ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე რჯული

თავი ოცდამეექვსე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

როცა მიხვალ ქვეყანაში, რომელსაც წილად გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, და დაიმკვიდრებ მას და დაიწყებ იქ ცხოვრებას,

1

და იყოს, რაჟამს შეხჳდე შენ ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ ნაწილად დამკჳდრებად და შენებად მას ზედა.

2 აიღე მიწის ყოველი პირველმოწეული ნაყოფი, რომელსაც მოისთვლი ქვეყანაში, უფალი, შენი ღმერთი, რომ გაძლევს, ჩააწყვე კალათაში და წადი იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი, შენი ღმერთი, თავისი სახელის დასავანებლად. 2 მოიღო შენ პირველი იგი ნაწილი ნაყოფთა მათ მის ქუეყანისთაჲ, რაჲცა იყოს და შთაასხ იგი კოლოფსა და მიხვიდე ადგილსა მას, რომელ-იგი გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან წოდებად სახელი მისი მას ზედა.
3 მიდი მღვდელთან, რომელიც იმჟამად იქნება, და უთხარი: ვაცხადებ დღეს უფლის, შენი ღმერთის წინაშე, რომ შემოვედი იმ ქვეყანაში, რომელიც ჩვენთვის მოსაცემად აღუთქვა უფალმა ჩვენს მამა-პაპას. 3 და მიხვიდე შენ მღდლისა მის, რომელი-იგი იყოს მათ ჟამთა და ჰრქუა მას: ვჰმადლობ მე დღესდღე უფალსა ღმერთსა ჩემსა, რამეთუ შევედ მე ქვეყანასა მას, რომელ-იგი ეფუცა უფალი ღმერთი მამათა მათ ჩუენთა მოცემად ჩუენდა.
4 ხელიდან გამოგართმევს მღვდელი კალათს და დადებს უფლის, შენი ღმერთის სამსხვერპლოს წინ. 4 და მოიღოს მღდელმან კოლოფი იგი ჴელთაგან შენთა და დადგას წინაშე საკურთხეველსა მის უფლისა ღმრთისა შენისა.
5 ილაპარაკე და თქვი უფლის, შენი ღმერთის წინაშე: მოხეტიალე არამელი იყო ჩემი მამა, ჩავიდა ეგვიპტეში და მდგმურობდა იქ მცირერიცხოვანი ხალხითურთ და წარმოიშვა მისგან დიდი, ძლიერი და მრავალრიცხოეანი ერი. 5 სიტყუად იწყო შენ წინაშე უფლისა შენისა და ჰრქუა: ასურეთი დაუტევა მამამან ჩუენმან და შთავიდა ეგჳპტედ დამკჳდრებად მუნ მცირედ ჟამ და შეიქმნა იგი ნათესავად დიდად და მრავლად ფრიად.
6 ცუდად გვექცეოდნენ ეგვიპტელები, გვჩაგრავდნენ და მძიმე სამუშაოს გვაკისრებდნენ. 6 და გუაჭირებდეს ჩუენ დიდად ფრიად და დაგვიდგეს ჩუენ საქმე ფიცხელი და ბოროტი.
7 შევღაღადეთ უფალს, ჩვენს ღმერთს, და ისმინა უფალმა ჩვენი ხმა, დაინახა უფალმა ჩვენი ჩაგვრა და ჩვენი ტანჯვა-წამება. 7 და ვღაღადებდით ჩუენ უფლისა მიმართ ღმრთისა მამათა ჩუენთაჲსა და შეესმა უფალსა ჴმისა ჩუენისაჲ და მოგუხედნა დამდაბლებასა ჩუენსა და ურვასა და ჭირსა ჩვენსა.
8 და გამოგვიყვანა უფალმა ეგვიპტიდან მაგარი ხელით და შემართული მკლავით, დიდი ზარით, სასწაულებითა და ნიშებით. 8 და გამომიყვანნა ჩუენ ეგჳპტით ძალითა მრავლითა, ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა, სასწაულებითა და ნიშებითა მრავლითა.
9 მოგვიყვანა ამ ადგილას და მოგვცა ეს ქვეყანა, ზეთითა და თაფლით მდინარი ქვეყანა. 9 და შემომიყვანნა ჩუენ ადგილსა ამას და მომცა ჩუენ ქუეყანაჲ ესე, რომელსა გამოსდის სძე და თაფლი.
10 ახლა კი, აჰა, მომიტანია პირველმოწეული ნაყოფი ამ მიწისა, რომელიც მომცა უფალმა. დადევი იგი უფლის, შენი ღმერთის წინაშე და თაყვანი ეცი უფალს, შენს ღმერთს. 10 აწ ესერა, მე მოვედ და მოვიღე პირველი ნაყოფი ქუეყანისაჲ ამის, რომელი მომცა მე უფალმან ქუეყანაჲ, რომელსა გამოსდის სძე და თაფლი და თაყუანი-სცე შენ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.
11

გაიხარე ლევიანთან და შენს მდგმურთან ერთად ყოველი სიკეთით, რაც კი უფალს, შენს ღმერთს, მოუცია შენთვის და შენი სახლისათვის.

