ძველი აღთქმა

მსაჯულნი

თავი მეათე

1. აბიმელექის შემდეგ გამოჩნდა თოლაყი, ძე ფუასი, ძისა დოდოსი, ისაქარელი, ისრაელის სახსნელად. იგი შამირში ცხოვრობდა, ეფრემის მთაში.

2. მსაჯულობდა ისრაელზე ოცდასამი წელი, მერე მოკვდა და შამირში დამარხეს.

3. მის შემდგომ გალაადელი იაირი გამოჩნდა და მსაჯულობდა ისრაელზე ოცდაორი წელი.

4. ოცდაათი ვაჟი ჰყავდა, ოცდაათ ახალგაზრდა სახედარზე ამხედრებული, პატრონი ოცდაათი ქალაქისა, რომელთაც დღემდე იაირის ნასახლარებს უწოდებენ გალაადის მხარეში.

5. მერე მოკვდა იაირი და კამონში დამარხეს.

6. კვლავ უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში, ემსახურებოდნენ ბაალებსა და აშთაროთებს, არამის, სიდონის, მოაბის ღმერთებს, ყამონელებისა და ფილისტიმელების ღმერთებს. უფალი კი დაივიწყეს და აღარ ემსახურებოდნენ მას.

7. აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელის მიმართ და ხელში ჩაუგდო ისინი ფილისტიმელებსა და ყამონელებს.

8. იმ წლიდან მოკიდებული ავიწროებდნენ და ჩაგრავდნენ ისინი ისრაელიანებს თვრამეტი წელი, ყველა ისრაელიანს, ვინც იორდანეს გაღმა ესახლა ამორეველების მიწაზე, გალაადის მხარეში.

9. ბოლოს გადმოლახეს ყამონელებმა იორდანე, რომ შებრძოლებოდნენ იუდას, ბენიამინსა და ეფრემის სახლს. ძლიერ გაუჭირდა ისრაელს.

10. შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს და უთხრეს: შეგცოდეთ, რადგან დავივიწყეთ ჩვენი ღმერთი და ვემსახურებოდით ბაალებს.

11. უთხრა უფალმა ისრაელიანებს: ხომ მიხსნიხართ ეგვიპტისგან, ამორეველთაგან, ყამონიანთაგან და ფილისტიმელთაგან;

12. ციდონელები, ყამალეკი და მაყონი, გავიწროებდნენ და როცა კი შემოგიღაღადებიათ ჩემთვის, ხომ მიხსნიხართ მათი ხელიდან?

13. თქვენ კი დამივიწყეთ და ემსახურებოდით უცხო ღმერთებს, ამიტომაც აღარ გიხსნით.

14. წადით და შეჰღაღადეთ თქვენს მიერ არჩეულ ღმერთებს. მათ გიხსნან თქვენს გასაჭირში.

15. უთხრეს ისრაელიანებმა: შევცოდეთ! გვიყავ, რაც გენებოს, ოღონდ დღეს გვიხსენი.

16. უარყვეს უცხო ღმერთები და უფლის მსახურებას შეუდგნენ. ვეღარ აიტანა მისმა სულმა ისრაელის ტანჯვა.

17. შეიყარნენ ყამონიანები და გალაადში დაბანაკდნენ. შეიყარნენ ისრაელიანებიც და მიცფაში დაბანაკდნენ.

18. თქვეს ერთმანეთში ხალხმა და გალაადის მთავრებმა: ვინც პირველი შეებრძოლება ყამონიანებს, ის იყოს მთელი გალაადის წინამძღოლი.