ძველი აღთქმა

რიცხვნი

თავი მეცამეტე

1. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:

2. გაგზავნე კაცები, რომ დაზვერონ ქანაანის ქვეყანა, რომელიც მივეცი ისრაელიანებს; მამათა შტოდან თითო კაცი გაგზავნეთ, ყველა თავკაცი იყოს მათში.

3. გაგზავნა მოსემ ისინი ფარანის უდაბნოდან უფლის სიტყვისამებრ; ყველანი ისრაელიანთა მთავრები იყვნენ.

4. აი, მათი სახელები: რეუბენის შტოდან - შამუაყ ზაქურის ძე;

5. სიმონის შტოდან - შაფატ ხორის ძე;

6. იუდას შტოდან - ქალებ იეფუნეს ძე;

7. ისაქარის შტოდან - იგალ იოსების ძე;

8. ეფრემის შტოდან - ოსია ნუნის ძე;

9. ბენიამინის შტოდან - ფალტი რაფუს ძე;

10. ზებულონის შტოდან - გადიელ სოდის ძე;

11. იოსების შტოდან, მენაშეს შტოდან - გადი სუსის ძე;

12. დანის შტოდან - ყამიელ გემალის ძე;

13. აშერის შტოდან - სეთურ მიქაელის ძე;

14. ნაფთალის შტოდან - ნახში ვოფსის ძე;

15. გადის შტოდან - გეუელ მაქის ძე.

16. ესენია იმ კაცთა სახელები, რომლებიც გაგზავნა მოსემ ქვეყნის დასაზვერავად. დაარქვა მოსემ ოსია ნავეს ძეს იესო.

17. გაგზავნა ისინი მოსემ ქანაანის ქვეყნის დასაზვერავად და უთხრა მათ: გაემართებით სამხრეთით და ახვალთ მთაზე.

18. მიმოიხილავთ ქვეყანას, როგორია და რა ხალხი ცხოვრობს იქ, ძლიერი თუ სუსტი, ცოტანი თუ ბევრნი.

19. როგორი ქვეყანაა, სადაც ისინი ცხოვრობენ კარგი თუ ცუდი; როგორი ქალაქებია, სადაც ისინი სახლობენ; ბანაკებია თუ ციხე-სიმაგრეები.

20. როგორი მიწაა, ნოყიერი თუ მწირი, იზრდება თუ არა იქ ხე; იმარჯვეთ და წამოიღეთ მიწის ნაყოფები, სწორედ ის დრო იყო, ყურძენი რომ მწიფდა.

21. წავიდნენ და დაზვერეს ქვეყანა ცინის უდაბნოდან რეხობამდე, ხამათის მისასვლელთან.

22. გაემართნენ სამხრეთში და მიადგნენ ხებრონს.  იქ მკვიდრობდნენ ახიმანი, შეშაი და თალმაი - ყანაკის ნაშიერნი. ხებრონი ეგვიპტის ცოყანზე შვიდი წლით ადრე იყო აშენებული.

23. მივიდნენ ეშქოლის ხევამდე, მოჭრეს იქ ვაზი თავისი მტევნითურთ და კეტით წამოიღო ორმა; აგრეთვე ბროწეული და ლეღვის ნაყოფები.

24. ამ ადგილს უწოდეს ეშქოლის (მტევნის ხევი) იმ მტევნის გამო, რომელიც იქ მოჭრეს ისრაელიანებმა.

25. ორმოცი დღის შემდეგ, რომ დაზვერეს ქვეყანა, უკან დაბრუნდნენ.

26. წამოვიდნენ და მოვიდნენ მოსესთან, აარონთან და ისრაელიანთა მთელს საზოგადოებასთან, ფარანის უდაბნოში, კადეშში, და მოუტანეს ამბავი მთელს საზოგადოებას, აჩვენეს იმ ქვეყნის ნაყოფები.

27. უამბეს და უთხრეს: მივედით იმ ქვეყანაში, სადაც გაგვაგზავნე - მართლაც რძე და თაფლი დის იქ; აჰა, მისი ნაყოფებიც.

28. ოღონდ ძლიერი ხალხი ცხოვრობს იმ ქვეყანაში, ქალაქებიც გამაგრებულია და ძალზე დიდი; ყანაკის ნაშიერნიც ვნახეთ იქ.

29. ყამალეკი ქვეყნის სამხრეთში ცხოვრობს; ხეთელები, იებუსეველები და ამორეველები მთებში ცხოვრობენ; ქანაანელები კი - ზღვისპირეთში და იორდანეზე.

30. ხალხი დაუშოშმინა ქალებმა მოსეს, თქვა: გავილაშქრებთ და დავისაკუთრებთ იმ ქვეყანას, რადგან შეგვიძლია მათი ძლევა.

31. სხვებმა, კი ვინც მასთან ერთად იყვნენ წასულნი, თქვეს: ვერ შევძლებთ იმ ხალხის წინააღმდეგ გალაშქრებას, რადგან ჩვენზე ძლიერია.

32. ცუდი ხმები გაავრცელეს ისრაელიანებში მათ მიერ დაზვერილ ქვეყანაზე. ერთმანეთს ჭამენო იმ ქვეანაში, რომელიც ჩვენ მოვიარეთ დასაზვერად; მთელი ხალხი, რომელიც იქ ვნახეთ, ბუმბერაზიაო.

33. იქ ვნახეთ დევკაცები, ყანაკის ძენი, დევკაცთა შთამომავალნი. კალია გვეგონა ჩვენი თავი და ასეც ვჩანდითო მათ თვალში.