ძველი აღთქმა

მალაქია წინასწარმეტყველი

თავი მესამე

1. აჰა, მოვავლენ ჩემს ანგელოზს და გაამზადებს გზას ჩემს წინაშე; უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, რომელსაც თქვენ ეძიებთ, და აღთქმის ანგელოზი, რომელიც გსურთ. აჰა, მოდის, ამბობს ცაბაოთ უფალი.

2. ვინ აიტანს მისი მოსვლის დღეს და ვინ გაუძლებს მის გამოცხადებას? რადგან ის გამომდნობელის ცეცხლივით არის და მრეცხავთა მტუტესავით.

3. დაჯდება ვერცხლის გამომდნობელი და განმწმედელი; განწმედს ლევიანებს და გაასუფთავებს მათ, როგორც ოქროსა და ვერცხლს, რომ სიმართლით მიუძღვნიან უფალს შესაწირავი.

4. მაშინ საამო იქნება უფლისათვის იუდას და იერუსალიმის შესაწირავი, როგორც ძველ დროში და გარსულ წელიწადებში.

5. მოვალ თქვენთან განსაკითხავად და ვიქნები ფიცხელი მოწმე ჯადოქართა და მემრუშეთა წინააღმდეგ ცრუმოფიცართაა მოჯამაგირეთა და ქვრივ-ობლების მჩაგვრელთა წინააღმდეგ, ხიზნის გამგდებელთა და ჩემს უშიშთა წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი.

6. რადგან მე, უფალი, არ ვიცვლები, თქვენც არ დაილევით იაკობის ძენო.

7. თქვენი მამა-პაპის დღეებიდან მოყოლებული გადადიოდით ჩემს წესებს და არ იცავდით მათ. ახლა მოიქეცი ჩემკენ და მეც მოვიქცევი თქვენკენ, ამბობს ცაბაოთ უფალი. თქვენ კი ამბობთ: რისთვის მოვიქცეთო?

8. განა ადამიანი მოატყუებს ღმერთს, რომ მატყუებთ მე და ამბობთ: რაში გატყუებთო? მეათედში და შესაწირავში.

9. წყევლითა ხართ დაწყევლილნი და მაინც მატყუებთ მთელი ხალხი.

10. მოიტანეთ მთელი მეათედი საგანძურში და იყოს საზრდო ჩემს სახლში. აბა, გამომცადეთ ამით, ამბობს ცაბაოთ უფალი, თუ არ გაგიხსნათ ცის საქანელნი და არ გადმოგიცალოთ კურთხევა აუწყველად.

11. შენთვის დავაკავებ მჭამელს, რომ არ წაგიხდინოთ მიწის ნაყოფი და არ გაგიპარტახდეთ მინდორში ვაზი, ამბობს ცაბაოთ უფალი.

12. ნეტარად ჩაგთვლით ყოველი ხალხი, რადგან სანუკვარ ქვეყანაში იცხოვრებთ, ამბობს ცაბაოთ უფალი.

13. მძლავრობენ ჩემზე თქვენი სიტყვები, ამბობს უფალი; თქვენ კი ამბობთ: რა გვითქვამს შენზეო?

14. თქვენ ამბობთ: ფუჭია ღვთის მორჩილება, რას გვარგებსო მისი სამსახური და მწუხარედ სიარული ცაბაოთ უფლის წინაშე?

15. ბედნიერები არიან ამპარტავნებიო, აშენდნენ კიდეც ბოროტმოქმედნი, ღმერთიც კი გამოსცადეს და გადარჩნენო!

16. როცა უფლის მოშიშნი ლაპარაკობენ ერთმანეთში, ყურს უგდებს უფალი, ესმის და იწერება მის წინაშე სამახსოვრო წიგნი უფლის მოშიშთათვის და მისი სახელის მომხსენიებელთათვის.

17. ჩემი იქნებიან ისინი, ამბობს უფალი, იმ დღისთვის, როცა უნჯად გავამზადებ მათ და შევიბრალებ, როგორც კაცი შეიბრალებს თავის შვილს, რომელიც მას მორჩილებს.

18. კვლავ განარჩევთ მართალსა და ბოროტეულს, ღვთის მორჩილსა და მის ურჩს.

19. რადგან, აჰა, მოდის დღე, თონესავით ავარვარებული და ყველა ამპარტავანი და ავისმოქმედი ჩალა იქნება და გადაბუგავს მათ მომავალი დღე, ამბობს ცაბაოთ უფალი; ისე რომ არ შეარჩენს არც ძირს და არც რტოს.

20. ამოგიბრწყინდებათ, ჩემი სახელის მოშიშნო, მზე სიმართლისა და კურნება იქნება მის ფრთებზე; თქვენც გამოხვალთ და აკუნტრუშდებით ბაგის ხბოებივით.

21. გათელავთ ბოროტეულთ, რადგან უნდა გაცამტვერდნენ ისინი თქვენს ტერფებქვეშ იმ დღეს, რომელსაც მე ვამზადებ, ამბობს ცაბაოთ უფალი.

22. გაიხსენეთ მოსეს, ჩემი მორჩილის, რჯული, რომელიც გამოვუცხადე მას ხორებზე მთელი ისრაელისთვის, და მცნებანი და სამართალნი.

23. აჰა, მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დღის, დიდის და საშინელის დადგომამდე.

24. ის შეარიგებს მამების გულს შვილების გულთან და შვილების გულს მამების გულთან, რომ ჩემი მოსვლისას ქვეყანა შეჩვენებით არ შევმუსრო.