ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი მეფეთა

თავი მეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ხელთ იგდეს ფილისტიმელებმა ღვთის კიდობანი და ებენ-ყეზერიდან აშდოდში წაიღეს.

1

და უცხოთესლთა წარიღეს კიდობანი იგი სჯულისა უფლისა, აბენეზერით აზოტად.

2 აიღეს ფილისტიმელებმა ღვთის კიდობანი და მიიტანეს დაგონის ტაძარში და გვერდით დაუყენეს დაგონს. 2 და შეიღეს სახლსა მას დაგონისასა, დადგეს იგი მახლობელად დაგონისასა.
3 ადგნენ მეორე დღეს დილით აშდოდელები და ხედავენ, უფლის კიდობნის წინ მიწაზე გდია დაგონი. აიღეს დაგონი და დააბრუნეს თავის ადგილას. 3 და აღიმსთვეს აზოტელთა მათ და შევიდეს დაგონისა და იხილეს დაგონი, რამეთუ დაცემულ იყო და პირდაქცევით ქუეყანასა ზედა წინაშე კიდობნისა მის უფლისა. და აღადგინეს დაგონი და დადგეს ადგილსავე თჳსსა.
4 ადგნენ მეორე დღეს დილით, და ხედავენ, პირქვე გდია დაგონი უფლის კიდობნის წინ; დაგონის თავი და ორთავე ხელის მტევანი, მოწყვეტილნი, ყრია ზღურბლთან, მხოლოდ ტანი აქვს შერჩენილი დაგონს. 4 და მერმე ხვალისგან იხილეს დაგონი დაცემული პირდაქცევით წინაშე კიდობნისა მის ღმრთისასა და თავი დაგონისი და ორნივე ჴელნი და ბრჭალნი მისნი მოვრდომილ იყუნეს, გარნა გუამი ხოლო მისი დაშთომილ იყო ზღურბლთა ზედა.
5 ამიტომაც ერიდებიან აშდოდში დაგონის ქურუმები და დაგონის ტაძრად მიმსვლელნი დაგონის ტაძრის ზღურბლის გადალახვას. 5 და ამისთჳს მღდელთა მათ დაგონისათა და ყოველმან შემავალმან სახლსა მას დაგონისასა აზოტს შინა არა დაადგნის ფერჴნი ზღურბლთა ზედა, არამედ ბიჯებით გარდააბიჯიან ვიდრე მოაქაჟამამდე.
6 დამძიმდა უფლის ხელი აშდოდელებზე; ანადგურებდა და გვემდა მათ ბუგრებით მთელს აშდოდს და მის სანახებს. 6 და დამძიმდა ჴელი უფლისა აზოტელთა ზედა და გვემნა იგინი სენითა საგურკველისათა. და განამრავლა მათ ზედა თაგვი და აღივსო სარწყულები მათი, ყანობირი და უბანნი მათნი თაგვითა და განმრავლდა სიკუდილი ქალაქთა ზედა მათთა.
7 ხედავდნენ ამას აშდოდელები და ამბობდნენ: არ უნდა დარჩეს ჩვენთან ისრაელის ღვთის კიდობანი, რადგან სასტიკია მისი ხელი ჩვენზე და დაგონზე, ჩვენს ღმერთზე. 7 და იხილეს რაჲ აზოტელთა მათ, რამეთუ ესე დღენი დაუდგეს, იტყოდეს ურთიერთას და თქუეს: არა ჯერ არს ჩუენ შორის ყოფნა კიდობნისა ამის ღმრთისა, რამეთუ განრისხნა ჩუენ ზედა და ღმერთსა ჩუენსა ზედა დაგონსა.
8 შეუთვალეს და შეკრიბეს თავისთან ფილისტიმელთა მთავრები, იკითხეს: რა ვუყოთ ისრაელის ღვთის კიდობანს? თქვეს: გათში გადაიტანეთ ისრაელის ღვთის კიდობანი. და გადაიტანეს გათში ისრაელის ღვთის კიდობანი. 8 და მოუწოდეს მთავართა მათ უცხოთესლთა აზოტელთა მათ და ჰრქუეს: რაჲმე ვყოთ კიდობანი იგი ღმრთისა მის ისრაჱლისა? მიუგეს გეთეელთა მათ და რქუეს: მოგუეცით ჩუენ! და წარიღეს კიდობანი იგი ღმრთისა გეთეელთა.
9 მას შემდეგ რაც მიიტანეს იგი, იყო უფლის ხელი ქალაქზე, შეიქნა დიდი ჩოჩქოლი: ჰგვემა უფალმა ქალაქის მკვიდრთ დიდიან-პატარიანად და გამოაჩნდათ ბუგრები. 9 და მისლვასა მას მათსა იყო ჴელი უფლისა ქალაქსა მას ზედა და შეძრწუნებაჲ დიდი ფრიად. და ტანჯნა კაცნი მის ქალაქისანი მცირითგან ვიდრე დიდადმდე და გვემნა იგინი საგურკუელითა მათითა. და იქმნეს გეთეელთა მათ საგურკველები ოქროსა.
10 გაგზავნეს ღვთის კიდობანი ასკალონს; როცა მივიდა ასკალონში ღვთის კიდობანი, აკივლდნენ ასკალონელები მოგვიტანეს ისრაელის ღვთის კიდობანი, რომ ამოგვხოცონ ჩვენცა და ჩვენი ხალხი! 10 და წარიღის კიდობანი იგი ღმრთისა ისრაჱლისა ასკალონდ, და ვითარცა მიიღეს კიდობანი იგი, ეტყოდეს ასკალონელნი იგი: რაჲსათჳს მოიღეთ კიდობანი ეგე აქავე მოსასრველად ჩუენდა და ერისა ჩუენისა?
11 შეუთვალეს და შეკრიბეს ფილისტიმელთა მთავრები, თქვეს: გაგზავნეთ ისრაელის ღვთის კიდობანი, დაბრუნდეს თავის ადგილზე, რომ არ ამოგვხოცოსო ჩვენ და ჩვენი ხალხი. რადგან შიშის ზარი იყო მთელს ქალაქში, მეტისმეტად დამძიმდა იქ უფლის ხელი. 11 და წარავლინეს და გამოჰკრიბეს ყოველი ჴრმლოსანი უცხოთესლთა მათ, რქუეს: წარიღეთ კიდობანი ეგე ღმრთისა ისრაჱლისა და მიიღეთ [თჳ]სისავე ადგილსა, რათა აღარა მოვისრნეთ ჩუენ და ერი ჩუენი, რამეთუ დაეცა შიში სიკუდილისა ქუეყანასა ჩუენსა, ვინათგან შემოვიდა კიდობანი ესე ღმრთისა ისრაჱლისა აქა.
12 ვინც სიკვდილს გადაურჩა, ბუგრები გამოაჩნდა ყველას. ცას მისწვდა ქალაქის ღაღადი. 12 რამეთუ ცოცხალნი და მკუდარნიცა ჩუენნი იგუემნესვე სენითა მით საგურკველისათა, და მიიწია სიტყუაჲ იგი ღაღადებისა ცადმდე.