ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე რჯული

თავი ოცდამეცხრე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

აი, სიტყვები აღთქმისა, რომელიც გამოუცხადა უფალმა მოსეს ისრაელიანებთან დასადებად მოაბის ქვეყანაში, გარდა იმ აღთქმისა, რომელიც დაუდო მათ ხორებში.

1

ესე სიტყუანი არიან შჯულისანი, რომელ ამცნო უფალმან ღმერთმან მოსეს დადებად წინაშე ძეთა მათ ისრაჱლისათა ქუეყანასა მას მოაბისასა გარეშე შჯულსა მას, რომელი ამცნო უფალმან მოსეს მთასა მას ქორებს.

2 მოუხმო მოსემ მთელს ისრაელს და უთხრა: ყველაფერი ნახეთ, რაც დამართა უფალმა თქვენს თვალწინ ეგვიპტის ქვეყანაში ფარაონს, მის მორჩილთ და მთელს მის ქვეყანას - 2 და მოუწოდა მოსე ძეთა მათ ისრაჱლისათა და ჰრქუა მათ: თუალთა თქუენთა იხილეს, რაჲ-იგი უყო უფალმან ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა, ფარაოს და ყოველსა მას ერსა მისსა და ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა.
3 დიდი განსაცდელები, რომლებიც იხილეს შენმა თვალებმა, ის დიდი ნიშნები და სასწაულები. 3 განსაცდელი იგი დიდ-დიდი, რომელ იხილეს თუალთა თქუენთა, სასწაულები დიდ-დიდები და საკჳრველი, ჴელი იგი მტკიცე და მკლავი მაღალი.
4 მაგრამ დღემდე არ მოუცია უფალს თქვენთვის გული მისახვედრად, თვალები სახილველად და ყურები სასმენელად. 4 და არა მოგცა თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან გული მეცნიერი და თუალნი მხილველნი და ყურნი მსმენელნი.
5 ორმოცი წელი გატარებდით უდაბნოში, არ გაგცვეთიათ ტანზე სამოსელი, არ გაგცვეთიათ ფეხზე ხამლები. 5 და მოჰყვანდით თქუენ ორმეოც წელ უდაბნოსა, სამოსელი თქუენი არა დაძუელდეს და ჴამლნი თქუენნი არა განკაფდეს ფერჴთაგან თქუენთა.
6 პური არ გიჭამიათ, ღვინო და სასმელი არ გისვამთ, რათა გცოდნოდათ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. 6 პური არა შჭამოთ, ღჳნოჲ და სასუმელი არა სუათ რათა გულისხმა ჰყოთ, რამეთუ იგი არს უფალი ღმერთი თქუენი.  
7 მოხვედით ამ ადგილას და გამოვიდნენ თქვენს წინააღმდეგ საბრძოლველად სიხონი, ხეშბონის მეფე, და ყოგი, ბაშანის მეფე, და ჩვენ ვძლიეთ მათ. 7 ვიდრე მოსლვად მოწევნადმდე ადგილსა მას. და გამოგიჴდა თქუენ სეონ, მეფე იგი ესებონელთაჲ, და ოგ, მეფე იგი ბასანისაჲ, შემთხუევად წყობად თქუენდა, და მოვსრენ იგინი.
8 დავიჭირეთ მათი ქვეყანა და მივეცით წილად რეუბენს, გადს და მენაშეანთა ნახევარ შტოს. 8 და მივეც ქუეყანაჲ იგი მათი ნაწილად რუბენს და გადს და კერძოსა მას ნათესავსა მანასესა.
9 დაიცავით ამ აღთქმის სიტყვები და შეასრულეთ, რომ ხელი მოგემართოთ ყველაფერში, რასაც გააკეთებთ. 9 ეკრძალენით თქუენ ყოველთა ამათ მცნებათა შჯულისათა და ყოფად მათა, რათა გულისხმა-ჰყოთ ყოველი, რაჲცა-იგი გიფლიეს აწ, ეგერა, წარმოდგომილ ხართ
10 ყველანი დგახართ დღეს უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე - შტოთა თავკაცები, უხუცესები და რჯულისკაცები, მთელი ისრაელობა. 10 თქუენ, დასდგათ წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა ერისთავნი ეგე ნათესავთა თქუენთანი და მოხუცებულნი ეგე თქუენნი და მსაჯულები ეგე თქვენი და შჯულისმწიგნობარნი ეგე წინამძღუარნი თქუენნი, და ყოველი ეგე კაცი ისრაჱლისაჲ,
11

დედაწულითურთ, და შენს ბანაკში მყოფი მდგმურითურთ, შეშის მჩეხავიდან წყლის მზიდავამდე,

11

ცოლები თქუენი და შვილნი თქუენნი და მწირნი თქუენნი, რომელ-ეგე არიან ბანაკსა თქუენსა, შეშისმკაფელთაგან მიწყლისმვსებელადმე.

