ძველი აღთქმა

მიქა წინასწარმეტყველი

თავი მესამე

1. ვთქვი: ისმინეთ, იაკობის მთავარნო და ისრაელის სახლის მსაჯულნო! განა არა ხამს თქვენთვის სამართლის ცოდნა?

2. სიკეთის მოძულენი და ბოროტების მოყვარულნი ხართ; ტყავს აძრობთ ჩემს ხალხს და ძვლებიდან ხორცს აგლეჯთ.

3. ვინ არიან, ჩემი ხალხის ხორცს რომ ჭამენ და აძრობენ ტყავს? ვინ არიან, რომ ამტვრევენ მათ ძვლებს და აქუცმაცებენ როგორც ქვაბში და ხორცს როგორც ქოთანში?

4. მაშინ შეჰღაღადებენ უფალს, ის კი ხმას არ სცემს მათ; თავის სახეს უმალავს ამ დროს, როცა ბოროტებას სჩადიან.

5. ასე ამბობს უფალი წინასწარმეტყველებზე, რომლებიც გზა-კვალს ურევენ ჩემს ხალხს; მშვიდობას რომ ქადაგებენ და კბილებით კი რაღაცას ჯიჯგნიან; თუ ვინმემ რამე არ ჩაუდვა პირში, ომს უცხადებენ.

6. ამიტომ დაგიდგებათ ღამე ხილვების გარეშე და სიბნელე - მისნობის გარეშე; მზე ჩაესვენება წინასწარმეტყველთა თავზე და დღე დაუბნელდებათ;

7. გაწბილდებიან მისნები, შერცხვებიან მკითხავები და პირს დამუწავენ ყველანი, რადგან პასუხს არ გაიღებს ღმერთი.

8. მე კი ავსილი ვარ ძალით, უფლის სულით, სიმართლითა და სიმტკიცით, რომ გამოვუცხადო იაკობს მისი დანაშაული და ისრაელს მისი ცოდვა.

9. ისმინეთ ეს, იაკობის სახლის თავკაცნო და ისრაელის სახლის განმგებელნო, რომელთაც შეგიძულებიათ სამართალი და ყოველივე წრფელი გაგიმრუდებიათ.

10. სისხლით რომ აშენებთ სიონს და უსამართლობით - იერუსალიმს.

11. მისი მთავრები ქრთამით სჯიან სამართალს და მისი მღვდლები გასამრჯელოს ართმევენ დამოძღვრაში, მისი წინასწარმეტყველნი ვერცხლზე მისნობენ; უფალს ემყარებიან, ამბობენ: განა ჩვენს შორის არ არის უფალი? უბედურება არ გვეწევაო.

12. ამიტომ შენს გამო ყანად გადაიხვნება სიონი და იერუსალიმი ნანგრევებად იქცევა, ტაძრის მთა კი - ტყიან ბორცვად.