ძველი აღთქმა

ტობითი

თავი პირველი

1. წიგნი ტობითის ამბავთა, ძისა ტობიელისა, ძისა ხანანიელისა, ძისა ადუელისა, ძისა გაბაელისა, იახციელის საგვარეულოდან, ნაფთალის ტომიდან,

2. რომელიც ენემესაროსის, აშურის მეფის, დროს ტყვედ წაიყვანეს თისბედან, ნაფთალის კიდიოსის მარჯვნივ რომ მდებარეობს, გალილში, აშურის ზემოთ.

3. მე, ტობითი, ჭეშმარიტების გზით დავდიოდი მთელი ჩემი სიცოცხლე, ბევრი სიკეთე გამიკეთებია ჩემი მოძმეებისთვის და იმ ხალხისთვისაც, ვინც ჩემთან ერთად აშურელთა ქვეყანაში, ნინევეში წამოვიდა.

4. როცა ჩემს ქვეყანაში, იერუსალიმის მიწაზე, ვცხოვრობდი ჩემს ახალგაზრდობაში, მთელი ნაფთალის ტომი, ჩემი მამული ტომი, შორს იყო იერუსალიმის სახლიდან, რომელიც არჩეული იქნა ისრაელის ყველა ტომიდან, რათა ყველა ტომს იქ შეეწირა მსხვერპლი. იქ იკურთხა ტაძარი უზენაესის დასავანებლად და აშენდა ყველა თაობისთვის საუკუნოდ.

5. ყველა განდგომილი ტომი მსხვერპლს სწირავდა ბაალს - ხბოს, და ასევე ნაფთალის სახლიც, მამაჩემისა.

6. მე ერთი დავდიოდი ხშირად იერუსალიმში დღესასწაულებზე, როგორც დაუწესდა მთელს ისრაელს საუკუნო ბრძანებით. მიმქონდა ნათავარნი, მოსავლის მეათედი და პირველი ნაპარსი.

7. ვუძღვნიდი მათ მღვდლებს - აარონიანებს საკურთხევლისათვის. ყოველი ნაყოფის მეათედს იერუსალიმში მომსახურე ლევიანებს ვაძლევდი. მეორე მეათედს ვყიდდი და ვხარჯავდი ყოველწლიურად იერუსალიმში ყოფნისას.

8. მესამეს ვაძლევდი, ვისაც ეგებოდა, როგორც მიანდერძა დებორამ, მამაჩემის დედამ, რადგან ობლად ვიყავი დარჩენილი მამის შემდეგ.

9. რომ დავკაცდი, მოვიყვანე ცოლად ხანა მამაჩემის საგვარეულოდან და შემეძინა მისგან ტობია.

10. როცა ტყვედ ვიყავი ნინევეში, ყველა ჩემი მოძმე და თვისტომი წარმართთა პურს ჭამდა.

11. მე კი დავიცავი ჩემი სული, რათა არ მეჭამა.

12. რადგან მე მახსოვდა ღმერთი მთელი ჩემი სულით.

13. უზენაესმა მადლი და სიკეთე მომანიჭა ენემესაროსის წინაშე და გავხდი მისი ვაჭარი.

14. გავემგზავრე მიდიაში და მივაბარე გაბაელს, გაბრიას ძმას, რაგეში ათი ტალანტი ვერცხლი.

15. როცა მოკვდა ენემესაროსი, მის ნაცვლად გამეფდა სანხერიბი, მისი ძე, რომლის გზები მოუწყობელი იყო და უკვე ვეღარავინ ბედავდა მიდიაში გამგზავრებას.

16. ენემესაროსის დროს მრავალი მოწყალება გამიღია ჩემს მოძმეთათვის.

17. ვუყოფდი ჩემს პურს მშიერთ და მოსასხამს - შიშველ-ტიტველთ. თუ დავინახავდი ვინმეს ჩემს თვისტომს, მკვდარსა და გადაგდებულს ნინევეს კედლის გარეთ, ვმარხავდი.

18. თუ ვინმე იუდაში გაქცეული მობრუნდებოდა და მოკლავდა მას მეფე სანქერიბი, ფარულად ვმარხავდი. ბევრს კი ხოცავდა განრისხებული. მერე ეძებდა მეფე გვამებს და ვერ პოულობდა.

19. მივიდა ერთი კაცი, მოახსენა მეფეს ჩემზე, რომ ვმარხავდი გვამებს და ვმალავდი. როცა გავიგე, რომ მოსაკლავად მეძებდნენ, შეშინებული გავიქეცი.

20. დაიტაცეს მთელი ჩემი ქონება და აღარაფერი დამრჩა, გარდა ხანასი, ჩემი ცოლისა, და ტობიასი, ჩემი ძისა.

21. არ გასულა ორმოცდაათი დღე, რომ მოკლა სანხერიბი მისმა ორმა ვაჟმა, და გაიქცნენ არარატის მთისკენ. მის ნაცვლად მისი ძე, ასარხადონი, გამეფდა და დანიშნა აქიაქაროს ანაელი, ჩემი ძმისწული, სამეფოსა და მთელი თავისი მეურნეობის აღმწერლად.

22. მოახსენა აქიაქაროსმა ჩემზე და დავბრუნდი ნინევეში. აქიაქაროსი კი იყო ღვინის მწდე, ბეჭდის მცველი, ხაზინადარი და აღმრიცხველი. და დანიშნა იგი ასარხადონმა მეორე კაცად. ჩემი ძმისწული იყო იგი.