ძველი აღთქმა

რიცხვნი

თავი ოცდამეთხუთმეტე

1. ელაპარაკა უფალი მოსეს მოაბის ველზე, იორდანესთან, იერიხონის მახლობლად:

2. ვუბრძანე ისრაელიანებს, რომ მისცენ ლევიანებს თავიანთი საკუთარი სამკვიდროდან ქალაქები საცხოვრებლად. ქალაქგარეთ სანახებიც, ირგვლივ, მიეცით ლევიანებს.

3. ჰქონდეთ ქალაქები საცხოვრებლად და სანახები ჰქონდეთ პირუტყვისათვის, ქონებისთვის და ყოველგვარი სარჩოსათვის.

4. ქალაქგარე სანახები, რომლებიც ლევიანებს უნდა მისცეთ, ქალაქის კედლებს იქით ათას წყრთაზე უნდა გადიოდეს ირგვლივ.

5. გადაზომეთ ორი ათასი წყრთა ქალაქგარეთ აღმოსავლეთის მიმართულებით, ორი ათასი წყრთა სამხრეთის მიმართულებით, ორი ათასი წყრთა დასავლეთის მიმარიულებით და ორი ათასი წყრთა ჩრდილოეთის მიმართულებით; შუაში ქალაქი. ეს ჰქონდეთ მათ ქალაქგარე სანახებად.

6. იმ ქალაქებიდან, რომლებიც ლევიანებს უნდა მისცეთ, ექვსი ქალაქი თავშესაფარი იყოს, სადაც დაანებებთ მკვლელს გაქცევას. ამათ ზევით ორმოცდაორი ქალაქი მიეცით.

7. სულ ორმოცდარვა ქალაქი უნდა მისცეთ ლევიანებს თავისი სანახებითურთ.

8. ქალაქები, რომლებიც ისრაელიანთა საკუთრებიდან უნდა მისცეთ, მრავალრიცხოვანთ მეტი გამოართვით, მცირერიცხოვანთ - ნაკლები, თითოეულმა თავისი წილხვედრის კვალობაზე უნდა მისცეს თავისი ქალაქებიდან ლევიანებს.

9. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

10. ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი მათ: როცა გადახვალთ იორდანეს გაღმა ქანაანის ქვეყანაში,

11. დაიგულეთ ზოგიერთი ქალაქი, თავშესაფარ ქალაქებად გქონდეთ ისინი, სადაც შეეძლება თავის შეფარება მკვლელს, რომელსაც უნებურად შემოაკვდება კაცი.

12. გქონდეთ ეს ქალაქები თავშესაფარად შურისმაძიებლისაგან, რათა არ მოიკლას მკვლელი, ვიდრე საზოგდოების წინაშე წარდგებოდეს სამსჯავროდ.

13. ექვსი უნდა იყოს ქალაქი, რომელსაც თავშესაფრად განაწესებთ.

14. სამი ქალაქი იორდანეს გაღმა უნდა მისცეთ და სამი ქალაქი ქაანანის ქვეყანაში უნდა მისცეთ. თავშესაფარი ქალაქები იქნება ისინი.

15. ისრაელიანებს, მდგმურს და თქვენს შორის დამკვიდრებულს გქონდეთ ეს ექვსი ქალაქი თავშესაფრად, რათა იქ თავი შეაფაროს ყველამ, ვისაც უნებურად შემოაკვდება კაცი.

16. თუ ვინმე კაცს რკინას დაჰკრავს და მოკლავს, მკვლელია იგი. მკელელი სიკვდილით უნდა დაისაჯოს.

17. თუ ვინმე სასიკვდილოდ დაარტყამს ქვას ვინმეს და მოკვდება კაცი მკვლელია. მკვლელი სიკვდილით უნდა დაისაჯოს.

18. ან ხის იარაღს, რომლითაც შეიძლება მოკვდეს კაცი, დაარტყამს ვინმეს და მოკვდება კაცი, მკვლელია. მკვლელი სიკვდილით უნდა დაისაჯოს.

19. მესისხლეს თავად შეუძლია მოკლას მკვლელი; შეხვდება და თვითონვე მოკლას.

20. თუ ვინმე ქიშპობით კაცს ხელს ჰკრავს ან განზრახვით რაიმეს ესვრის და მოკვდება კაცი,

21. ან მტრობით ხელს დაარტყამს და მოკვდება, დამრტყმელი უნდა მოკვდეს, რადგან მკვლელია. მესისხლეს შეუძლია მოკლას მკვლელი, როცა შეხვდება.

22. თუკი უნებლიეთ, მტრობის გარეშე, ჰკრავს ხელს ან განუზრახველად ესვრის რაიმე საგანს,

23. ან ქვა, რომლითაც შეიძლება მოკვდეს კაცი, გადმოუვარდება და ვინმეს დაეცემა თავში და მოკვდება, ის კი არც მტრობდა მას და არც ავს ფიქრობდა მისთვის,

24. საზოგადოებამ უნდა განსაჯოს მკვლელისა და მესისხლის საქმე ამ წესების მიხედვით.

25. უნდა იხსნას საზოგადოებამ მკვლელი მესისხლისაგან და გააბრუნოს იგი საზოგადოებამ მის თავშესაფარ ქალაქში, სადაც გაქცეული იყო. დარჩეს იქ წმიდა ზეთით ცხებული მღვდელმთავრის სიკვდილამდე.

26. თუკი მკვლელი გასცდება თავშესაფარი ქალაქის საზღვრებს, სადაც გაიქცა,

27. ნახავს მას მესისხლე თავშესაფარი ქალაქის საზღვრებს გარეთ და მოკლავს მესისხლე მკვლელს, არ მოეკითხება მას სისხლი,

28. რადგან თავშესაფარ ქალაქში უნდა დარჩენილიყო მღვდელმთავრის სიკვდილამდე. მღვდელმთავრის სიკვდილის შემდეგ კი მკვლელს შეუძლია თავის საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება.

29. გქონდეთ ეს სამართლის წესად თქვენს თაობებში. ყველგან, სადაც კი იცხოვრებთ.

30. ყოველი მკვლელი მოწმეთა ჩვენებით უნდა მოიკლას, ერთი მოწმის მხილებით კაცს სიკვდილით ვერ დასჯიან.

31. ნუ აიღებთ გამოსასყიდს მკვლელის გამოსახსნელად, რომელიც სასიკვდილოა, რადგან სიკვდილით უნდა დაისაჯოს.

32. ნუ აიღებთ გამოსასყიდს თავშესაფარ ქალაქში გაქცეულისთვის, რომ მღვდლის სიკვდილამდე დაბრუნდეს თავის ქვეყანაში.

33. ნუ წაბილწავთ მიწას, სადაც იმყოფებით, რადგან სისხლია, რომ ბილწავს მიწას. ვერ განიწმიდება მიწა მასზე დაღვრილი სისხლისაგან, თუ არა თავად მისი დამღვრელის სისხლით.

34. ნუ გააუწმიდურებთ მიწას, სადაც თქვენ ცხოვრობთ, სადაც მე ვარ დავანებული თქვენს შორის, რადგან მე, უფალი, დავანებული ვარ ისრაელიანთა შორის.