ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი ნეშტთა

თავი მეთვრამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ამის შემდეგ იყო, რომ დაამარცხა დავითმა ფილისტიმელები, დაიმორჩილა ისინი და ხელიდან გამოგლიჯა ფილისტიმელებს გათი თავის ქალაქებიანად.

1

და იყო ამისა შემდგომად და მოსრნა დავით უცხოთესლნი და იოტნა იგინი და დაიპყრა გეთი და დაბნები მისი ჴელისაგან უცხოთესლთასა.

2 დაამარცხა მოაბიც. შეიქნა მოაბი დავითის მორჩილი და მოხარკე. 2 და მოსრა მოაბი, და იყუნეს მოაბელნი მონა დავითისი და მოართმიდეს ძღუენსა.
3 დაამარცხა დავითმა ჰადარყეზერი, ცობას მეფე ხამათში, როცა ის ევფრატზე ბატონობის განსამტკიცებლად მიდიოდა. 3 და მოსრა დავით ადრაზარისი, ერი მეფისა სუბასი, რიომელი არს ემათისა მი-რა-ვიდოდა იგი დადგმად ჴელისა ევფრატსა ზედა მდინარესა.
4 წაართვა მას დავითმა ათასი ეტლი, შვიდი ათასი ცხენოსანი და ოციათასი ქვეითი. ეტლის ცხენებს ძარღვები გადაუჭრა დავითმა, მხოლოდ ასი ეტლი დაიტოვა მათგან. 4 და პირველად დაიპყრა დავით ათასი ეტლები მათი და შჳდ ათასი ცხენები და შჳდ ათასი კაცი მკჳრცხლი. და დაჴსნა დავით ყოველი იგი ეტლები და დაუტევა მათგანი ასი ეტლი.
5 მოვიდნენ დამასკოს არამელები ცობას მეფის ჰადარყეზერის დასახმარებლად და მუსრი გაავლო დავითმა არამელთაგან ოცდაორიათას კაცს. 5 და მოვიდა ასური იგი დამასკელი შემწედ ადრაზარისა, მეფისა მის სუბასა, და მოსრა დავით ასურისა მის ოცდაორი ათასი კაცი.
6 დაადგინა დავითმა ხელისუფალნი დამასკოს არამში და შეიქნენ არამელები დავითის მორჩილნი და მოხარკენი. სადაც არ უნდა წასულიყო დავითი, ყველგან უფალი შეეწეოდა. 6 და მოადგა დავით ზღუდე ასურეთს დამასკეთ კერძო და დაიპყრა იგი. და იყუნეს დავითის მონა და მოართმიდეს ძღუენსა და ხარკსა. და აცხოვნებდა უფალი დავითს ყოველსა შინა, ვიდრეცა ვიდოდა.
7 აიღო დავითმა ოქროს ფარები, ჰადარყეზერის მსახურებს რომ ჰქონდათ, და იერუსალიმში მოიტანა. 7 და მოიღო დავით მანიაკები იგი ოქროსა, რომელნი იყუნეს მონათა ადრაზარისთა, და მოიღო იგი იერუსალიმად.
8 დიდძალი სპილენძი წამოიღო დავითმა ტიბხათიდან და ქუნიდან, ჰადარყეზერის ქალაქებიდან, რომლისგანაც შემდეგ სოლომონმა გააკეთა სპილენძის საბანელი, ბოძები და სპილენძის ჭურჭელი. 8 და მატეფაით და რჩეულთაგან ქალაქთა ადრაზარისათა მოიღო დავით რვალი ფრიად მრავალი. და მისგან ქმნა სოლომონ ზღუაჲ იგი რვალისა, და სვეტნი და ჭურჭელნი იგი რვალისა.
9 შეიტყო თოყიმ, ხათის მეფემ, რომ სძლია დავითმა ჰადარყეზერს, ცობას მეფეს. 9 და ესმა თოლაას, მეფესა ემათისასა, რამეთუ მოსრა დავით ყოველი ძალი ადრაზარისა, მეფისა მის სუბასი.
10

და გაგზავნა თავისი ძე ჰადორამი მეფე დავითთან მოსაკითხად და მისალოცად, რომ შეებრძოლა ჰადარყეზერს და სძლია მას, რადგან თოყის მოსისხლე იყო ჰადარყეზერი. თან გაატანა ოქრო-ვერცხლისა და სპილენძის ჭურჭელი.

10

და მოავლინა თოა ადურამ, ძე მისი, მეფისა დავითისა, მოკითხვად მისა მშჳდობით და კითხვად მისა ამისთჳს, რამეთუ ებრძოდა ადრაზარს და მოსრა იგი, რამეთუ კაცი მტერ იყო თოეს ადრაზარ, და ყოველი ჭურჭელი ვეცხლისა და ოქროსა მოუძღუანა მას.

11 მეფე დავითმა ესეც უფალს შესწირა იმ შეწირულ ოქრო-ვერცხლთან ერთად, დამორჩილებულ ხალხებს: ედომს, მოაბს, ყამონიანებს, ფილისტიმელთ და ყამალეკს რომ წაართვა. 11 და ესე განწმიდა დავით უფლისად ვეცხლისა მის თანა და ოქროსა, რომელი მოიღო ყოველთა მათგან ნათესავთა იდუმიათ და მოაბით, და ძეთაგან ამონისთა და უცხოთესლთაგან და ამალეკით.
12 აბეშაი ცერუიას ძემ თვრამეტი ათასი ედომელი ამოწყვიტა მარილოვან ველზე. 12 და აბესა, ძემან სარუიასმან, შემუსრა იდუმია ღელესა ალონისასა, ათურამეტი ათასი.
13 დააყენა ედომში ხელისუფალნი და შეიქნა მთელი ედომი დავითის მორჩილი. ყველგან, სადაც არ უნდა წასულიყო, უფალი შეეწეოდა დავითს. 13 და დადვა ღელესა მას სიმაგრე და იყუნეს ყოველნი ედომელნი მონად დავითისა. და აცხოვნებდა უფალი დავითს ყოველსა შინა, ვიდრეცა ვიდოდა.
14 მეფობდა დავითი მთელს ისრაელზე და წესსა და სამართალს აძლევდა თავის ერს. 14 და მეფობდა დავით ყოველსა ზედა ისრაჱლსა და იქმოდა მსჯავრსა და სიმართლესა ყოვლისა მიმართ ერისა მისისა.
15 იოაბ ცერუიას ძე ჯარს სარდლობდა; ხოლო იოშაფატ ახილუდის ძე მემატიანე იყო. 15 და იოაბ, ძე სარუასი, იყო ერსა ზედა და იოსაფატ, ძე აქილუდისი, მოსახსენებელთმწერალ.
16 ცადოკ ახიტუბის ძე და აბიმელექ აბიათარის ძე მღვდლები იყვნენ, ხოლო სერაია მწერალი იყო. 16 და სადუკ, ძე აქიტობისი, და აბიმელიქ, ძე აბიათარისი, მღდელნი და სუსა მწიგნობარი.
17 ბენიაჰუ იეჰოდაყის ძე ქერეთელებსა და ფერეთელებს გამგებლობდა, ხოლო დავითის ძენი პირველნი იყვნენ მეფის გვერდით. 17 და ბანეა, ძე იუდაესი, ქერეთსა ზედა და ფელეთსა. და ძენი დავითისნი პირველნი მსახურნი მეფისა.