ძველი აღთქმა

ოსია წინასწარმეტყველი

თავი მეშვიდე

1. როცა ისრაელს ვკურნავდი, გამოაშკარავდა ეფრემის უკეთურებაც და სამარიის ბოროტებაც, რადგან თვალთმაქცურად იქცეოდნენ; მოდის ქურდი, ყაჩაღები დაძრწიან გარეთ!

2. არც უფიქრიათ გულში, რომ მე მახსოვს ყოველი მათი ბოროტება; ახლა გარემოუცავთ ისინი თავიანთ ავ საქმეებს; აჰა, ჩემს წინაშე არიან.

3. თავიანთი ბოროტებით ამხიარულებენ მეფეს და თავიანთი ტყუილებით - მთავრებს.

4. მრუშობენ ყველანი ხაბაზის გახურებულ თონესავით, რომელიც ანელებს ცეცხლს, სანამ ახალი ცომი არ გაფუვდება.

5. ჩვენი მეფის დღეს მთავრები სნეულდებიან ღვინის სიმხურვალისგან, მეფე კი მასხარებისკენ იწვდის ხელს.

6. რადგან თონესავით გახდა მათი გული მზაკვრობისგან; მთელი ღამე სძინავს ხაბაზს, დილით კი ანთია თონე აგიზგიზებული ცეცხლივით.

7. ყველანი გახურებულნი არიან თონესავით და ჭამენ თავიანთ მსაჯულებს; განმდგარია ყველა მათი მეფე, არავინ მიხმობს მათ შორის.

8. ეფრემი შეერია ხალხებს, გადმოუბრუნებელი კოკორივით შეიქნა.

9. უცხოთესლი ჭამს მის ძალას, მას კი ვერაფერი შეუტყვია; ჭაღარა შეერია კიდეც, მას კი ვერაფერი შეუტყვია.

10. თავისი ამპარტავნობა ამხილებს ისრაელს, მაგრამ არ უბრუნდებიან უფალს, თავიანთ ღმერთს; არა და არ ეძებენ მას.

11. ბრიყვი და უგნური მტრედივით იქცა ეფრემი: ეგვიპტეს უხმობენ, აშურში კი მიდიან.

12. როგორც კი წავლენ, ჩემს სათხეველს მოვისვრი მათზე და ცის ფრინველებივით ჩამოვბერტყავ; დავსჯი მათ, როგორც გამოეცხადათ მათ.

13. ვაი მათ, რადგან ზურგი მაქციეს! დაღუპვა მათ, რადგან შემცოდეს მე! მათი გამოსყიდვა მსურს, ისინი კი მზაკვრობენ ჩემს წინააღმდეგ!

14. გულით არ შემომღაღადებენ, არამედ კვნესიან თავიანთ საწოლებში; პურისა და ღვინის გულისთვის იკრიბებიან, მე კი განმიდგნენ.

15. მე დავმოძღვრე, მკლავი გავუმაგრე, ისინი კი ავს მიზრახავენ.

16. არ მიიქცნენ, უზენაესისკენ; მოშვებულ მშვილდს დაემსგავსნენ; მახვილით დაეცემიან მათი მთავრები უტიფარი ენის გამო. ეს იქნება მათი სირცხვილი ეგვიპტის ქვეყანაში.