ძველი აღთქმა

ზაქარია წინასწარმეტყველი

თავი მეოთხე

1. მობრუნდა ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, და გამაღვიძა, როგორც ძილისგან აღვიძებენ კაცს.

2. მითხრა: რას ხედავ? ვუთხარ: ვხედავ, აჰა, მთლიანი ოქროს სასანთლეა, მის თავზე ჯამია და შვიდი ლამპარი, თითო ლამპარს შვიდ-შვიდი მილი აქვს ზემოთ.

3. ორი ზეთისხილის ხეა მის გვერდით, ერთი მისი ჯამის მარჯვნივ, მეორე - მარცხნივ.

4. ხმა გავიღე და ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა: რა არის ესენი, ჩემო ბატონო?

5. მომიგო ანგელოზმა, რომელიც მე მელაპარაკებოდა, და მითხრა: განა არ იცი, რა არის ესენი? ვუთხარი: არამეთქი, ჩემო ბატონო.

6. მომიგო და მითხრა: ეს არის უფლის სიტყვა ზერუბაბელის მიმართ ნათქვამი: არა ძალითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულითო, ამბობს ცაბაოთ უფალი.

7. რა ხარ შენ, დიდო მთაო? ზერუბაბელის წინაშე გასწორდები! გამოიტანს მთავარ ლოდს და შესძახებენ: მადლი, მადლი მას!

8. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

9. ზერუბაბელის ხელმა ჩაყარა ამ სახლის საფუძველი და მისივე ხელი დაასრულებს; და მიხვდებით, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა თქვენთან.

10. რადგან ვინც კნინად შერაცხა ეს დღე, გაიხარებს, როცა დაინახავს შვეულს ზერუბაბელის ხელში; უფლის შვიდი თვალია ესენი, მთელს ქვეყანას რომ ჭვრეტენ.

11. მივუგე და ვუთხარი მას: რა არის ეს ორი ზეთისხილის ხე სასანთლის მარჯვნივ და მარცხნივ?

12. მივუგე მეორედ და ვუთხარი მას: რა არის ეს ორი აკიდო ზეთისხილისა ორი ოქროს მილის გვერდით, საიდანაც ოქრო იღვრება?

13. მითხრა: არ იცი, რა არის ესენი? ვუთხარი: არამეთქი, ჩემო ბატონო.

14. მითხრა: ორნი ცხებულნი არიან ესენი, მთელი ქვეყნის უფლის წინაშე მდგარნი.