12 რათა შემოხვიდე უფლის, შენი ღმერთის აღთქმაში და მის ფიცში, რომელსაც გიდებს დღეს უფალი, შენი ღმერთი. 12 ნუცა ვინ გარდავალს მცნებათა ამათ შჯულისა უფლისა ღმრთისა თქვენისათა, რომელ-ესე გამცნო შენ დღესდღე.
13 რათა თავის ერად გაგხადოს დღეს და თავად შენი ღმერთი გახდეს, როგორც უთქვამს შენთვის და როგორც აღუთქვა შენს მამა-პაპას - აბრაამს, ისაკს და იაკობს. 13 თჳსა ერად. და იგი იყოს შენდა ღმერთ, ვითარცა-იგი გეტყოდა შენ და ვითარცა-იგი ეფუცა მამათა მათ შენთა: აბრაჰამსა, ისაკსა და იაკობსა.
14 არა მხოლოდ თქვენთან ვდებ ამ აღთქმას და ამ ფიცს, 14 და არა თუ თქუენ ხოლო დაგიდებ მცნებასა ამას შჯულისასა და წყევასა ამას,
15 არამედ იმათთანაც, ვინც ჩვენთან ერთად დგანან დღეს უფლის, ჩვენი ღმერთის წინაშე, და იმათთანაც, ვინც დღეს არ არიან ჩვენთან. 15 არამედ ყოველთავე, რომელ-ესე დღეს თქუენ შორის არიან წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა და მათცა, რომელ-იგი არ თქუენ შორის არიან დღეს.
16 რადგან თქვენ იცით, როგორ ვცხოვრობდით ეგვიპტის ქვეყანაში და როგორ გავაღწიეთ იმ ხალხებში, რომელთა შორის თქვენ გაიარეთ. 16 რამეთუ თქუენ თჳთ უწყით, ვითარ-იგი დამკჳდრებულ იყვენით ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა და ვითარ-იგი გამოვედით ჩვენ შორის წარმართთა, რამეთუ გამოსლვასა მას თქუენსა,
17 გიხილავთ მათი სისაძაგლეები, ხისა და ქვის, ვერცხლისა და ოქროს კერპები, რომლებიც მათ აქვთ. 17 იხილეთ თქუენ ყოველივე იგი სამსახურებელი ბილწებისა მათისაჲ, კერპნი იგი ძელისანი და ქვისანი, ვეცხლისა და ოქროჲსანი რომელ იყვნეს მათ თანა.
18 ნუ იქნება თქვენში კაცი ან ქალი, საგვარეულო ან შტო, რომელსაც გული აქვს აყრილი დღეს უფალზე, ჩვენს ღმერთზე, რათა ემსახუროს იმ ხალხების ღმერთებს. ნუ იქნება თქვენს შორის ფესვი, შხამიანი ნაყოფის გამომღები. 18 ნუუკუე იყოს ვინმე თქუენგან მამაკაცი, გინა თუ დედაკაცი ნათესავთა შორის, ანუ თუ ტომთა, რომლისა გონებაჲ დრეკილ იყოს უფლისაგან ღმრთისა თქუენისა და შეუდგეს მსახურებასა კერპთა წარმართთასა.
19 როცა მოისმენს ამ ფიცის სიტყვებს, დაიკვეხნის გულში: მშვიდობით ვიქნები, თუმცა ჩემს ნებაზე დავდივარო. რათა დარწყულებული მწყურვალთან ერთად დაიღუპოს. 19 ნუუკუე იყოს ვინმე თქუენ შორის, რომლისა თანა აღმოცენებულ იყოს ძირი ნავღლისა და სიმწარისაჲ. და იყოს, ისმინნე თუ სიტყუანი წყევისანი ამის, დაიდვას გულსა შინა და რქუას: ესე უმჯობეს არს ჩემდა, საცთურსა თუ გულსა ჩემისასა მისდევდე მე და წარწყმდეს უცოდველი იგი ცოდვილისა თანა.
20 არ ისურვებს უფალი მის პატიებას, რადგან მაშინ აღიგზნება უფლის რისხვა და შური იმ კაცზე, დაიბუდებს მასში მთელი ეს წყევლა, ამ წიგნში ჩაწერილი, და წაშლის მის სახსენებელს უფალი ცისქვეშეთიდან. 20 და არღა უნდეს ღმერთსა შენდობად მისა, აღატყდეს, ვითარცა ცეცხლი, რისხვაჲ იგი უფლისაჲ და შური იგი კაცისა მის ზედა. და ეწინეს მას წყევანი იგი ამათ მცნებათანი, რომელნი-იგი წერილ არიან წიგნსა ამას შჯულისასა. და აღჴოცოს უფალმან ღმერთმან სახელი მისი ქუეყანისა მისგან.
21

განკვეთს მას უფალი საბოროტოდ ისრაელის ყველა შტოდან ამ რჯულის წიგნში ჩაწერილი აღთქმის ფიცის თანახმად.

