ძველი აღთქმა

ნაუმ წინასწარმეტყველი

თავი მეორე

1. აჰა, გაისმა მთებზე მახარობლის ფეხის ხმა მშვიდობის მაცნედ! გამართე დღესასწაულები, იუდა, აღთქმები შეასრულე, რადგან აღარ დაგეცემა თავს ბელიარი; საბოლოოდ განადგურდა.

2. შემართულია შენს თავზე ურო, ნინევე! დაიცავი ციხე-სიმაგრე, გზისკენ იყურე, წელი გაიმაგრე, ძალა მოიკრიფე!

3. რადგან დააბრუნა უფალმა იაკობის დიდება, როგორც დიდება ისრაელისა! რადგან გაძარცული ჰყავდათ ისინი მძარცველებს, აჩანაგებდნენ მათ ვენახებს.

4. წითლად შეიღება გმირთა ფარები, მეწამული მოსავთ მეომრებს; ცეცხლს აკვესებს ეტლების ფოლადი, როცა მზადაა საბრძოლველად, და ირხევიან კვიპაროსის შუბები.

5. დაქრიან ქუჩებში ეტლები, მოედნებზე დაგრიალებენ, ჩირაღდნის ალივით ლაპლაპებენ, ელვასავით ელავენ.

6. გაიხსენებს თავის ძლიერებს, მაგრამ სრბოლისას წაიფორხილებენ, მიაწყდებიან კედლებს და საფარს მოაწყობენ.

7. გაიღება მდინარეთა ჭიშკრები და აირ-დაირევა სასახლე.

8. გადაწყდა: გასახლდება, გაიტაცებენ! მისი მხევლები მტრედის ხმაზე მოთქვამენ, გულში ხელს იცემენ.

9. წყლისგან დაიცალა ნინევე - წყალსატევი; ისინი კი გარბიან. დადექით! დადექით! მაგრამ არავინ ბრუნდება უკან.

10. დაიტაცეთ ოქრო, დაიტაცეთ ვერცხლი! არ დაილევა მდიდრული ნახელავი, ძვირფასი ნივთები.

11. გატიალდა, გაოხრდა, გაპარტახდა! დადნა გული და კანკალებს მუხლები, მოწყდათ წელი, ფერი წაუვიდათ.

12. სად არის ლომთა ბუნაგი და ბოკვერთა სანავარდო, სადაც დადიოდნენ ხვადი, ძუ ლომი და მათი ლეკვი, და არავინ იყო დამაფრთხობელი?

13. ლომი გლეჯს თავისი ლეკვებისთვის და აღრჩობს თავისი ძუსთვის; ნატაცებით ავსებს თავის ბუნაგს და გამოქვაბულს - დაგლეჯილი ნადავლით.

14. აჰა, მითქვამს შენთვის, ამბობს ცაბაოთ უფალი, ცეცხლში დავწვავ შენს ეტლს, მახვილი შეჭამს შენს ბოკვერებს; შენს მტაცებლობას აღვკვეთავ ქვეყანაზე და აღარ გაისმება შენს მოციქულთა ხმა.