ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იოანეს გამოცხადება

თავი ოცდამეერთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მერე ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო, და ზღვა აღარ არის.

1

და ვიხილე ცაჲ ახალი და ქუეყანაჲ ახალი, რამეთუ პირველი იგი ცაჲ და პირველი ქუეყანაჲ წარჴდეს, და ზღუაჲ არღარა არს.

2 ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისაგან ჩამომავალი ზეცით, სასძლოსავით გამზადებული და სასიძოსთვის შემკული. 2 და ქალაქი იგი წმიდაჲ, იერუსალჱმი ახალი, ვიხილე გარდამომავალი ზეცით ღმრთისაგან, განმზადებული, ვითარცა სძალი შემკული ქმრისა მიმართ თჳსისა.
3 და მომესმა მგრგვინავი ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის, რომელიც დაემკვიდრება მათში, და თვით ღმერთი იქნება მათთან. 3 და მესმა ჴმაჲ დიდი ზეცით, რომელი იტყოდა: აჰა, სამკჳდრებელი ღმრთისაჲ კაცთა თანა, და დაიმკჳდროს მათ თანა, და იგინი იყვნენ ერ მისა, და იგი ღმერთი თავადი მკჳდრ იყოს მათ შორის.
4 შეაშრობს ღმერთი მათ თვალზე ცრემლს, და აღარ იქნება სიკვდილი: აღარც გლოვა, აღარც ტირილი და ტანჯვა იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი. 4 და აჴოცოს ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა, და სიკუდილი არღარა იყოს, არცა გლოვაჲ, არცა ღაღადებაჲ, არცა ტკივილი, რამეთუ პირველნი იგი წარჴდეს.
5 ხოლო ტახტზე მჯდომარემ თქვა: აჰა, ყველაფერს შევქმნი ახალს. მე კი მითხრა: დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტი. 5 თქუა მჯდომარემან მან საყდარსა ზედა: აჰა ესერა ყოველსავე ახალ-ვჰყოფ. და თქუა: დაწერე, ვითარმედ ესე სიტყუანი სარწმუნონი და ჭეშმარიტნი ღმრთისანი არიან.
6 კვლავ მითხრა მე: აღსრულდა. მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. და უსასყიდლოდ ვასმევ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროს. 6 და მრქუა მე: ვიქმენ მე ანი და ჵ, დასაბამი და დასასრული. მე წყურიელსა მივსცე წყაროჲსა მისგან წყლისა ცხოველისა უსასყიდლოდ.
7 მძლეველი დაიმკვიდრებს ამას, და მე ვიქნები მისი ღმერთი, ხოლო ის იქნება ჩემი ძე. 7 რომელმან სძლოს, მივსცე მას ესე ყოველი და ვიყო მისა ღმერთ, და იგი იყოს ჩემდა ძე.