21

და დაჰკრიბოს უფალმან ღმერთმან ყოველი იგი წყევაჲ ძეთა მათ ზედა ისრაჱლისაათა მსგავსად ყოვლისა მის წყევისა, რომელი-იგი წერილ არს წიგნსა მას შჯულისასა.

22 იტყვის მომავალი თაობა - თქვენი შვილები, რომლებიც თქვენს შემდეგ გაჩნდებიან, და უცხოელი, რომელიც მოვა შორი ქვეყნიდან და დაინახავს ამ ქვეყნის წყლულებს და მის სნეულებებს, რითაც გასენა იგი უფალმა: 22 და თქუენ ნათესავთა მათ სხუათა ნაშობთა მათ თქუენთა, რომელნი აღდგენ შემდგომად თქუენსა და უცხონი იგი, რომელ მოსრულ იყვნენ თქუენდა, რაჟამს იხილნენ გუემანი იგი და სალმობანი სნეულებისანი, რომელნი მოავლინნეს მათ ზედა უფალმან.
23 გოგირდი და მარილი! გადაბუგულია მთელი მიწა, არ ითესება და არც არაფერი იზრდება, არა ბალახი არ ამოდის! დაიქცა როგორც სოდომი და გომორი, ადმა და ცებოიმი, რომლებიც დააქცია უფალმა თავისი რისხვითა და წყრომით. 23 და იყოს ქუეყანაჲ იგი მათი, ვითარცა წუნწუბაჲ და ნამწუარები ცეცხლისაჲ. ნუ იპოებინ ქუეყანასა მათსა თესლი თესვისაჲ, ნუცა საძოვარი ჴარისაჲ, და არცა აღმოსცენდეს მათ ზედა მწუანვილი თივისა და არცა აღმოჴდეს, არამედ ვითარცა დაიქცა სოდომაჲ და გომორაჲ, ადამაჲ და სებეიმი, რომელ-იგი დააქცია უფალმან ღმერთმან რისხვითა მით გულისწყრომითა რისხვისა მისისაჲთა.
24 იტყვის ყველა ხალხი: რისთვის მოექცა უფალი ასე ამ მიწას? რის გამო იყო ეს დიდი რისხვა? 24 და თქუან ყოველთა ნათესავთა: რაჲსამე ესრე შექმნა უფალმან ღმერთმან ქუეყანაჲ ესე, ანუ რაჲმე არს რისხვაჲ ესე დიდი გულისწყრომისა მისისაჲ, რომელ-ესე ყო მათ ზედა?
25 იტყვიან: იმის გამო, რომ დააგდეს უფლის, თავიანთი მამა-პაპის ღმერთის აღთქმა, რომელიც დაუდო მათ, როცა ეგვიპტიდან გამოჰყავდა ისინი. 25 და თქუან: ამის გამო, რამეთუ დაუტევეს მცნებაჲ იგი შჯულისა უფლისა ღმრთისა მამათა მათთაჲსა, რაჟამს გამოჰყვანდეს იგინი ქუეყანით ეგჳპტით.
26 წავიდნენ და ემსახურნენ უცხო ღმერთებს და თაყვანისცეს მათ ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ და რომლებიც არ ურგუნებია მათთვის უფალს. 26 და მივიდეს და ჰმსახურებდეს კერპთა, რომელ-იგი არა იცოდეს მამათა მათთა.
27 აღიგზნო უფლის რისხვა ამ ქვეყნის მიმართ, რომ მოეწია მასზე მთელი წყევლა, ამ წიგნში ჩაწერილი. 27 და განრისხნა უფალი გულისწყრომით მათ ზედა და ქუეყანასა მათსა ზედა და მოავლინა მათ ზედა მსგავსად წყევისა მის, რომელ წერილ არს წიგნსა მას შჯულისისა.
28 მოისროლა ისინი უფალმა თავიანთი მიწიდან რისხვით, ბრაზით და დიდი წყრომით და გადააგდო სხვა ქვეყანაში, სადაც დღეს არიან. 28 და აღჴოცნა იგინი უფალმან ღმერთმან ქუეყანისა მისგან მათისა რისხვითა მით გულისწყრომისა მისისაჲთა, რამეთუ განრისხნა მათ ზედა ფრიად და განჴადნა იგინი ქუეყანად უცხოდ მოაქაჟამადმდე.
29 დაფარული - უფალს, ჩვენს ღმერთს, გაცხადებული კი - ჩვენ და ჩვენს შვილებს უკუნისამდე, რომ შესრულდეს ამ რჯულის ყოველი სიტყვა. 29 რომელ-რაჲ დაფარული არს უფლისა ღმრთისა ჩვენისა, ხოლო განცხადებული იგი თქუენ და შვილთა თქუენთა უკუნისამდე ჟამთა ყოფად ყოველთა ამათ სიტყუათა ამის შჯულისათა.