11

და იხარებდე შენ ყოვლითა მით კეთილითა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ, შენ და სახლი შენი და ლევიტელი იგი და მწირი იგი, რომელ დამკჳდრებულ იყო შენ თანა.

12 როცა მესამე წელს, მეათედის წილს გადასდებ მთელი შენი შემოსავლის მეათედს და მისცემ ლევიანს, მდგმურსა და ქვრივ-ობლებს, რომ ჭამონ შენს კარზე და გაძღენ, 12 უკეთუ გამოასრულო გამოცემად ყოველი იგი ათეული ნაყოფისა მის ქუეყანისა შენისაჲ წელსა მას მესამესა, მეორე ნაწილი ათეულისაჲ მის მისცე ლევიტელსა მას და მწირსა მას, და ობოლსა მას და ქურივსა მას, ჭამენ ქალაქსა მას შინა შენსა და განძღებოდიან.
13 თქვი უფლის, შენი ღმერთის წინაშე: მოვაცილე სახლს წმიდა წილი და მივეცი კიდეც ლევიანს, მდგმურს და ქვრივ-ობლებს შენი ანდერძის თანახმად, როგორც დამარიგე. არ გადავსულვარ შენს მცნებას და არც დამვიეყნია. 13 და სთქუა შენ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა: განვწმიდე მე სახლისა ჩემისაგან ყოველნი იგი მსხუერპლნი და მივეც იგინი ლევიტელსა მას და მწირსა მას და მსხემსა მას ობოლსა მას და ქურივსა და ყოველნი იგი მცნებანი შენნი, რომელ მამცნენ მე, დავიმარხენ და არა დავივიწყენ იგი მცნებანი შენნი.
14 პირი არ მიმიკარებია მისთვის გაჭირვების დროს, არც გაუწმიდურებულისგან გამომირჩევია და არც მკვდრის საჭიროებისათვის მიმიცია. უფლის, ჩემი ღმერთის ხმას ვემორჩილებოდი, ყველაფერს ისე ვაკეთებდი, როგორც ნაბრძანები გქონდა ჩემთვის. 14 და არა ვჭამე მისგანი ნაკლულევანებითა ამით ჩემითა და არცა განვაბნიე მისგანი ბილწებითა, და არცა წარ-რაჲ-ვაგე მისგანი მკუდართა მიმართ, არამედ ვისმინე ჴმაჲ უფლისა ღმრთისა ჩემისაჲ და ვყვენ ყოველნი იგი მცნებანი მისნი.
15 გადმოიხედე შენი სიწმიდის სამყოფელიდან, ციდან და აკურთხე შენი ერი ისრაელი და მიწა, რომელიც ჩვენთვის მოგიცია ჩვენს მამა-პაპასთან დადებული ფიცის თანახმად, ქვეყანა, ზეთითა და თაფლით მდინარი. 15 აწ გარდამოიხილე შენ ზეცით სამკჳდრებლით შენით და აკურთხე ერი ესე შენი ისრაჱლი და ქუეყანაჲ ესე, რომელი მოეც ამათ, ვითარ-იგი ეფუცა მამათა მათ ჩვენთა მოცემად ჩუენდა ქუეყანაჲ იგი, რომელი გამოადინებს სძესა და თაფლსა.
16 ამ დღეს გიბრძანებს უფალი, შენი ღმერთი, ამ წესებისა და სამართლის აღსრულებას: დაიცავი და შეასრულე ისინი მთელი შენი გულითა და მთელი შენი სულით. 16 ამას დღესა შინა გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან დამარხვად და ყოფად ყოველთა მათ სამართალთა და მშჯავრთა ყოვლითა გულითა თქუენითა და ყოვლითა გონებითა თქუენითა.
17 უფლისა ირწმუნე დღეს, რომ შენი ღმერთია იგი, რომ ივლი მის გზაზე, დაიცავ მის წესებს, ანდერძებს და სამართალს, გაიგონებ მის სიტყვას. 17 გამოირჩიე შენ უფალი ღმერთი შენი ყოფად შენდა ღმრთად და ვიდოდე ყოველთა გზათა მისთა და დაიმარხენ ყოველნი სიმართლენი და მშჯავრი მისნი.
18 უფალმა გაღიარა დღეს თავის რჩეულ ერად, როგორც უთქვამს შენთვის, რომ იცავდე მის მცნებებს, 18 მორჩილ იყავ და ისმინე ჴმისა მისისაჲ, რამეთუ გამოგირჩია შენ დღეს უფალმან, რათა იყო შენ მისა ერად საზეპუროდ და იმარხვიდე შენ ყოველთა მცნებათა მისთა.
19 რომ აგამაღლოს თავის გაჩენილ ყველა ხალხზე დიდებით, სახელითა და პატივით, რომ ჰყავდე წმიდა ერად უფალს, შენი მამა-პაპის ღმერთს. 19 და იყო შენ ზეშთა ყოველთავე ნათესავთა, ვითარცა გყო შენ სახელოვან და დიდებულ, რათა იყო შენ ერად წმიდად უფლისა ღრთისა შენისა ვითარცა გეტყოდა შენ.