8 მხდალთა და ურწმუნოთა, ბილწთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი კი ტბაშია, ცეცხლითა და გოგირდით მოგიზგიზეში. და ეს არის მეორე სიკვდილი. 8 ხოლო მოშიშთა და ურწმუნოთა და ცოდვილთა და საძაგელთა და კაცისმკლველთა და მეძავთა და მწამლველთა და კერპთმსახურთა და ყოველთა მტყუვართაჲ ნაწილი მათი იყოს ტბასა მას ცეცხლითა და წუნწუბითა მოტყინარესა, რომელ არს სიკუდილი იგი მეორე.
9 მაშინ მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგან, რომელთაც ჰქონდათ უკანასკნელი წყლულებით სავსე შვიდი თასი, და მითხრა: მოდი და გიჩვენებ ქალს, სასძლოს კრავისას. 9 და მოვიდა ერთი შჳდთა მათ ანგელოზთაგანი, რომელთა-იგი აქუნდეს შჳდნი იგი ლანკნანი, სავსენი წყლულებათა მათ მიერ უკუანაჲსკნელთა, და იტყოდა ჩემ თანა და მრქუა მე: მოვედ, და გიჩუენო შენ დედაკაცი იგი, სძალი კრავისაჲ.
10 ამიყვანა სულით დიდსა და მაღალ მთაზე, და მიჩვენა დიდი ქალაქი, წმიდა იერუსალიმი, ღვთისაგან რომ ჩამოდიოდა ზეცით, 10 და წარმიყვანა მე სულითა მთასა მაღალსა და დიდსა და მიჩუენა მე ქალაქი წმიდაჲ იერუსალჱმი, გარდამომავალი ზეცით ღმრთისაგან.
11 და ჰქონდა დიდება ღვთისა, ხოლო მისი მნათობი პატიოსან თვალსა ჰგავდა, ბროლივით გამჭვირვალე იასპის ქვას. 11 და აქუნდა დიდებაჲ ღმრთისაჲ. მნათობი მისი მსგავს იყო ქვასა პატიოსანსა, ვითარცა ქვასა იასპსა ბროლის-სახესა.
12 ვრცელი და მაღალი გალავნით შემოზღუდულს თორმეტი ბჭე ჰქონდა, ბჭეებზე - თორმეტი ანგელოზი, და ზედ ეწერა ისრაელის თორმეტი ტომის სახელი. 12 და აქუნდა ზღუდე დიდი და მაღალი და ბჭენი ათორმეტნი და სახელები წერილი, რომელ არს სახელები ძეთა ისრაჱლისათაჲ.
13 აღმოსავლეთით სამი ბჭე, ჩრდილოეთით სამი, სამხრეთით სამი, დასავლეთით სამი. 13 აღმოსავალით ბჭენი სამნი, და სამხრით სამნი და ჩრდილოჲთ სამნი, და დასავალით სამნი.
14 ქალაქის გალავანს თორმეტი საძირკველი ჰქონდა, და მათზე კრავის თორმეტი მოციქულის თორმეტი სახელი. 14 და ზღუდესა მას ქალაქისასა აქუნდეს ათორმეტნი საფუძველნი და მათ ზედა ათორმეტნი სახელნი ათორმეტთა მათ მოციქულთა კრავისათანი.
15

