ძველი აღთქმა

ტობითი

თავი მეცამეტე

1. დაწერა ტობითმა ლოცვა სიხარულით და თქვა:

2. კურთხეულია ღმერთი ცხოველი უკუნისამდე და სუფევა მისი, რადგან ის არის შემაჭირვებელი და შემწყნარებელი, ჯოჯოხეთს ჩამყვანი და ამომყვანი, ვერავინ დაუსხლტება ხელიდან.

3. აღიარებდეთ მას, ისრაელიანებო, ხალხების წინაშე, რადგან მან გაგფანტათ მათ შორის.

4. იქ ცხადყავით დიდსულოვანება მისი, ადიდებდეთ მას ყოველი ცოცხალის წინაშე, რადგან ის არის ჩვენი უფალი და ღმერთი, ის არის ჩვენი მამა უკუნითი უკუნისამდე.

5. ის შეგვაჭირვებს ჩვენ ურჯულოებაში და კვალად შეგვიწყალებს და შეგვყრის ჩვენ ყველა ხალხებიდან, თუკი ვიქნებით განბნეულნი მათ შორის.

6. თუ მთელი გულით მოიქცევით მისკენ და მთელი სულით ჰყოფთ სამართალს მის წინაშე, მაშინ ისიც მოიქცევა თქვენსკენ და არ დაფარავს თქვენგან თავის სახეს.

7. იხილავთ, რასაც მოგაწევთ თქვენ. აღიარებდეთ მას ერთხმად და აკურთხევდეთ სიმართლის უფალს, ადიდებდეთ მეფეს საუკუნეთა.

8. მე ჩემი ტყვეობის ქვეყანაში ვაღიარებ მას და განვაცხადებ ცოდვილთა მოდგმას მის ძალასა და სიდიადეს. მოიქეცით, ცოდვილნო, და ქმენით სამართალი მის წინაშე. ვინ იცის, იქნებ ისურვოს თქვენი თავი და მოიღოს თქვენზე წყალობა?

9. მე ვადიდებ ჩემს ღმერთს, სული ჩემი ადიდებს ცათა მეუფეს და ხარობს მისი სიდიადით.

10. გააცხადოს ყველამ და აღიაროს იგი იერუსალიმში. იერუსალიმო, წმიდა ქალაქო! შეგაჭირვებს შენი შვილების ნამოქმედარის გამო და კვალად შეიწყალებს მართალთა შვილებს.

11. აღიარებდე უფალს კეთილად და აკურთხევდე საუკუნეთა მეფეს, რათა კვლავაც მადლით აშენდეს შენთვის მისი კარავი.

12. რათა გაახაროს შენ შორის ტყვედქმნილები და შეიყვაროს შენ შორის გატანჯულნი საუკუნის ყოველ თაობაში.

13. მრავალი ხალხი შორიდან მოვა უფლის, ღმერთის სახელთან. ძღვენით ხელში, ძღვენით ცათა მეფისათვის, თაობათა თაობანი მოგიძღვნიან ქება-დიდებას.

14. წყეულიმც იყოს ყოველი მოძულე შენი, კურთხეულ იყოს ყოველი შენი მოყვარული უკუნისამდე.

15. იშვებდე და იხარებდე მართალთა შვილების გამო, რადგან შეიკრიბებიან ისინი და აკურთხევენ მართალთა უფალს! ნეტარნი არიან შენი მოყვარულნი! გაიხარებენ შენი მშვიდობით.

16. ნეტარნი არიან შენს ტანჯვათა გამო შეწუხებულნი, რადგან გაიხარებენ შენით, როცა შენს დიდებას მოესწრებიან, და სიხარულში იქნებიან უკუნისამდე! აკურთხოს სულმა ჩემმა ღმერთი, დიდი მეუფე,

17. რადგან საფირონითა და სმარაგდით აშენდება იერუსალიმი, და პატიოსანი ქვით - შენი კედელი, გოდოლები და ბურჯები წმიდა ოქროთი, ხოლო მოედნები იერუსალიმისა ბერილონით, ანთრაკით და სუფირული ქვით მოიკირწყლება.

18. გაისმება მის ყოველ კუთხეში ალელუია და იტყვიან ქება-დიდებით: კურთხეულია ღმერთი, რომელმაც აღგაზევა უკუნისამდე.