ძველი აღთქმა

სიბრძნე სოლომონისა

თავი მესამე

1. მართალთა სულები ღვთის ხელში არიან და ტანჯვა-წამება მათ ვერ შეეხება.

2. უგუნურთა თვალში კი მკვდრებად ჩანან და მათი აღსასრული საუბედუროდ მიუჩნევიათ.

3. ჩვენგან წასვლა კი - განადგურებად, მაგრამ ისინი მშვიდობით სუფევენ.

4. თუმც კაცთა თვალში დასჯილნი არიან, მათი სასოება უკვდავებითაა აღსავსე.

5. მცირედ დასჯილებს სიკეთით უხვად მიეზღვებათ, რადგან ისინი ღმერთმა გამოსცადა და თავისი თავის ღირსად შერაცხა.

6. ქურაში ოქროსავით გამოსცადა ისინი და დასაწველ მსხვერპლად შეიწყნარა.

7. გაბრწყინდებიან ისინი სამაგიეროს მიგების ჟამს, როგორც წალამიდან ავარდნილი ნაპერწკლები.

8. განსჯიან ტომებს და ხალხებს დაიპყრობენ, მათზე კი სამარადისოდ იმეფებს უფალი.

9. უფლის მოსავნი სიმართლეს შეიცნობენ და მორწმუნენი მის სიყვარულში იქნებიან, რადგან მისი მადლი და წყალობა მის რჩეულებზეა.

10. უღვთონი კი სასჯელსაც თავიანთ ზრახვათამებრ მიიღებენ, რადგან მართალიც აითვალისწუნეს და უფალსაც განუდგნენ.

11. რადგან უბედურია, ვინც სიბრძნესა და სწავლას შეურაცხყოფს; ამაოა იმედი მათი, შრომა უნაყოფო და მათი საქმეები უსარგებლოა.

12. მათი ცოლები უგუნურნი არიან, ხოლო შვილები უკეთურნი; დაწყევლილია მათი მოდგმა.

13. რადგან ნეტარია წაუბილწველი ბერწი ქალი, რომელმაც არ იცის საწოლი ცოდვისა. იგი მიიღებს ნაყოფს სულთა განკითხვისას,

14. საჭურისსაც, ვის ხელსაც ურჯულოება არ ჩაუდენია და არ განუზრახავს ბოროტი უფლისა მიმართ, მიეცემა გამორჩეული მადლი რწმენისა და უსანატრელესი წილი უფლის ტაძარში.

15. რადგან სანაქებოა ნაყოფი კეთილი შრომისა და ძირი სიბრძნისა შეურყეველია.

16. მემრუშეთა შვილნი ვერ მოიწიფებიან და თესლი უკანონო საწოლისა გაქრება.

17. ხანგრძლივადაც რომ იცოცხლონ, მაინც არარად შეირაცხებიან და უპატიო იქნება მათი ღრმა სიბერეც.

18. ხოლო თუ ნაადრევად აღესრულებიან, არც იმედი და არც ნუგეშისცემა არ ექნებათ განკითხვის დღეს;

19. რადგან მძიმეა უსამართლო მოდგმის აღსასრული.