ჩემთან მოუბარს საზომად ოქროს ლერწამი ჰქონდა, რათა გაეზომა ქალაქი, მისი ბჭენი და გალავანი.

15 და რომელი-იგი იტყოდა ჩემ თანა, აქუნდა საზომი ლერწამი ოქროჲსაჲ, რაჲთამცა განზომა ქალაქი იგი და ბჭენი მისნი და ზღუდენი მისნი.
16 ხოლო ქალაქი ოთხკუთხედად ძევს, და მისი სიგრძე იგივეა, რაც სიგანე. გადაზომა ქალაქი ლერწმით თორმეტი ათას უტევანზე, და მისი სიგრძე, სიგანე და სიმაღლე ერთმანეთის ტოლნი აღმოჩნდნენ. 16 და ქალაქი იგი მოთხვითად არს; და სიგრძე მისი, ვითარცა სივრცე. და განზომა ქალაქი იგი ლერწმითა მით ათორმეტსა ათასსა უტევანსა. ათორმეტი სიგრძე და სივრცე და სიმაღლე მისი სწორ არიან.
17 გაზომა მისი გალავანი, და გამოვიდა ას ორმოცდაოთხი წყრთა, კაცის საზომით, ანუ იგივე საზომით ანგელოზისა. 17 და ზღუდე მისი ას ორმეოც და ოთხი წყრთაჲ საზომითა კაცისაჲთა, რომელ არს ანგელოზისაჲ.
18 თვით გალავანი იასპით იყო ნაგები, ქალაქი კი წმიდა მინის მსგავსი ბაჯაღლო ოქროთი. 18 და იყო მოსწორებაჲ ნაშენები ზღუდისა მისისაჲ იასპი, და ქალაქი იგი ოქროჲ წმიდაჲ, მსგავსი ჭიქასა წმიდასა.
19 ქალაქის გალავნის საძირკვლები ნაირგვარი ძვირფასი ქვით იყო შემკული: პირველი საძირკველი - იასპით, მეორე - საფირონით, მესამე - ქალკედონით, მეოთხე - ზურმუხტით, 19 და საფუძველნი ზღუდისანი ყოვლითა ქვითა პატიოსნითა შემკულნი. საფუძველი პირველი იასპი, მეორე საფირონი, მესამე ქალკიდონი, მეოთხე სამარაგდე,
20 მეხუთე - სარდონიკით, მეექვსე - სარდიონით, მეშვიდე - ქრისოლითით, მერვე - ბივრილით, მეცხრე - ტოპაზით, მეათე - ქრისოპრასით, მეთერთმეტე - იაკინთით, მეთორმეტე - ამეთვისტოთი. 20 მეხუთე სარდონიხოჲ, მეექუსე სარდიოჲ, მეშჳდე ოქრო-ქვაჲ, მერვე ბივრილი, მეცხრე ტოპაზი, მეათე ხრჳსოპასოჲ, მეთერთმეტე იაკინთი, მეთორმეტე ამეთჳსოჲ.
21 თორმეტი ბჭე თორმეტი მარგალიტი იყო, თვითეული ბჭე თითო მარგალიტია, ქალაქის მოედანი კი - ბაჯაღლო ოქრო, ჭვირვალე მინის მსგავსი. 21 და ათორმეტნი იგი ბჭენი იყვნეს ათორმეტნი მარგალიტნი. თითოეული ბჭე იყო ერთისა და ერთისა მარგალიტისაჲ. და უბანი ქალაქისაჲ მის - ოქროჲ წმიდაჲ და ჭიქაჲ ბრწყინვალე.
22 ტაძარი კი ვერ ვიხილე მასში, რადგანაც მისი ტაძარი ყოვლისმპყრობელი ღმერთია და კრავი. 22 და ტაძარი არა მიხილავს მას შორის, რამეთუ უფალი ღმერთი, ყოვლისა მპყრობელი, ტაძარ მისა არს, და კრავი იგი.
23 ქალაქს არც მზე სჭირდება მანათობლად და არც მთვარე, რადგანაც ღვთის დიდებამ გაანათა იგი, ხოლო მისი სანთელი არის კრავი. 23 და ქალაქსა მას არა უჴმს მზე, ანუ მთოვარე მნათობად, რამეთუ დიდებამან ღმრთისამან განანათლა იგი, და სანთელ მისა არს კრავი იგი.
24 ხალხები ივლიან მის ნათელში და მიწიერი მეფენი თავიანთ დიდებასა და პატივს შეიტანენ მასში. 24 და ვიდოდიან წარმართნი ნათლითა მისითა, და მეფეთა ქუეყანისათა დიდებაჲ და პატივი წარმართთაჲ მისა მიიღონ.
25 მისი ბჭენი არ დაიხშვიან დღისით, ღამე კი არასოდეს იქნება იქ. 25 და ბჭენი მისნი არა დაეჴშნენ დღისი, რამეთუ ღამე მუნ არა იყოს.
26 და მიიტანენ მასში ხალხთა დიდებასა და პატივს. 26 და მიიღონ დიდებაჲ და პატივი წარმართთაჲ მუნ, რაჲთამცა შევიდეს.
27 ვერ შევა მასში ვერავითარი უწმინდური, ვერცერთი ცრუ და ბილწი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც ჩაწერილია კრავის სიცოცხლის წიგნში. 27 და არა შევიდეს მუნ ყოველივე შეგინებული და მოქმედი ბოროტისაჲ და ტყუვილისაჲ, გარნა დაწერილნი იგი წიგნსა მას ცხორებისა კრავისასა.