.

30. ყოველი მეათედი მიწისა, მიწის ნათესისა, ხის ნაყოფისა უფლისაა, უფლის წმიდაა.

31. თუ ვინმე თავისი მეათედის გამოსყიდვას დააპირებს, მისი მეხუთედი დაუმატოს.

32. ყოველი მეათედი ხარ-ძროხისა და ცხვრისა, ყოველი მეათე კომბლის ქვეშ გამავალთა შორის, უფლის წმიდაა.

33. არ უნდა შემოწმდეს მისი ავ-კარგი და არ უნდა იქნას შენაცვლებული; თუ შეინაცვლება, შენაცვლებულთან ერთად ისიც წმიდა იქნება, ვერ გამოისყიდება.

34. აჰა, წესები, რომლებიც გამოუცხადა უფალმა მოსეს ისრაელიანთათვის სინაის მთაზე.