ძველი აღთქმა

სიბრძნე სოლომონისა

თავი პირველი

1. შეიყვარეთ სამართლიანობა, ქვეყნის მსაჯულნო, შეიცანით უფალი სიკეთით და წრფელი გულით ეძიეთ იგი.

2. რადგან იპოვნიან ისინი, რომელნიც არ გამოსცდიან მას, და გამოეცხადება მათ, რომელთაც სწამთ მისი.

3. რადგან მრუდე ზრახვები უფალს გვაშორებს და გამოცდა მისი ძლიერებისა ამხელს უგუნურებას.

4. რადგან მზაკვარ სულში სიბრძნე ვერ შეაღწევს და ვერც ცოდვას დამონებულ სხეულში დაივანებს.

5. რადგან სიბრძნის წმიდა სული მზაკვრობას გაექცევა, განუდგება უგუნურ ზრახვებსაც და მოწევნული უსამართლობისა შერცხვება.

6. კაცთმოყვარე სული სიბრძნეა და დაუსჯელს არ დატოვებს მგმობელს თავისი ბაგეებით, რადგან ღმერთია მისი იდუმალი ზრახვების მოწმე, მისი გულის მართალი მეთვალყურე და მსმენელი მისი ენისა.

7. რადგან ქვეყნიერება აავსო უფლის სულმა და ყოვლისმპყრობელმა ყოველი ნათქვამი უწყის.

8. ამიტომაც უსამართლობის მთქმელთაგან ვერავინ დაიმალება და არავის ასცდება მამხილებელი სამსჯავრო.

9. რადგან ზრახვანი უღვთოსი გამოიძიება და უფლის სმენამდე ააღწევს მისი სიტყვები სამხილებლად.

10. რადგან შურისმგებლის ყური ყოველთვის ისმენს და გუგუნი დრტვინვისა არ დაიფარება.

11. ფუჭ დრტვინვას ერიდეთ და მოეშვით ავსიტყვაობას, რადგან ფარულად თქმულიც კი ამაოდ არ ჩაივლის და ცილისმწამებელი ბაგე სულს ჩაკლავს.

12. ნუ ეშურებით სიკვდილს თქვენი ცხოვრების შეცდომებით და თქვენ ხელთა ნამოქმედარით აღსასრულს ნუ მოიახლოვებთ.

13. რადგან სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია და არც ცოცხალთა დაღუპვით ხარობს;

14. რადგან არსებობისთვის შექმნა ყოველივე და მაცოცხლებელია სამყაროს ყოველი ქმნილება; არ არის მათ შორის დამღუპველი წამალი და არც ჯოჯოხეთის სუფევაა დედამიწაზე.

15. რადგან უკვდავია სამართლიანობა,

16. უღვთოებმა ხელებითაც და სიტყვებითაც მოუხმეს სიკვდილს და, მასთან დამოყვრებულნი, დაიშრიტნენ, აღთქმა დაუდვეს მას, რადგან ღირსნი არიან მის კერძად იქცნენ.