ძველი აღთქმა

რიცხვნი

თავი მეთვრამეტე

1. უთხრა უფალმა აარონს: შენ და შენმა შვილებმა და შენმა მამისსახლმა შენთან ერთად უნდა იკისროთ დანაშაული საწმიდარში; შენ და შენმა შვილებმა შენთან ერთად უნდა იკისრონ დანაშაული თქვენს მღვდლობაში.

2. შენი მოძმეები, ლევიანთა შტო, მამაშენის ტომი, შენ წაიყვანე, თქვენთან იყვნენ განუყრელად და გემსახურონ. შენ და შენი შვილები კი შენთან ერთად აღთქმის კარვის წინ უნდა იყოთ.

3. აღასრულონ მოვალეობა შენს მიმართ და მთელი კარვის მიმართ, ოღონდ არ მიეკარონ საწმიდარის ჭურჭელს და სამსხვერპლოს, თორემ ისინიც დაიხოცებიან და თქვენც.

4. შენთან უნდა იყვნენ განუყრელად და ასრულებდნენ მოვალეობას სადღესასწაულო კარვის მიმართ, კარვის მთელს სამსახურს. უცხო კაცი არ უნდა მოგეკაროთ.

5. შეასრულეთ საწმიდარის წესი და სამსხვერპლოს წესი, რომ რისხვა აღარ დაატყდეთ ისრაელიანებს.

6. აჰა, მე გამოვარჩიე თქვენი მოძმეები - ლევიანები ისრაელიანთაგან, თქვენთვის არიან ისინი მოძღვნილნი საუფლოდ, რათა გასწიონ სადღესასწაულო კარვის სამსახური.

7. შენ და შენმა შვილებმა კი აღასრულეთ მღვდლობის წესი სამსხვერპლოსთან და ფარდის უკან, და იმსახურეთ. მღვდლობის სამსახური მომინიჭებია თქვენთვის. თუ უცხო ვინმე შეუდგება სამსახურს, უნდა მოკვდეს.

8. ელაპარაკა უფალი აარონს: აჰა, გავალებ ჩემთვის შემოწირული ღალისათვის ყურისგდებას; ისრაელიანთა მთელს შემოწირულობას გაძლევ წილად შენ და შენს შვილებს სამარადისო წესით.

9. აი, რა გეკუთვნის წმიდათა წმიდადან, საცეცხლო მსხვერპლიდან: ყოველი მათი შესაწირავი და ყოველი მათი ძღვენი, ცოდვისა და დანაშაულის გამოსასყიდი ყოველი მსხვერპლი, რასაც მე მიხდიან, წმიდათა წმიდაა შენთვის და შენი შვილებისათვის.

10. წმიდათა წმიდაში ჭამეთ იგი, მხოლოდ მამაკაცებმა ჭამონ, წმიდა უნდა იყოს თქვენთვის.

11. აი, რა გეკუთვნის მათი ღალის ძღვენიდან: ისრაელიანთა მთელი შემოწირულობა შენთვის და შენი შვილებისთვის მომიცია სამარადისო წესით. ყოველმა გაწმიდავებულმა შენს სახლში ჭამოს იგი.

12. საუკეთესო ზეთი, საუკეთესო ღვინო და პური, მათი ღალა, რაც უფალთან მიაქვს, შენთვის მომიცია.

13. მათი მიწის ყოველი პირველმოწეული ნაყოფი, რომელიც უფალთან მიაქვთ, შენ გეკუთვნის. ყოველმა გაწმიდავებულმა შენს სახლში ჭამოს იგი.

14. ყოველი დარისხებული ისრაელში შენ გეკუთვნის.

15. ყოველი ხორციელის პირველნაშობი, რომელსაც უფალს მიართმევენ, ადამიანი იქნება თუ პირუტყვი, შენ გეკუთვნის. ოღონდ ადამიანის პირმშო გამოისყიდე და უწმიდური პირუტყვის პირველნაშობიც გამოისყიდე.

