ძველი აღთქმა

მსაჯულნი

თავი მეხუთე

1. ასე იგალობა იმ დღეს დებორამ, და ბარაკმა, აბინოყამის ძემ:

2. ორომტრიალი შეიქნა ისრაელში, ხალხი ემზადება საბრძოლველად, აკურთხეთ უფალი!

3. ისმინეთ, მეფენო, ყური მომაპყარით, მთავარნო: ეს მე ვარ, მე ვუგალობ უფალს, მე ვუმღერი უფალს, ისრაელის ღმერთს.

4. როცა სეყირიდან გადმოხვედი, უფალო, როცა ედომის ველზე გამოხვედი, მიწა ირყეოდა, ცაც კი იღვრებოდა, ღრუბლებიც კი წყლად იღვრებოდნენ.

5. მთები იდრიკებოდნენ უფლის წინაშე, თავად ეგ სინაიც კი, უფლის წინაშე, ისრაელის ღვთისა.

6. შამგარის დროს, ყანათის ძისა, იაყელის დროს, დაცარიელდა შარაგზები, სწორზე ვეღარავინ ბედავდა სიარულს, შორიდან არჩევდნენ შემოვლას.

7. სიცოცხლე ჩამკვდარიყო ისრაელის დაბა-სოფლებში, ჩამკვდარი იყო, ვიდრე არ აღვდექი მე, დებორა, ვიდრე არ აღვდექი მე, დედა ისრაელში.

8. ახალი ღმერთები ირჩიეს, ამიტომაც ომია კარიბჭესთან. თუ უჩანს ფარ-შუბი ორმოცი ათასს ისრაელში?

9. ისრაელის წინამძღოლებს ჩემი გული, ხალხში თავგამოდებულებს! აკურთხეთ უფალი!

10. თეთრ სახედრებზე ამხედრებულნო, ხალიჩებზე ფეხმორთხმულნო, გზებზე ქვეითად დამავალნო, თქვით საგალობელი!

11. იქ, სადაც დასარწყულებლად თავს უყრიან ნახირს, უფლის სიმართლეს იმღერებენ, ისრაელის წინამძღოლთა სიმართლეს! კარიბჭესთან მოზღვავდა მაშინ უფლის ერი!

12. გაიღვიძე, გაიღვიძე, დებორა! გაიღვიძე, გაიღვიძე, იმღერე საგალობელი! აღიძარ, ბარაკ! დაატყვევე შენი დამატყვევარი, აბინოყამის ძეო!

13. მაშინ ძლიერთა ნატამალს დაუმორჩილა ხალხი, უფალმა დამიმორჩილა ვაჟკაცები.

14. ეფრემიდან მოვიდნენ ყამალეკში დამკვიდრებულნი; ბენიამინიც შენთანაა, შენს ხალხს შორის; მაქირიდან მოვიდნენ თავკაცები, ზებულონიდან - წინამძღოლთა კვერთხის მპყრობელები.

15. ისაქარის მთავრებიც დებორასთან არიან; ბარაკის კვალდაკვალ მოიჭრა ველზე ისაქარიც. რეუბენის წყაროებთან დიდი თათბირია.

16. რას დამჯდარხარ ფარეხთა შორის და უსმენ ცხვრების ბღავილს? რეუბენის წყაროებთან დიდი თათბირია.

17. გალაადი იორდანეს გაღმა დავანებულა; რატომ შეყუჟულა დანი ხომალდებში? ზღვისპირას დამჯდარა აშერი და თავის სანახებთან დავანებულა.

18. სიკვდილი არად მიაჩნია ზებულონის ხალხს. ტრამალის ბორცვებზე ნაფთალია.

19. მოვიდნენ მეფენი, შეიბნენ; მაშინ შეიბნენ ქანაანის მეფენი თაყანახში, მეგიდოს წყლებთან, მაგრამ მცირედი ვერცხლიც ვერ მოიალაფეს.

20. ციდან ებრძოდნენ, თავიანთი გზებიდან ებრძოდნენ ვარსკვლავები სისარას.

21. კიშონის ხევმა წაიღო ისინი, ძველმა ხევმა, კიშონის ხევმა. გაემართე, სულო ჩემო, ძლიერებით!

22. სრბოლისაგან იმსხვრეოდნენ ცხენთა ფლოქვები მაშინ, მისი ვაჟკაცების სრბოლისაგან.

23. დაწყევლეთ მეროზი, ამბობს ანგელოზი უფლისა, დაწყევლეთ, დაწყევლეთ მისი მკვიდრნი, რადგან არ გამოვიდნენ უფლის საშველად, უფლის საშველად ვაჟკაცებთან ერთად!

24. კურთხეულ იყოს დიაცთა შორის იაყელი, ხებერ კენიელის ცოლი! კარავში მცხოვრებ დიაცთა შორის კურთხეულ იყოს!

25. წყალი მოსთხოვა და რძე მიართვა, სეფეთასით მიართვა მოუხდელი რძე.

26. მარცხენა ხელით პალოს დასწვდა, მარჯვენით უროს. მოუქნია სისარას, თავში დაჰკრა, გაუპო, საფეთქელი შეულეწა.

27. მის ფეხებთან ჩაიკეცა, დაეცა, ვეღარ ადგა; მის ფეხებთან ჩაიკეცა, დაეცა; სადაც ჩაიკეცა, იქვე დაეცა განგმირული.

28. სარკმლიდან იყურება, კანკლედიდან გაჰკივის სისარას დედა: რატომ იგვიანებს მისი მხედრობა, რამ შეაფერხა მისი ეტლის თვლები?

29. პასუხობენ გონიერი სეფექალები, თვითონვე ამბობს თავისივე სიტყვების პასუხად:

30. ნადავლს იშოვნიდნენ და იყოფენ: თითო მხევალი, ორ-ორი მხევალი თითო მეომარს, ნაალაფარი ჭრელი სამოსელი სისარას, ნაალაფარი ჭრელი სამოსელი, ორხოულად მოქსოვილი, ტყვის ტანზე შემოძარცული.

31. ყველა მტერი ასე დაგელიოს, უფალო! მისი მოყვარულნი ამომავალ მზესავით გაძლიერდნენ! და დაისვენა ქვეყანამ ორმოცი წელი.