ძველი აღთქმა

სიბრძნე სოლომონისა

თავი მეორე

1. თქვეს ერთმანეთში მათ, რომელნიც უმართებულოდ მსჯელობენ: ხანმოკლეა და მწუხარე ჩვენი ცხოვრება, ვერ გადაურჩება სიკვდილს ადამიანი და ჯოჯოხეთისაგან დამხსნელიც არავინ ეგულება,

2. რადგან შემთხვევით დავიბადეთ და ამის შემდგომადც ვიქნებით როგორც არყოფილნი, რადგან სამშვინველი ჩვენს ნესტოებში კვამლია მხოლოდ, აზრი კი - ჩვენი გულის ფეთქვის ნაპერწკალი.

3. როცა ჩაქრება, მტვრად იქცევა ჩვენი სხეული და მსუბუქ ქროლვასავით სამშვინველიც გაიფანტება.

4. მალე დავიწყებულ იქნება ჩვენი სახელი, არავინ გაიხსენებს ჩვენს ნამოქმედარს და ჩაივლის ჩვენი ცხოვრება ღრუბლის კვალივით და განქარდება როგორც ნისლი, მზის სხივებისგან დარბეული და მისი სიმხურვალით დამძიმებული.

5. რადგან წარმავალი აჩრდილია ჩვენი ჟამი, არ იქნება მობრუნება ჩვენი აღსასრულისგან, რადგან ბეჭედდასმულია იგი და არც არავინ ბრუნდება უკან.

6. ამიტომაც არსებული სიკეთით დავტკბეთ და ვიჩქაროთ შექმნილით სარგებლობა, ისევე როგორც სიჭაბუკით.

7. აღვივსოთ ძვირადღირებული ღვინით და ნელსაცხებელით, და გვერდს ნუ ჩაგვივლის ჩვენ გაზაფხულის ყვავილი.

8. დავიდგათ გვირგვინი ვარდის კოკრებისა, ვიდრე დაჭკნებოდეს.

9. ნურცერთი ჩვენთაგანი ნუ მოაკლდება სიტკბოებას, ყველგან დავტოვოთ კვალი ჩვენი სიხარულისა, რადგან ესაა წილი ჩვენი და ხვედრი ჩვენი.

10. დავჩაგროთ მართალი ღატაკი, ნურც ქვრივებს შევიწყალებთ და ნურც მოხუცის ხანდაზმული ჭაღარისა შეგვრცხვება.

11. ჩვენი ძალა სამართლიანობის კანონად იქცეს, რადგან უძლური არაფრის მაქნისია.

12. საცდური დავუგოთ მართალს, რადგან ჩვენთვის ტირთია მხოლოდ და ჩვენი საქმეების წინააღმდგომი, გვაყვედრის ცოდვებს რჯულის წინაშე და ჩვენი აღზრდის ცოდვებში გვადანაშაულებს.

13. აცხადებს, თითქოს ღვთის ცოდნა ჰქონდეს და თავის თავს უფლის ძეს უწოდებს.

14. ჩვენი ზრახვების მამხილებლად გვექცა და დასანახადაც კი მძიმეა ჩვენთვის.

15. რადგან მისი ცხოვრება არ მიაგავს სხვათა ცხოვრებას და განსხვავდება ბილიკნიც მისი.

16. მატყუარებად ვითვლებით მისთვის და შორს უვლის ჩვენს გზებს, როგორც უწმინდურობას; ბედნიერებად თვლის მართალთა აღსასრულს და ტრაბახობს, ჩემი მამააო ღმერთი.

17. ვნახოთ, მართალია თუ არა სიტყვები მისი და გამოვცადოთ იგი მისი აღსასრულისას.

18. თუ მართლაც ჭეშმარიტი ძეა ღვთისა, უფალი დაიცავს და დაიხსნის მას მტრების ხელთაგან.

19. გინებითა და ტანჯვით გამოვცადოთ იგი, რათა შევიცნოთ მისი თავმდაბლობა და უწყინარობა მისი შევამოწმოთ.

20. სამარცხვინო სიკვდილით დავსაჯოთ იგი, რადგან თანახმად მისი სიტყვებისა, მასზე იზრუნებენ.

21. ასე განსაჯეს, მაგრამ შეცდნენ, რადგან დააბრმავა ისინი მათმავე ბოროტებამ.

22. რადგან ვერ შეიცნეს ღვთის საიდუმლოებანი, არც სიწმინდის საზღაურს ელოდნენ და არც უბიწო სულთა გილდო ჩაუგდიათ რამედ.

23. რადგან ღმერთმა ადამიანი უხრწნელად შექმნა და თავისი მარადიულობის ხატად დაბადა იგი,

24. მაგრამ ეშმაკის მოშურნეობით სამყაროში სიკვდილი შემოვიდა და მისი წილხვდომილნი განიცდიან მას.