16. მათი გამოსასყიდია: ერთი თვის შემდეგ გადაიხადე დაახლოებით ხუთი შეკელი ვერცხლი, საწმიდარის შეკელით, ანუ ოცი გერა.

17. მხოლოდ ძროხის პირველმოგებულზე ან ცხვრის პირველმოგებულზე და თხის პირველმოგებულზე ნუ გადაიხდი გამოსასყიდს: წმიდა არიან. მათი სისხლი სამსხვერპლოს უნდა ასხურო, ხოლო ცხიმი უნდა აკმიო კეთილსურნელებად უფლისათვის.

18. მათი ხორცი შენ გეკუთვნის, ისევე როგორც მისართმეველი მკერდი და მარჯვენა ბეჭი გეკუთვნის შენ.

19. მთელი წმიდა ღალა, რომელსაც ისრაელიანები უხდიან უფალს, შენთვის, შენი ვაჟებისა და ქალიშვილებისთვის მომიცია, სამარადისო წესით. ეს არის სამარადისო აღთქმა მარილისა უფლის წინაშე შენთვისა და შენი შთამომავლობისათვის.

20. უთხრა უფალმა აარონს: მათ ქვეყანაში ვერაფერს დაიმკვიდრებ და არ გექნება წილი მათ შორის. მე ვარ შენი წილი და შენი სამკვიდრო ისრაელიანთა შორის.

21. ლევიანებს კი, აჰა, მივეცი სამკვიდროდ ყველაფრის მეათედი, რაც ისრაელშია, მათი სამსახურის სანაცვლოდ, რასაც სადღესასწაულო კარავთან ასრულებენ.

22. აღარ მიუახლიავდნენ ისრაელიანები სადღესასწაულო კარავს, რომ მომაკვდინებელი ცოდვა არ დაიდონ.

23. თავად ლევიანებმა შეასრულონ სადღესასწაულო კარვის სამსახური და თავადვე იტვირთონ მათი ცოდვა. სამარადისო წესია ეს თქვენს თაობებში. ისრაელიანთა შორის ვერ დაიმკვიდრებენ სამკვიდროს,

24. რადგან ლევიანებს სამკვიდროდ ისრაელიანთა მეათედი მივეცი, რომელსაც ღალად უხდიან უფალს; ამიტომ ვუთხარი მათ: ისრაელიანთა შორის ვერ დაიმკვიდრებთ-მეთქი სამკვიდროს.

25. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

26. დაელაპარაკე ლევიანებს, უთხარი: როცა ისრაელიანთაგან აიღებთ მეათედს, რომელიც თქვენთვის მაქვს მათგან მოცემული თქვენს სამკვიდროდ, უფალს გადაუხადეთ მისგან ღალა - მეათედი მეათედიდან.

27. კალოს პურად და საწნახელის წვენად ჩაგეთვლებათ თქვენი ღალა.

28. ასე, თქვენც გადაუხდით ღალას უფალს იმ მეათედიდან, რასაც ისრაელიანები მოგცემენ; მისგან გადაუხდით საუფლო ღალას აარონ მღვდელს.

29. ყველაფრიდან, რასაც მოგიძღვნიან, უნდა გადაიხადოთ საუფლო ღალა, ყოველივე საუკეთესოდან ურჩეულესი ნაწილი.

30. უთხარი მათ: საუკეთესოს რომ გადაიხდით ღალად, კალოს შემოსავლად და საწნახლის შემოსავლად ჩაეთვლებათ ლევიანებს.

31. ყველგან ჭამეთ იგი თქვენ და თქვენმა საგვარეულომ, რადგან ეს არის გასამრჯელო სადღესასწაულო კარავში თქვენი სამსახურისთვის.

32. არ დაგედებათ ცოდვა, როცა მისგან საუკეთეს გადაიხდით ღალად, არ წაბილწავთ ისრაელიანთაგან შემოწირულს და არ მოკვდებით.